ევროპულმა საბჭომ უკრაინას სწორედ იმისკენ მოუწოდა, რომ მათთან მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონი სათანადოდ აღსრულდეს უკრაინაში, ამიტომ ჩვენ ვეყრდნობით ამ გამოცდილებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მოამზადა, ყველაზე ნეიტრალური გზა აირჩია და აიღო კანონპროექტი, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ მასზე და მის შინაარსზე არის რომელიმე ქართული პოლიტიკური ძალის სუბიექტური გავლენა.
„აღებულია პროექტი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც ძალიან კარგი და პროგრესული. თავად ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ უკრაინას სწორედ იმისკენ მოუწოდეს, რომ ეს კანონი სათანადოდ იყოს აღსრულებული უკრაინაში. ამიტომ ჩვენ ვეყრდნობით ამ გამოცდილებას და ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი გამოცდილება მსოფლიოში, რომელიც არსებობს დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, ოპოზიციას თავად კრიტერიუმების მიმართ რაიმე დიდი კრიტიკა არ აქვს. ოთხ კრიტერიუმს ეჭვქვეშ არავინ აყენებს, რომელიც იქ არის ჩადებული და შემუშავებულია ქართული რაღაც გავლენების გარეშე და არის ობიექტური კრიტერიუმები. მეორე მოსმენისას საშუალება იქნება კანონპროექტის დეტალური განხილვის. შესაბამისად, ვნახავთ, რა არგუმენტებია, მათ შორის ამ კანონპროექტის კრიტიკოსების მხრიდან“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებენ.