მთავარია ერთი რამე და ეს დასტური გვაქვს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, რომ ევროპარლამენტი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან დაახლოებით კუთხით, მათ შორის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ვინც შეაფასებს საქართველოს, ეს არის ევროკავშირის კომისია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, როცა ხდება რამდენიმე დაინტერესებული ჯგუფის მხრიდან პირდაპირ პარტიული პოლიტიკის გატარება, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილისთვის, დავით კეზერაშვილისთვის ხელის დაფარებაზე და ა.შ. სამწუხაროა, რომ ასეთი რამე ხდება, თუმცა ეს პირველად არ ხდება.
გასაგებია, რომ ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ თავიანთი ინტერესები, სამწუხაროა, რომ ისინი საკუთარ ვიწრო ინტერესებს აყენებენ სხვა ქვეყნის ევროპულ მომავალზე მაღლა. ეს პირველად არ ხდება, შესაბამისად, არ მგონია, ამაში რაიმე განსაკუთრებული იყოს. მათ შორის ვხედავთ, რომ ეს იგივე ხალხია, ვინც გამოირჩევა საქართველოს მიმართ ასეთი არამეგობრული დამოკიდებულებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში შესწორებები გაჩნდა. დოკუმენტს, რომელიც ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, საგარეო კომიტეტი 2 დღეში განიხილავს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი 21 ნოემბერს გავა. ეს შესწორებები ფაქტობრივად იმეორებს იმ რეზოლუციის პათოსს, რომელიც ევროპარლამენტმა ივნისში მიიღო და რომელსაც მმართველმა გუნდმა დაუსაბუთებელი, მძიმე და ყალბ ანგარიშებზე დაფუძნებული უწოდა.