ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ. ოპოზიციას თავისი არჩევანი აქვს - ან დადგეს საქართველოს, ან საკუთარი ვიწრო პარტიული ძალაუფლებაზე მოწყურებული იდეების მხარეს, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ის ჯგუფები, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ პარლამენტის ჯგუფებში ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესს ჩაშლიდნენ, საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინეს.
„ჩვენ ამას ჩვენი პასუხისმგებლობით ვუდგებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ შესრულდეს საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ამიტომ, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ. ოპოზიციას თავისი არჩევანი აქვს - ან დადგეს საქართველოს მხარეს, ან საკუთარი ვიწრო პარტიული ძალაუფლებაზე მოწყურებული იდეების მხარეს. გარკვეული პოლიტიკური აგონია, რომელიც აქვს რამდენიმე ჯგუფს, ისტერიაში ჩავარდნილი იქიდან გამომდინარე, რომ ხედავენ, რომ ამ საკითხებზე პარლამენტი წარმატებით მუშაობს. არის საგნობრივი მსჯელობა, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებით. ის ჯგუფები, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ თავდაპირველად ამ პროცესს ჩაშლიდნენ, მახსოვს, მათი თავდაპირველი მიზანი რა იყო, როცა ისინი სამუშაო ჯგუფებში არ შემოდიოდნენ და ჰქონდათ იმედი, რომ მოახდენდნენ ამ ჯგუფების დისკრედიტაციას. საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინეს. დღეს ვხედავთ, რომ თავიანთი აგრესიული რიტორიკით პირდაპირ მოუწოდებენ, რომ კვლავ გადავიდეს დესტრუქციაში ოპოზიცია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის რეაქციას, რაც ყველაზე მთავარია და განმსაზღვრელია. ქართველი ხალხი ამ საკითხზე ჩამოყალიბებულია, რომ არანაირი გასაქანი რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში არ ექნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.