ეს არ არის რეკომენდაციის შესრულება. ეს არის ბუტაფორია - რეკომენდაციის სახელი, მაგრამ შინაარსი განსხვავებული, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ანტიკორუფციული ბიუროზე საუბრისას განაცხადა.
„არც საგამოძიებო ფუნქცია აქვს და არც დამოუკიდებლობის ინსტიტუციური მექანიზმი, რადგან შემოთავაზებული ვერსიით, პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი. როდესაც ვერტიკალში შემოგყავს უწყება, ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო, ეს არ არის რეკომენდაციის შესრულება. ეს არის ბუტაფორია, რეკომენდაციის სახელი, მაგრამ შინაარსი განსხვავებული“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. აცხადებენ, რომ სახელისუფლებო გუნდის პროექტი ვერ პასუხობს ევროპულ რეკომენდაციას. „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტავენ, რომ ოპონენტების ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან კანონპროექტი სწორედ ევროპული სტანდარტებით შემუშავდა. დღეს საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განხილავენ, პროექტის მიხედვით შეიქმნება ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.