ქართველი ბიზნესმენი ქვეყნის დატოვებაზე ალაპარაკდა

ქართველი ბიზნესმენი ქვეყნის დატოვებაზე ალაპარაკდა

ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ ბიზნესი ყოველგვარი ჩარევისგან განთავისუფლდებოდა, რომ ბიზნესმენს თავისუფალ გარემოში შეეძლო ეკეთებინა ბიზნესი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს განცხადება განცხადებად დარჩა. ბიზნესმენს, შპს „გეოგრასის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ლევან ცხოვრებაშვილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ციხეში გამოკეტეს და ბიზნესი წაართვეს, დღესაც იგივე ადამიანები ავიწროვებენ. ის პირველი ბიზნესმენია, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხმამაღლა აცხადებს, რომ ბიზნესის შეწუხება ისევ გრძელდება და ამიტომ იძულებული ხდება ქვეყანა დატოვოს.

ვინ და რა ფორმით ავიწროვებს მას, ამის შესახებ ლევან ცხოვრებაშვილი for.ge-სთან საუბრობს.

- შპს „გეოგრასში“ 50%-ანი წილის მფლობელი ვიყავი, რომელიც სპორტული არენების მშენებლობას აწარმოებდა. ეს კომპანია 2005 წელს დავაფუძნე თურქ მოქალაქეებთან ერთად. 12,5 პროცენტის მფლობელი იყო ქალბატონი გულნარა ლასულუ, ის გახლავთ აზერბაიჯანის და თურქეთის მოქალაქე, ამ ეტაპზე საქართველოში ცხოვრობს. ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო თურქეთის მოქალაქე ომარ შენიუზი, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ გულნარა ლასულუს საქმეში ჩართვის შემდეგ ყველაფერი აირია.

გულნარა ლასულუ რა ფორმით ჩაერია?

- ის თავიდან თარჯიმანი გახლდათ. შემდეგ ისე მოხდა, რომ როდესაც ჩვენი ბიზნესის გადანაწილება ხდებოდა, თურქმა პარტნიორება 12,5 პროცენტი მას აჩუქეს, რაც შემდეგ 50% გახდა. როგორ გადაიფორმა მართვის უფლებით მათთგან ეს ბიზნესი არ ვიცი. როდესაც ჩვენს შორის ვითარება დაიძაბა, მაშინ გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ მინდობილობით ჰქონდა აღებული 50%. თურქ პარტნიორებს ავუხსენი, რომ სხვა თარჯიმანს ავიყვან-თქო, მაგრამ მითხრეს, რომ ამას ელაპარაკეო. მე რა ვიცოდი, რომ ამ ქალბატონს სულ სხვა მიზნები ამოძრავებდა.

რითი ასკვნით ამას?

- დაახლოებით 25-ჯერ მიჩივლა სხვადასხვა ინსტანციებში. მიზეზი იყო ჩემი თითქოსდა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება კომპანიის მიმართ.

რაში გამოიხატებოდა ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება?

- მივლინებაში მიდის ძალიან ხშირადო. სასამართლოზე განაცხადა, რომ „პარლამენტ ლაითს“ ეწევა და „ნიკალაში“ სადილობს თანამშრომლებთან ერთადო. ეს მაშინ, როდესაც ერთ წელიწადში კომპანიის ბრუნვამ, დაახლოებით, მილიონ ნახევარი შეადგინა. სწორი მართვით ბრენდი გავაკეთეთ. ერთი წლის შემდეგ კი გავედი ამ კომპანიიდან, რადგან შეუძლებელი იყო მათთან ერთად მუშაობა.  ისეთი უაზრო სარჩელი შეადგინეს, სამოქალაქო სასამართლომ არ დაუკმაყოფილა სარჩელი, მაგრამ ფინანსური პოლიციისთვის ნებისმიერი სარჩელი მისაღები იყო, მაშინვე მირბოდნენ ოღონდ ვინმე გაეწეწათ. შემოვიდნენ, დამაკისრეს 56 ათასი ლარის გადახდა, რაც გადავიხადე.

რის საფუძველზე დაგეკისრათ 56 ათასი ლარის გადახდა, რას გედავებოდნენ?

