„სააკაშვილმა სერგეი გავრილოვი ძალზე პოპულარული გახადა“

„სააკაშვილმა სერგეი გავრილოვი ძალზე პოპულარული გახადა“

რუსი გულშემატკივრების საქართველოში ჩამოსვლამ ქართველი გულშემატკივრების ნაწილი გააღიზიანა. მათი აზრით, მოსკოვის „დინამოს“ გულშემატკივრებმა წინასწარი შეთანხმება დაარღვიეს და „დინამო არენაზე“ იმპერიალისტური დროშები ააფრიალეს, სტადიონის პერსონალურ სკამებზე კი ქართველთა შეურაცხმყოფელი სტიკერები დატოვეს.

რუსული დროშების აფრიალებისთანავე ჩვენმა გულშემატკივრებმა რუსებს დროშების ჩამოხსნა მოსთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს, რის გამოც ქართველების ნაწილმა მშვიდობიან პროტესტს მიმართა და ტრიბუნები დატოვა. ინციდენტი ამით არ ამოწურულა და მოგვიანებით „დინამო არენასთან“ მომხდარი დაპირისპირების გამო ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ სამი აქტივისტი დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილმა საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩამოსულ რუსეთის დუმის დეპუტატებს შორის განსაკუთრებით სერგეი გავრილოვი გამოარჩია და მას „საქართველოს დაუძინებელი მტერი“ უწოდა, რომლის ქვეყანაში შემოშვებაც დაუშვებლად მიიჩნია. თანაც, განმარტებისთვის იქვე დასძინა, რომ ეს სერგეი გავრილოვი მის მოსახელე ფეხბურთელ სერგეი გავრილოვში არ უნდა აგვერიოს, რომელიც უფროსი თაობის ხალხს კარგად ახსოვს. ამდენად, თუკი „საქართველოს დაუძინებელი მტრის“ ნაცვლად, ეს ცნობილი ფეხბურთელი ჩამოვიდოდა საქართველოში, სააკაშვილი ამას მხოლოდ მიესალმებოდა.

„ჩამოიყვანეს რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული საქართველოს დანაწევრებისთვის 2008 წელს, რომელსაც ხმა აქვს მიცემული ე.წ ჩვენი რეგიონების, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის. დამატებით, ეს კაცი იბრძოდა და აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ინფორმაციით, ის არის მჭიდროდ დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან და პრაქტიკულად არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი საქართველოს დაქუცმაცების მცდელობაზე. დუმის ყველა წევრი, რომელმაც 2008 წელს ხმა მისცა საქართველოს დაქუცმაცებას, ყველა მათგანი საქართველოსთვის წარმოადგენს საფრთხის რისკს, ყველა მათგანი არის მტრული ფაქტორი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და სიტუაციას სიმწვავე შემატა: „როდესაც სერგეი გავრილოვი კარგად ნაქეიფარი და მოსვენებული სასტუმროში ისვენებდა, ქართველი პატრიოტები ციხის საკანში ისხდნენ“.

რუსი გულშემატკივრების მიმართ ქართველების საპროტესტო განწყობა გასაგები იქნებოდა, რომ არა საპროტესტო აქციაზე ნაციონალების გამოჩენა - კობა ხაბაზი, დავით საყვარელიძე და სხვები ეროვნული ინტერესების დასაცავად დაირაზმნენ და „თავისუფალი ზონის“ აქციას შეუერთდნენ, თანაც, ახალგაზრდებს საკუთარი აზრის გამოხატვაში მიეშველნენ.

ეს მაშინ, როცა სწორედ ნაციონალების დროს იხლართებოდა საეჭვო კავშირები რუს მაღალჩინოსნებთან და სწორედ მათ დროს გადადიოდა ქართული კომპანიები რუსების ხელში. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გენერალი თენგიზ არშბა ბათუმში ცალკეული ობიექტების მფლობელია და ვარშალომიძის უახლოესი მეგობარია. არადა, ეს ადამიანი სეპარატისტული ხელისუფლების ერთ-ერთ ზურგად მოიაზრება. და ეს ერთეული შემთხვევა არ არის.

