როგორც კი აშკარა გახდება, რომ „ქართული ოცნების“ გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში და პირველი გავალ მე, რომ ამაზე პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც ხელისუფლებას სურს მიიღოს, ევრორეკომენდაციების შესრულებას არ ემსახურება.
„უკრაინაში ეს კანონი მიიღო თავისუფლებისთვის მებრძოლმა ზელენსკიმ და საქართველოში ოლიგარქია გვაქვს ხელისუფლებაში. მთავრობის წევრებს მარიონეტებს ეძახიან, რადგან რეალური ძალაუფლება აქვს ივანიშვილს, ღარიბაშვილი და კობახიძე კი დარჩნენ მის თანაშემწედ და ხელის ბიჭად. ახლა საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ როგორც კი უკრაინა მიაღწევს წარმატებას და ფაქტია აღწევს, დაიწყება უკრაინის დეოკუპაცია, საქართველო რას მიიღებს ამ პროცესებისგან? "ქართული ოცნების" გამო არაფერს, გარდა იმისა, რომ პარლამენტის წევრი, ჩემი კოლეგა დუგლაძე გაიტანს უფრო მეტ არაყს რუსეთში, ბიძინა ივანიშვილის ძმა გაიტანს უფრო მეტ ნივთს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.