- თითქოსდა გადასახადებს თავს ვარიდებდი. ჩემი კერძო კომპანია მქონდა და ამ საერთო კომპანიიდან ვახდენდი თანხების აკუმლირებას და იქით ვრიცხავდი. ვერაფერი ვერ დაამტკიცეს, მაგრამ მაინც დამაჯარიმეს და დამაკისრეს გადასახადი. რამდენიმე თვის შემდეგ, ანალოგიური განცხადების საფუძველზე, ლასულუმ ისევ შემოაგზავნა ფინასური პოლიცია და ისევ, 130 ათას ლარის გადახდა დამაკისრეს. მივწერე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ მინისტრს, ასეთი რაღაცა ხდება და იქნებ კონტროლზე აიყვანოთ ჩემი საქმე, არ შეიძლება სისტემატიურად პრესში ვიყო, რომ სულ ვიხადო უაზრო გადასახადები-თქო.

რა რეაგირება მოჰყვა თქვენს განცხადებას?

- აბსოლუტურად არაფერი.

როდესაც ფინანსური პოლიცია, ხელმეორედ, იდენტური განცხადების საფუძველზე შემოვიდა და გადასახადი დაგაკისრათ, გადაიხადეთ ეს თანხა?

- როგორც ჩანს, იქაც ყოფილან კარგი და ცუდი გამომძიებლები. ამათ სამჯერ მეტი დამაკისრეს. ვეკითხები, როცა პირველად დამაკისრეს გადასახადი, მართლები იყვნენ-თქო და არ ვიცითო, მიპასუხეს. ისიც უნდა გადამეხადა და ესეც უნდა გადავიხადო, გამარკვიეთ რა ხდება და რა გინდა-თქო - ვინ მოგისმინა?! მივმართე დავების საბჭოს, შემოსავლებში იყო გიორგი ცხაკაია, ასეთი ცივი სახის ადამიანი არ მინახია... დავხვრიტოთ არ დავხვრიტოთ, ასე იყო ჩემი საქმე. ერთ წუთში როგორ უნდა განიხილო ადამიანის ბედი?! რა მოხდა დავების საბჭოში არ ვიცი, მაგრამ გამამართლებელი განაჩენი დადგა. ამის პარალელურად, ფინანსური პოლიციის გამომძიებელმა, ბესიკ მჟავანაძემ დასაკავებლად გამამზადა.

როდის გაიგეთ, რომ გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად დასაკავებლად იყავით გამზადებული?

- ეს ქალბატონი და კიდევ ერთი პიროვნება, იარაღი იყო ჩემს წინააღმდეგ, რომ დაინახეს ჩვენს შორის რაღაცა ხდება, ამაზე წამოაგეს და უთხრეს, რომ ბოლომდე მიაყუჩეთო. ამასობაში მესამე კომპანიაშიც შევიდა ფინანსური პოლიცია. გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით ვერ დამაკავებდნენ, ვინაიდან დავების საბჭომ გამამართლა. ამიტომ დამაკავეს მითვისებისა და თაღლითობის მუხლით, მაგრამ რა მივითვისე, ეს არსად არ წერია.

ანუ საქმის მასალებში არაა წარმოდეგენილი რა მიითვისეთ, რის გამოც დაგაკავეს?

- მითვისებას მედავებოდნენ და ფაქტები არ იყო, გარდა დარაჯისა და მუშის ჩვენებისა, რომელიც გამომძიებელმა ბესიკ მჟავანაძემ შემოიყვანა და დაწერილ ჩვენებაზე მოაწერინა ხელი. თანამშრომელმა მთხოვა და წინსწრებით მივეცი 2 ათასი ლარი. ვუთხარი, რომ მოიტანენ უწყისს და ხელს მოაწერს-თქო. ეს აღიარა ამ პიროვნებამ სასამართლოზე. სამი წლის შემდეგ ამ თემას მიგდებენ და მედავებიან იმას, რომ თითქოს, გავაყალბე ამ პიროვნების ხელმოწერა, რის შედეგად მივითვისე 2 ათასი ლარი.

