ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მამუკა მიქაუტაძეს ცხვირის არეში სისხლნაჟღენთები, ხოლო ტერფებზე მოლურჯო, მოიისფრო ლაქები აღენიშნება. ექსპერტიზა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ჩაატარა და ის გარეგნულ დათვალიერებას ემყარება.
გარეგანი დათვალიერებით, მიქაუტაძეს, გარდა კისრის მიმდებარე არეში არსებული დაზიანებისა, აღენიშნება დაზიანება ცხვირის მარცხენა ნესტოს მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის დადგომამდე დროის ახლო მონაკვეთში.
ორივე ტერფის გულის შიგნით, გვერდით ზედაპირებზე არსებული თითქმის იდენტური, უსწორო, სიგრძივი ფორმის მუქი მოლურჯო-მოიისფრო უბნები მაღალი ალბათობით არატრავმული წარმოშობისაა. თუმცა, არის თუ არა ეს სისხლნაჟღენთი თუ ნაადრევი გვამური მოვლენაა, დასკვნის გამოტანა გვამის გარეგანი დათვალიერებით ძნელია.
საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ მას არ შეუძლია 100%-იანი სიზუსტით განაცხადოს ზუსტად რა მოხდა, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვარაუდობს, რომ მიქაუტაძეზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.
„დაზიანებები ემთხვევა სავარაუდოდ იმ პერიოდს, როდესაც ის დაკითხეს. ეს გარემოებები ამყარებს იმ ალბათობას, რომ მასზე დაკითხვის დროს, ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. სხვა საკითხია დაზიანების სიმძიმე და ა.შ. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით, მარტო ცხვირზე ექნება დაზიანება თუ სხვაგან, გადამწყვეტი მნიშვნელობის არ აქვს“, - განაცხადა კოჟორიძემ.
არსებული ინფორმაციით, 36 წლის მამუკა მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. თვითმკვლელობამდე ახალგაზრდა კაცმა ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება წამებით მიაცემინა.
როგორც გარდაცვლილის მეზობელი აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ თბილისის ზღვაში სცადა თავის დახრჩობა, შემდეგ კი ხეზე ჩამოიხრჩო თავი. სავარაუდოდ, გარდაცვლილი გამვლელმა ნახა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ასევე ეჭვობენ, რომ მამუკა მიქაუტაძე მოკლეს.
გამომძიებლებმა მამუკა მიქაუტაძის მეუღლე დაკითხეს. ზიზი ეძგვერაძეს საკუთარ სახლში, დილის 5 საათამდე კითხავდნენ. გამომძიებლებმა სახლიდან მიქაუტაძის ტანსაცმელი და პირადი ნივთებიც წაიღეს. ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განმარტავს, რომ საქმის მწარმოებელი ორგანოს მხრიდან განხორციელდა იძულება და ეს იძულება გახდა იმის შედეგი, რომ მამუკა მიქაუტაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
„გამომძიებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დაკითხვის დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ. ზიზი ეძგვერაძემ დაკითხვისას აღნიშნა, მამუკა მიქაუტაძე მასთან საუბრისას აცხადებდა, რომ ის ინფორმაცია, რაც გამოძიებამ იძულებით მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისი პროცედურების დაცვით ამოიღეს ტანისამოსი, რომელიც დაილუქა“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კომენტარს გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ ოჯახს, ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა. დამატებითი კომენტარებისგან თავს შევიკავებდი, არ ვიჩქარებდი. მინდა, დაველოდო გამოძიების შედეგებს. ვიცით, რომ ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი, არ ვიჩქარებდი განსხვავებით სხვადასხვა ადამიანებისგან და კომენტარს გავაკეთებ გამოძიების დასრულებისთანავე.
გენინსპექცია იძიებს, ასევე საქმე არის აღძრული ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს საზოგადოებას. ძალიან მიხარია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის აქტიური. ვისურვებდი, რომ ასეთივე აქტიური ყოფილიყო გასულ წლებში. ასევე ვისურვებდი, რომ არ აკეთებდნენ ნაადრევ დასკვნებსა და კომენტარებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მიქაუტაძის გარდაცვალების საკითხზე კომენტარი გააკეთა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმაც. ის ამბობს, რომ მიქაუტაძის შესახებ გამოძიებამ მხოლოდ დადებითი ინფორმაციების შეგროვება შეძლო.
„გუშინ გვიან ღამით შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ვიჯექით და ვმსჯელობდით ამ ფაქტის შესახებ და კიდევ უფრო გაძნელდა, რაც ამ ადამიანის შესახებ მხოლოდ დადებითის მოსმენა მოგვიხდა“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.
რაც შეეხება მიქაუტაძის გარდაცვალებაზე გამოძიებას, კბილაშვილის განმარტებით, საუბარი იყო, რომ საქმე მთავარ პროკურატურაში წამოსულიყო, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი პოზიციით ის გენერალურ ინსპექციაში დარჩა.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ხომ არ წამოგვეღო საქმე პროკურატურაში გამოსაძიებლად, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი პოზიციაა, რომ ეს მისი და მისი უწყების ღირსების საქმეა და ამ აბსოლიტურად ყველაფერი იქნას გამოძიებული. არაფერი შემაფერხებელი იმისა, რომ სიმართლე დადგინდეს, არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე გენერალურ ინსპექციაში დარჩა, მთავარი პროკურატურა მასზე ზედამხედველობას მაინც ახორციელებს. წინასწარ პროგნოზს არ შევუდგები, მაგრამ გამოძიება იქნება მიუკერძოებელი“, - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ რომ მიქაუტაძის გარდაცვალების საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექცია იძიებს. საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მიზანშეწონილია ეს საქმე გენერალურმა პროკურატურამ გამოიძიოს.
„ჩვენ აქ ვსვამთ კითხვას, როგორ ჯობია, იმისათვის რომ გამოირიცხოს მაქსიმალურად შიდა კონფლიქტი, უმჯობესია როგორც ეს აღიარებული სტანდარტია, ერთი უწყების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება, იმავე უწყებამ არ უნდა გამოიძიოს და უნდა გამოიძიოს მეორე უწყებამ“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.