For.ge დაინტერესდა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას უნდა არსებობდეს თუ არა სპეციალური სია, რომლითაც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებში მონაწილე პირებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალებათ, რათა ამგვარი გაუგებრობისგან დაზღვეულნი ვიყოთ?

ექსერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ხმა მისცეს საქართველოს ორი რეგიონის გამოყოფას, ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ჩამოდიოდნენ. ეს მორალის ამბავია და, თუ ეს რეალობაა, თვითონაც არ უნდა ისურვონ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა. გარდა ამისა, ქართულმა მხარემაც უნდა მიუთითოს ამის შესახებ.

რაც შეეხება ცალკეული დეპუტატის ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას აფხაზეთში, ექსპერტი აცხადებს, რომ ამ ომის შემდეგ იმდენი ადამიანია საქართველოში ჩამოსული, გინდაც ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩენი თუ აფხაზი, რომ მათი რიცხვი სოლიდურია. მათ შორის, შარშანწინ ჩვენთან მკურნალობდა ერთ-ერთი ცნობილი საველე მეთაური, რომელიც, ასევე, ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. ამდენად, თუ პრეტენზია ჰქონდათ ნაციონალებს ამგვარი ადამიანების მიმართ, მაშინ ისიც არ უნდა შემოეშვათ საქართველოში.

„ეს ორმაგი სტანდარტია. აფხაზეთის ომში სერგეი გავრილოვის მონაწილეობის შესახებ მე პირადად არაფერი მსმენია, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. ახლა საქართველოში ჩამოსული ადამიანის დაჭერა გამორიცხულია, მაგრამ წინასწარ როცა იცის ქართულმა მხარემ ჩამოსულთა სია, ალბათ, საეჭვო პიროვნებები სიიდან უნდა ამოიღოს“, - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ვიდრე ქვეყანაში მოქმედებს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, წინდახედულება მომგებიანი იქნებოდა. თუმცა არც ისაა სწორი, ერთი ადამიანი წარმოაჩინო ჩვენი ქვეყნის დამაქცევრად. ასე რომ იყოს, მაშინ სერიოზული წინააღმდეგობა უნდა გაეწია „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავრობის გადაწყვეტილებისთვის სოჭის ოლიმპიადაში მომზადების თაობაზე, რადგან იქ ნამდვილად იქნება პუტინი. პუტინისა და ქართველების შეხვედრა კი, ნაციონალების წარმოდგენით, ქვეყნის დასასრულია მაშინ, როცა მათ ეს აწყობთ.

„ხოლო, როცა ნაციონალები საკუთარ სავარძლებს ელოლიავებიან, მაშინ შეიძლება, ერთ ღამეში კოდორიც დაუთმონ რუსეთს და ახალგორიც. „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი არ იყო მხოლოდ სპორტული შეჯიბრი, ეს იყო ძალთა მოსინჯვა, შეგვიძლია თუ არა ჩვენ რეალურად სამომავლო სიკეთისთვის თავშეკავებული ურთიერთობა არა დიპლომატებს შორის, არამედ როგორც მოქალაქეებს შორის, რომელთაც აქვთ საფუძველი, იყვნენ გულგახეთქილნი იმით, რაც ხდება რუსეთის ხელშეწყობით საქართველოს ტერიტორიაზე. თუ ვთანხმდებით, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, მაშინ საგულშემატკივრო ზონა უნდა იყოს არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ პასუხისმგებლობის მქონეც“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

ამასთან, ექსპერტი იზიარებს „თავისუფლების ზონის“ წევრთა პათოსს, მაგრამ არ ეთანხმება მათ მიერ დროისა და ადგილის შერჩევას. მისი აზრით, პროტესტის ფორმა მრავალია და მათ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოემჟღავნებინათ. ამდენად, შეეძლოთ, საკუთარი აზრის დასაბუთებული ფორმით გამოხატვა რუსი სპორტსმენების გამგზავრების შემდეგაც.