მოსამართლეს ვეუბნები, გააკეთეთ კალიგრაფიული ექსპერტიზა, რაზეც მიპასუხა, რომ უკვე დააგვიანეთ და აზრი არ აქვს და მაინც არაფერი არ გიშველისო. მომისაჯეს 2 წლიანი პატიმრობა და 5 პირობითი. ამასობაში ჩემი კომპანიიდან 40% გადამაფორმებინეს ამ ქალბატონზე. მოსამართლე მეუბნება, რომ სადაც გეტყვით იქ გადააფორმებ და რამდენსაც გეტყვით იმდენს გადააფორმებო. თუ წილებს არ გადააფორმებ საპროცესოს არ გაგიფორმებთო.

ჩემი დაკავებით ორი კურდღელი დაიჭირეს. 2006 წელს, როდესაც მე დინამო სტადიონი გავაკეთე პრესა აჭრელებული იყო, ფეხბურთის ფედერაციამ ნომინაციაში წლის საუკეთესო პროექტი „ფეხბურთის განვითარების კუთხით“ დამაჯილდოვა. ნოდარ ახალკაცის პერიოდში ხდებოდა ეს. ზვიად სიჭინავა როგორც კი დანიშნეს ამ თანამდებობაზე, მეორე დღეს მირეკავს და მეუბნება, რომ თქვენი დახმარება გვჭირდება ბაზა „ბასა“ უნდა გაგვიკეთოო. დავთანხმდი. ხდება ისე, რომ მე ვასრულებ 40 ათასი ლარის სამუშაოს და არ მიფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს. ეს იყო გერმანული პროექტი.

რატომ არ გაგიფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი?

- 2010 წელს მიჭერენ, ამ ქალბატონის განცხადების საფუძველზე იჭერენ ჩემს დირქტორს. ჩემი მეუღლე მიდის და ეუბნება, რომ გაგვიფორმეთ მიღება-ჩაბარების აქტიო, პასუხი იყო - ჩვენ მივხედავთო. დრო გაწელეს და ამ დროს, სტადიონის რეკოსტრუქციას თავიდან იწყებენ, საბერძნეთიდან ჩამოაქვთ გაზონები, წარმოიდგინეთ რამხელა თანხები ჯდება ამის ტრანსპორტირება. ეს ყველაფერი ლოგიკურად ემთხვევა ჩემს დაკავებას. დამიჭირეს, დამიყადარეს მთელი ქონება, გამიყინეს ანგარიშები, კომპანია დატოვეს მუშაობის უფლების გარეშე.

მერიაში ნახევარმილიონიანი ტენდერი მქონდა მოგებული, ასევე „ქართუ ჯგუფიდან“ 2 სტადიონის გაკეთება. კონკურენცია მოსპეს, სანამ დამიჭერდნენ დაახლოებით 10 ბაზა მქონდა გაკეთებული, ყველა ხარისხიანად იყო გაკეთებული. შემაგდეს ციხეში და გამაუბედურეს. ციხეში ყოფნის ერთი თვის თავზე ქვემო ქართლის პროკურატურამ ადვოკატის მეშვეობით შემომითვალა, რომ 3 სტადიონს თუ აჩუქებ ფეხბურთის ფედერაციას გაგიშვებთო. დავთანხმდი ამაზე. გამიშვით, რა აზრი აქვს, რომ მაპატიმრებ-თქო, მაგრამ არ გამიშვეს.

როგორ ფიქრობთ, თქვენი პარტნიორი ქალბატონის უკან იდგნენ თუ არა ის მაღალჩინოსნები, რომელთა ინტერესშიც იყო ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება?

- რა თქმა უნდა. მე მიშველა იმან, რომ 6 თვეში ჩემს საქმეზე ჩემი საქმის გამომძიებელი დააკავეს. სხვათაშორის მან მითხრა ასეთი რამ - შენზე თავდასხმა მზადდებოდა და მე გიშველეო.

დღეს რა ვითარებაა? გამომძიებელი რომელმაც თქვენ დაგაკავათ, თქვენს საქმეზე დააკავეს. არ მიმართეთ გამოძიებას, რომ მაშინ თქვენ რატომ არ გაგანთავისუფლდნენ პატიმრობიდან?

