„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას კვლავ აკრიტიკებს, მისი ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და თუ მთავრობა ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია. მისივე განცხადებით, ფინანსთა მინისტრი არაპროფესიონალია და მას ეკონომიკაში და ფინანსებში არაფერი გაეგება.
„პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბიუჯეტს 270 მილიონი დააკლდა და ეს მაშინ, როცა მთავრობა სოციალურ ხარჯებს ზრდის, კრიზისის მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობა, პრემიერის პოლიტიკური განცხადებებია წასვლა-არწასვლაზე, დაუსრულებელი მოლოდინი და ის შრომის კოდექსია, რომელიც უკვე უმუშევრობის კოდექსია. აქციზზე გადასახადის ზრდამ, დანაპირების არშესრულებამ, გადასახადების კლებაზე უარისთქმამ, დიდ სამშენებლო და საინვესტიციო პროექტების გაჩერებამ, უკვე, გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი. ფინანსთა მინისტრი, რომელსაც არაფერი გაეგება ფინანსებში და ეკონომიკაში, აცხადებს, რომ 365 ათასმა კომპანიამ ბიუჯეტში გადასახადი წინასწარ გადაიხადაო. ეს ხომ აბსურდია, ნეტა გვყავდეს 365 ათასი ისეთი კომპანია, რომ წინასწარ გადასახადის გადახდა შეუძლია. სად არის ეს ხალხი, სად მუშაობს და თუ მუშაობს, უმუშევრობა რატომ არის?“ - განაცხადა ვაშაძემ.
რამდენად ობიექტურია „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკაში, რეალურად, რა პრობლემები არსებობს ქვეყნის ეკონომიკაში ამაზე ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე გვესაუბრება.
ბატონო ლევან, ვიცით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ასე უცებ ეკონომიკა ვერ გახდებოდა წარმატებული, მაგრამ სასიკეთო ნაბიჯებიც ნაკლებად იგრძნობა, თქვენი შეფასებით, რამდენად ობიექტური მიზეზები დაასახელა ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“?
- „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ობიექტური არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა საკითხებთან მიმართებაშიც, ეკონომიკური იქნება ეს სოციალური თუ პოლიტიკური. ის არის ერთ-ერთი მხარე, პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური ძალა და ყველანაირად ცდილობს, ყველა შეცდომა, მათ შორის საკუთარი მმართველობის დროს დაშვებულიც (რომელიც დღეს ნეგატიური შედეგის სახით დადგა) მიაწეროს ახალ ხელისუფლებას.
რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისს, არც ეკონომიკური და არც საბიუჯეტო კრიზისი ქვეყანაში არ არის. ამ თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებები ცალსახად გადაჭარბებულია.
თუმცა არის მეორე საკითხი, ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები მართლაც მნიშვნელოვნად გაუარესებულია, შემცირებულია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები, ზოგადად, ბიზნესაქტივობა ქვეყანაში შემცირებულია, ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია გადასული. ქვეყანა განიცდის გარკვეულ საინვესტიციო შიმშილს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის თვალსაზრისით ქვეყანაში არასახარბიელო მდგომარეობაა - ნეგატიური მოლოდინი ხვალინდელი დღისა უარყოფითად აისახება ისეთ პარამეტრში, როგორიცაა მშპ ანუ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი და ვიცით, რომ მაისში ნულოვანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
მიუხედავად ამისა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს არც კრიზისად და არც სტაგნაციად, ეს არის მაღალი რისკის მდგომარეობა ქვეყანაში და თუ ხელისუფლებამ არ მიიღო გადამჭრელი ზომები (შეჩერდეს ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი, გაიზარდოს ბიზნესბრუნვები, პოზიტიური მოლოდინები გაჩნდეს ბიზნესსამყაროში), წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლაც შეიძლება, მივიღოთ გარკვეული სტაგნაციური მდგომარეობა ეკონომიკაში. არ არის გამორიცხული ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობისა და პასიურობის შემთხვევაში ეს ყველაფერი მართლაც გადაიზარდოს კრიზისში, მაგრამ დღეს კრიზისი ნამდვილად არ არის.