ხოლო, თუ ვინ ჩამოდის საქართველოში, ქვეყნის მტერი თუ მოყვარე, ექსპერტის აზრით, ეს სია ბოლოს და ბოლოს, ალბათ, გამოქვეყნდება და გავიგებთ, ვისთან მეგობრობდა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ისეთი დონის დეპუტატს თვლის ქვეყნის დამაქცევრად, რომლის სახელიც და გვარიც არ ყოფილა ნახსენები წლების განმავლობაში.

„სერგეი გავრილოვი ცნობადი სახე არ არის თავად რუსეთში. სააკაშვილმა ძალზე პოპულარული გახადა ეს ადამიანი. მსოფლიოს გააგებინა, რომ თურმე ამ კაცმა დააქცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დღეს ქვეყნის სათავეში რომ არ ყოფილიყო ბატონი ივანიშვილი, სააკაშვილს არც გაახსენდებოდა ეს თემა“, - ასეთია სოსო ცისკარიშვილის პოზიცია.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი სპორტის გულშემატკივრების თუ პოლიტიკური პროტესტის ნებისმიერი სახით გამოხატვას ნორმალურად მიიჩნევს. მისი აზრით, ასეთი პროტესტი ხშირად გამართლებულიცაა და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს გარკვეული დამოკიდებულება კონკრეტული პიროვნებების მიმართ. თუმცა გიორგი ვოლსკის აზრით, პროტესტის გამომხატველი გარკვეული ჯგუფის უკან არ უნდა იდგეს რომელიმე პოლიტიკური ძალა და ეს ჯგუფი მის დაკვეთას არ უნდა ასრულებდეს.

„ნაციონალები ვითარებას ისევე ისტერიკულად აფასებენ, როგორი ისტერიკულიც იყო მათი პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება, ყოველთვის აპროტესტებდე რაღაცას?! რუსეთთან ომამდე პერიოდშიც მათი რიტორიკა აგრესიული იყო. გაეროს უშიშროების საბჭომ მაშინ საჭიროდ ჩათვალა, სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მოეწოდებინა, შეეჩერებინა აგრესიული რიტორიკა და პროვოკაციები. ამასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების რეზოლუციაც კი მიიღეს. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სააკაშვილის რიტორიკამ არანაირი სიკეთე არ მოუტანა. ახლა საკუთარი უშველებელი შეცდომების გადაფარვას ცდილობენ ფსევდოპატრიოტული მოქმედებებით და განცხადებებით“, -  აცხადებს გიორგი ვოლსკი.

რაც შეეხება სერგეი გავრილოვის პერსონას, ვოლსკის აზრით, კანონი არსებობს და ამ კანონით უნდა ვისაგებლოთ. თუმცა ვინ იცის, იბრძოდა კი გავრილოვი აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ?!

ამის მიუხედავად, ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის კომუნისტური პარტიისა და საზოგადოება „დინამოს“ წევრმა სერგეი გავრილოვმა კარიერა 90-იან წლებში დაიწყო, როცა სამუშაოდ მოეწყო ალექსანდრე ლებედევთან ნაციონალურ სარეზერვო ბანკში. თუმცა მასთან ურთიერთობა რამდენიმე თვეში დაეძაბა, რის შემდეგაც სერგეი გავრილოვი სუკ-ის პოლკოვნიკ ვინმე იავლიუხინთან ერთად ჯერ „ვნეშეკონომბანკში“, შემდეგ კი „ვნეშტორგბანკში“ გაგზავნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გავრილოვი იმყოფებოდა დნესტრისპირეთსა და აფხაზეთში სწორედ იმ პერიოდში, როცა ამ ადგილებში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.