რადიკალურ ოპოზიციას უნდა, თავის თავსა და ტანზე მოირგოს ცვლილებები და არ შეეხოს რეალურ ოლიგარქებს, შეეხოს კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ვინც ამ კანონპროექტს აკრიტიკებს, თავის თავს კითხვა უნდა დაუსვას - რატომ ხდება, რომ უკრაინული კანონის პირდაპირი თარგმანი უკრაინაში ძალიან კარგია და საქართველოში ძალიან ცუდია. რა ხდება, რა წარმოვიდგინოთ? - ეს კანონპროექტი მალფუჭებადია და ორწამიან ინტერნეტტრანსპორტირებას ვერ უძლებს თუ რაშია საქმე? - არანორმალური მსჯელობა მიმდინარეობს. რეალურად, ის ხდება, რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, თავის თავსა და ტანზე მოირგოს ცვლილებები და არ შეეხოს რეალურ ოლიგარქებს, შეეხოს კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, რომელთაც შეიძლება კანონის ცხოვრებაში გატარების შემთხვევაში არ მოერგოს. მათ ეს არ აწყობთ, მათ აწყობდათ და მომავალშიც ასე იქნება - სუბიექტური, ვიღაცის წინააღმდეგ, რევანშისტული და ა.შ.“, - აცხადებს მდინარაძე.