- ჩემმა ოჯახმა მიმართა პროკურატურას, თუ ის დააკავეს, ამას რატომ არ უშვებთო? პასუხი იყო მარტივი - სხვა საქმეზეა დაკავებულიო. რეალურად, ჩემს საქმეზე იყო დაკავებული, მესამე სართულზე ის იყო და მეორეზე მე.

დღესაც გრძელდება რაიმე ფორმით თქვენი ბიზნესის შევიწროვება?

- რა თქმა უნდა, დღესაც მაწუხებენ. პროკურატურა გაჩერებულია, არც ერთ საქმეს არ იხილავს. შეიძლება საერთო ენა გამონახეს. მოდაშია ახლა ეს ბიზნესი, ყველა ამ საქმით არის დაკავებული. როცა დამაკავეს ერთი კვირის მერე შეადგინეს ოქმი და დირექტორი ხდება ჩვენი ფინანსური დირექტორი, ამათი ხელის ბიჭი, გელა შარაბიძე, როგორ ხდება დირექტორად როდესაც ჩემი თანხმობა არაა, გასამართლებული არ ვარ, ჩემი დანაშაული დამტკიცებული არაა, ვარ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში? ასეთ უკანონობას ჰქონდა ადგილი და იგივე გრძელდება დღესაც.

რა უწყება გიპირისპირდებათ დღეს?

- ალბათ, ისევ ისეთი ფირმები და კომპანიები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ აწარმოონ ეს ბიზნესი.

ანუ ყოფილი ხელისუფლება?

- რა თქმა უნდა, ბევრი იყო ამ ბიზნესით დაინტერესებული. ფაქტი ფაქტად რჩება, ისევ მომადგა ეს ქალბატონი და ჩემგან უნდათ ისევ ფულის წაღება, მაგრამ ბოლომდე ვიდავებ. ეს რომ იყოს რიგითი ვალი, ვიშოვიდი და გადავიხდიდი, მაგრამ უკვე პროვოცირებაზე მოდიან.

ხომ არ აპირებთ ამ ქალბატონის წინააღმდეგ მიმართოთ პროკურატურას?

-რა თქმა უნდა, აუცილებლად გავაკეთებ. ხელშეკრულება დამადებინეს ამ ქალბატონთან ციხეში ყოფნის დროს, რომ უნდა გადამეხადა მისთვის 2 ათასი დოლარი, მაგრამ რისთვის ამას ვინ გეტყოდა, ყველასთვის ხომ ნათელია როგორ მოხდა ამ ხელშეკრულების დადება. რატომ არ მოითხოვა ერთი წლის წინ, ან ერთი თვის წინ ეს ფული, თუ სამართლიანი იყო ეს ხელშეკრულება? მოითხოვა მაშინ, როცა მე ავმოძრავდი. სამართლებლივად ვაპირებ ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისთვის. რადგან ციხეში ცოცხების ქნევა და წამება არაა, ეს ჩვენთვის უბედნიერესი დროა და ამიტომ ახლა ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ?

ვიღაცა კომპეტენტურმა პროკურორმა ან ვინმემ, ვისაც ეკუთვნის რაღაცის თქმა მთავრობაში გამოვიდნენ და თქვან ნუ გექნებათ ნურაფრის იმედი, მიხედეთ თქვენს თავს, თუ კიდევ შეგაწუხეს ნუღარ მოგვაკითხავთო. რა გავაკეთო? მრჩება ერთი გაზა - მოვკიდო ჩემს ოჯახს ხელი და წავიდე საქართველოდან. ამაზე უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ოჯახთან ერთად დავტოვო ქვეყანა, არაფერი არ შეცვლილა, იგივე მეორდება.

თქვენ ხართ პირველი ბიზნესმენი რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხმამაღლა აცხადებს, რომ ბიზნესის შეწუხება ისევ გრძელდება და ამიტომ იძულებული ხდებით დატოვოთ ქვეყანა...

- კიდევ გავიმეორებ, არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ იძულებული ვხვდები ეს გავაკეთო. გამოდის, რომ 50 წლის ასაკში უნდა გადავიხვეწო ჩემი ქვენიდან, რამდენი უნდა ვეომო ამ სისხლის მწოველებს, არავის არ სცალია ჩემნაირებისთვის.