რუსთავის საკრებულოს თანამშრომელი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მასზე ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და სტრესის ფონზე ორსულობა შეუწყდა

რუსთავის საკრებულოს თანამშრომელი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მასზე ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და სტრესის ფონზე ორსულობა შეუწყდა

რუსთავის საკრებულოს აპარტის თანამშრომელი, გვანცა ბირთველიშვილი საკრებულის თავმჯდომარეს და პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ნოდარ შეროზიას თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც აპარატის თანამშრომელი imedinews-თან იხსენებს, საკრებულოს თავმჯდომარეს სურვილი ჰქონდა, რომ ბირთველიშვილს დაესახელებინა თანამშრომლები, ვისი სამსახურიდან გაშვებაც შეიძლებოდა.

„რა თქმა უნდა, მე ამაზე რეაქცია მქონდა და ჩემი პასუხი იყო, რომ სამსახურში თანამშრომლების მიღება ჩემთვის არავის უკითხავს და შესაბამისად, ვერც მათ გაშვებაზე ვიქნებოდი პასუხისმგებელი და ვერავის დავადებდი ხელს. ამის შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურში შრომის ინსპექცია იყო შემოსული და როგორც ერთ-ერთ განყოფილების უფროსს, მეც მომიწია მასთან გასაუბრება, რატომღაც საკრებულოს თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ მე პოლიტიკურად ვაქტიურობდი და პირად საუბრებში ძალიან ბევრჯერ მითხრა, რომ დაანებე თავი პოლიტიკურ აქტივობებსო. ყოველივე აქედან გამომდინარე, საკრებულოში, აპარატის უფროსთან იყო ტელევიზია მოსული. იქიდან გამომდინარე, რომ საშვები ჩემს განყოფილებაშია, მომიწია ჟურნალისტის შემოყვანა საკრებულოს ფლიგელში. ამის გამო, საკრებულოს თავმჯდომარემ ჩემთან მიმართებაში დაიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც ჩანიშნულია ორშაბათს და ველოდები გადაწყვეტილებას. 2 მოწვევის საკრებულოსთან მიმუშავია და საყვედური კი არა, შენიშვნა არ მიმიღია, პირიქით, ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი ვიყავი. ეს ფაქტი ჩემთვის იყო ძალიან ამაღელვებელი, ძლიერი ემოციური ფონი იყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისგანაც დეერფანში იყო მუქარა და თითი ქნევა, რომ ჟურნალისტის შემოყვანასთან დაკავშირებით აუცილებლად ვაგებდი პასუხს და ისეთ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ საღამოს თანამშრომლებს სასწრაფო დახმარების გამოძახებაც დასჭირდათ, ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, შიში მქონდა, რომ სამსახურიდან გამიშვებდნენ და ნერვიულობის ნიადგაზე, 3 კვირის ორსულობა შემიწყდა“, - აღნიშნა გვანცა ბირთველიშვილმა.