მამუკა მდინარაძე: შეხვედრები, რომლებიც დღეს, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში იმართება, რამდენიმე მიზანს ემსახურება, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა

მამუკა მდინარაძე: შეხვედრები, რომლებიც დღეს, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში იმართება, რამდენიმე მიზანს ემსახურება, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა

შეხვედრები, რომლებიც დღეს, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში იმართება, რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ეს არის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში შეხვედრებისას ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა.

„ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა, რომელიც წლების განმავლობაში, იაპონელი კოლეგებისგან ისედაც მხარდაჭერილია, თუმცა ამ თვალსაზრისით ძალისხმევის მომატება მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ტურიზმზე, სპორტზე, ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობაზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებასა და იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს რეგიონს და მათ შორის, ჩვენს ქვეყანას აქვს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იაპონიაში დაიწყო. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.