ექსპერტებისგან მომისმენია შეფასება, რომ გარკვეული სტაგნაციური ელემენტები ეკონომიკაში გაჩნდა იმიტომ, რომ ბიუჯეტიდან შეჩერებულია დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და თუ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ პროექტების მეშვეობით ეკონომიკაში ფულის ინექცია მოხდეს, ეს სტაგნაციური ელემენტები დაიძლევა...
- გეთანხმებით, ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარების სამინისტრომ მართლაც, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეაჩერა ყველა ის პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა ამ მიმართულებით. არგუმენტი იყო ასეთი, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული იყო ტენდერები წმინდა პოლიტიკური მოტივაციით, რომ სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებნით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაგებინა ეს ტენდერები მასთან დაახლოებულ ბიზნესწრეებსა და კომპანიებს. იყო ძალიან ბევრი შეუსრულებელი სატენდერო პირობა და ა.შ.
ბატონმა ნარმანიამ ამასწინათ განაცხადა კიდეც, რომ აბსოლუტურად ყველა ტენდერი ხელახლა ჩატარდა, ერთეული ტენდერების გარდა და ამ თვალსაზრისით, მომავალ 6 თვეში უნდა ველოდეთ გარკვეულ ინექციას ეკონომიკაში სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სახით. თუმცა, ეს რამდენად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ წინასწარ გაცხადებული მშპ-ს 6%-იან მაჩვენებელს მივაღწიოთ, ძნელი სათქმელია - პირველ კვარტალში და შემდგომ თვეებში ეკონომიკური ვარდნა იყო მაღალი. ყველაზე საშიში და საყურადღებო კი ის არის, რომ ამ ვარდნას ტენდენციური ხასიათი ჰქონდა და არ დაფიქსირებულა მხოლოდ ერთი ან ორი თვის განმავლობაში.
თქვენი შეფასებით, შეიძლებოდა, ხელისუფლებას შესაბამისი ზომები მიეღო თუ სხვა გზა ჰქონდა?
- ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლება ამ ტენდენციას არაფერს არ უპირისპირებს არც ანტიკრიზისულ გეგმას და არც ანტიკრიზისულ მდგომარეობას. არგუმენტი, რაც ხელისუფლებისგან მომისმენია არარეალისტურია - კრიზისი არ არის ქვეყანაში და ანტიკრიზისული გეგმა რატომ უნდა გვქონდესო - ეს აბსურდია, კრიზისი თუ დადგება, მერე არანაირი ანტრიკრიზისული გეგმა აღარ უშველის. ასეთი გეგმა მანამდეა საჭირო სწორედ იმისათვის, რომ კრიზისი თავიდან ავიცილოთ.
ამ თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებამ შესაძლოა, ძალზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის.
ამის პარალელურად, მთავრობის მხრიდან ბიზნესისადმი არამიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებაა განმსაზღვრელი იმისა, რომ ბიზნესი პასიურობს. ბიზნესი პასიურობს იმიტომ, რომ ვერ გაარკვია, როგორ ეკონომიკას ვაშენებთ ქვეყანაში, როგორი იქნება მათი ხვალინდელი დღე, გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად სტაბილური იქნება ბიზნესგარემო. ანუ ხელისუფლების ნაბიჯები არ არის ცალსახა და გარკვეული.
როდის შეიძლება გაირკვეს ეს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ?
- საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთი თემაა - ორხელისუფლებიანობაა რეალურად ქვეყანაში. კატა-თაგვობანას თამაში პრეზიდენტისა და პრემიერის გუნდს შორის, ცალკე თემაა და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მეტი სიცხადე გვექნება - მმართველ გუნდს უფრო მეტი საშუალება მიეცემა, ეკონომიკური პოლიტიკა უფრო სრულფასოვანი გახადოს.
