„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 22 ნოემბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი უნდა მოამზადოს.
მისი თქმით, ჯგუფს საკმაოდ რთული სამუშაო ექნება, რათა შექმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.
„ჯგუფი იმ ადამიანებისგან ჩამოყალიბდა, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციას იჭერენ. თავმჯდომარის არჩევის წესის მომზადების შემდეგ, იმსჯელებს პოლიტსაბჭო, რის შემდეგაც დაიწყება კანდიდატების კამპანია.
მოგეხსენებათ, დასახელებულია ნიკა მელია და კიდევ კანდიდატები, რომლებსაც აქვთ სურვილი, დაიკავონ ეს ადგილი. ველოდებით, შესაძლოა, სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება სწარაფად მოხდეს არჩევნები, ოღონდ არა ნაჩქარევად.
უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ არ უნდა იყოს ეს გაუაზრებელი და არ უნდა დარჩეს ისეთი კითხვები, რომელიც თავმჯდომარის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვას გააჩენს“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.