თავისუფლების მოედანზე მდებარე „საქართველოს ბანკთან“ აქცია, სახელწოდებით „დაიკავე საქართველო“ გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრმა ნანა კაკაბაძემ და პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ დაანონსეს.
„75 ათასი დღეს უკვე გამოსახლებას ელოდება, 600 ათასზე მეტი ადამიანი არის მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებული. ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. ქვეყნის განვითარებაზე ხომ ზედმეტია საუბარი, როდესაც 75 ათასი ადამიანის უსახლკაროდ დატოვებას აპირებენ“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, თუ არაფერი შეიცვლება, შეიძლება, ნახევარი საქართველო უსახლკაროდ აღმოჩნდეს, რადგან ყოველდღიურად რვა აღსრულება მაინც ხდება. ამიტომ ნანა კაკაბაძე ხელისუფლბას ერთწლიან მორატორიუმს სთავაზობს.
ვისი დანაშაული იყო ადამიანების უსახლკაროდ დატოვება, თავად ქონების ბანკში ჩამდების თუ ხელისუფლების, ნანა კაკაბაძე ჯერჯერობით ამ თემაზე დავას არ აპირებს. უბრალოდ, იგი გამოსახლების პროცესის შეჩერებას ელის და ახალ ხელისუფლებასთან ერთწლიან თანამშრომლობას აპირებს, რათა ამ ხალხის ინტერესები დაიცვას.
ასე რომ, პირველი სასიგნალო აქცია „საქართველოს ბანკთან“ ჩატარდება, შემდგომი აქცია კი პარლამენტთან მოეწყობა.
For.ge ირაკლი კაკაბაძეს ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ „დაიკავე საქართველო“-ს აქცია ხელისუფლების, საბანკო სექტორისა და კერძო სტრუქტურების წინააღმდეგ იქნება მიმართული და ასეთი გამოსვლები სისტემატურ სახეს მიიღებს.
„დღეს მოსახლეობა არის იპოთეკურ მონობაში, ბანკების თუ ტრანსნაციონალური კორპორაციების მონობაში. ამიტომ ბევრ სიურპრიზს ნახავენ ბანკები. წინასწარ თქმა არ მინდა, მაგრამ ძალიან საინტერესო მომავალი ელის „საქართველოს ბანკს“. ეს იქნება საინტერესო არეულობები. აქციაში ჩაერთობიან პროფკავშირები, მემარცხენე ალიანსი, სამართლიანობის ფრონტი და სხვა. მომავალ აქციებზე სხვა ბანკებსაც მივადგებით და იმ კორპორაციებსაც ვამხელთ, რომლებიც კავშირში არიან ნაციონალების რეჟიმთან და სხვებთანაც. ჩვენ იმ ადამიანების ინტერესებს დავიცავთ, ვისაც გამოსახლება ემუქრება“, - გვითხრა ირაკლი კაკაბაძემ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ უსახლკარობის პრობლემა საქართველოში 20 წლის წინ ნამდვილად არ იდგა და ნაციონალების ცხრაწლიანმა მმართველობამ ბანკები ენერგიულად მოქმედ მახინჯ სისტემად ჩამოაყალიბა. ამიტომაც ეს ბანკები ყოფილი ხელისუფლებისთვის სასურველ მიზნებს ასრულებდნენ, ადამიანების უსახლკაროდ დატოვება კი სწორედ მათი ერთ-ერთი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იყო.
ექსპერტის აზრით, დღეს უკვე ახალი ხელისუფლების პრობლემად იქცა ბანკები. თანაც, ეს ბანკები თავისი სტრუქტურითა და კანონმდებლობით ისეთია, რომ ისინი არ მისცემენ ხელისუფლებას ეკონომიკის განვითარების საშუალებას. მით უფრო, რომ ასეთი მცდელობები ჯერჯერობით ისედაც არ ჩანს.
ექსპერტი ფიქრობს, ახალ ხელისუფლებას მართებს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, რომ საკუთარი ხალხის მიმართ დანაშაული და ძარცვა შეჩერდეს.
ის, რომ ადამიანმა ბანკიდან აღებული ვალი უნდა დაფაროს, დემურ გიორხელიძისთვის სადაო სულაც არ არის და მიიჩნევს, რომ ამის პატიება არ შეიძლება, მაგრამ არსებობს კრიზისი, პრობლემა, დასავლური და აღმოსავლური გამოცდილება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოქალაქეების ვალების რესტრუქტურიზაცია უნდა მოახდინონ და შეცვალონ გადახდის ხანგრძლივობა თუ მოცულობა.
„სახლების წართმევა რას ნიშნავს? ჰგონიათ, თვითონ იპარპაშებენ და 75 ათასი კაცი უსახლკაროდ დარჩება? საქართველოს ბანკები ცუდად დაასრულებენ საკუთარი მოქალაქეების ძარცვას. თუმცა დღეს ბანკებს რა უნდა მოვკითხოთ, დღეს უკვე ამ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. როგორც ვიცი, ცვლილებებია შეტანილი და რატომღაც საქმის განხილვის პროცესიც კი არ აჩერებს გამოსახლებას. ეს ცვლილებები ბოლოხანს მიუღიათ და, მე მგონი, ამით დიდი მარაზმული სიტუაცია შეიქმნება. არ ვიცი, რას ფიქრობს ახალი ხელისუფლება, მაგრამ ქვეყანაში იყო საშინელი პრობლემები - ომი, მსოფლიო კრიზისი და მაშინ არანაირი შეღავათი ადამიანებს არ გაუწიეს, რომ საკუთარი შრომით ფეხზე დამდგარიყვნენ“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
მისი თქმით, ყველასთვის გასაგებია, რომ მოსახლეობის ძარცვა ყოფილი ხელისუფლების ინტერესში შედიოდა. ამიტომ საჭიროა საკანონმდებლო ცივილიზებული ცვლილებები, რადგან ადამიანი რომ ვერ იხდის ბანკის ვალს, ეს არ ნიშნავს, რომ სახლი უნდა წაართვა. ექსპერტი თვლის, რომ სწორედ ყოფილმა ხელისუფლებამ აურია ადამიანებს ბიზნესები, ის ძარცვავდა და განვითარების საშუალებას არ აძლევდა ხალხს. 2008 წლის აგვისტოს ომმა კი ეკონომიკა ჩიხურ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ დიდი ფული იშოვა თავისი უპასუხისმგებლობით.