მეორე საკითხია, ვინ უშლის ხელს ეკონომიკურ გუნდს დღეს, რომ მაგალითად, შეასრულოს ის ეკონომიკური დაპირებები, რაც იყო წინასაარჩევნოდ?!.
შეგახსენებთ, რას ვგულისხმობ - ეს იყო, მცირე ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა - თითქმის 10 თვე გავიდა მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან და ვინ შეუშალა ხელი პრემიერსა და მის გუნდს, რომ ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო ცვლილებები განეხორციელებინა?
ამის გარდა, შეგვიძლია გავიხსენოთ ანტიმონოპოლიური რეგულირება, რომელიც წინასააჩევნო დაპირება იყო, რატომ არ შესრულდა? გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება - ამდენი დრო საჭირო არ იყო. სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება ძველ ხელისუფლებასთან ჭიდაობაში ატარებს დროს და მთელი აქცენტები აქეთ არის გადატანილი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ბიზნესსა და ეკონომიკაში სამართლიანობის აღდგენა. ვგულისხმობ ჩამორთმეული ქონების, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატერორებული ბიზნესების უფლებების აღდგენის საკითხს. მესმის, რომ ეს ძალზე რთული საკითხია, მაგრამ დასაწყებია და თუ დღეს არ დავიწყეთ, ვერადროს ვერ მოვაგვარებთ.
აქედან გამომდინარე, ბიზნესს უჩნდება განცდა იმისა, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანაში არაფერი არ კეთდება და ბიზნესი პასიურია. ბიზნესი არ აკეთებს ინვესტიციას, არ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და არ ზრუნავს ბიზნესის გაფართოებაზე. ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება საგადასახადო შემოსავლებზე, ხელფასებზე და ა.შ - იმ ყველაფერზე, რამაც ქვეყანაში სიკეთე უნდა შექმნას.
როგორც ჩანს, მაინც პოლიტიკური სტაბილურობის შეგრძნებაა გადამწყვეტი ბიზნესისათვის?
- პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, დღეს არანაირი ხელშემშლელი პირობა არ არის იმისათვის, რომ ხელისუფლებამ დანაპირების შესრულება დაიწყოს.
ვერ ასრულებს თუ არ ასრულებს?
- საკმაოდ რთულია ამაზე პასუხის გაცემა და მგონია, რომ ჩვენს ხელისუფლებას არასწორი კურსი აქვს აღებული - მკვეთრად მარცხნივ გადაიხარა - მემარცხენე იდეოლოგიაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას იწყებს ქვეყანაში. მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული ვალდებულებები საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული და დეკლარირებას ახდენენ, რომ თავისუფალ საბაზრო პირობებზე დამყარებულ ეკონომიკას აშენებენ.
გარდა ამისა, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულებები ამომრჩევლის მიმართაც. მესმის, რომ სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში ძალიან მძიმეა და ხელისუფლებამ რაღაც უნდა გაიღოს - 2013 წლის ბიუჯეტი სოციალურად ძალიან დატვირთული გახადა, დიდი ვალდებულებები აქვს აკიდებული ბიუჯეტს და მის შესრულებას ცდილობს მხოლოდ საკუთარი რესურსის ხარჯზე.
ეს არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს არაპირდაპირი გადასახადების გაზრდაზე საუბრობენ. ხელისუფლება ხვდება, რომ ხვალ თუ ზეგ ბიუჯეტის შემოსავლები საკმარისი არ იქნება გაზრდილი და გაბერილი სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად. ვფიქრობ, რომ ეს კურსი არასწორია.
ხელისუფლება დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ ხაზს უნდა ქმნიდეს ბიზნესის გაზრდასა და გაფართოებას უნდა უწყობდეს ხელს, რაც ბიუჯეტის შემოსავლების წყარო გახდება და შესაბამისად, გარკვეული ვალდებულებების დაფარვისაც.
თუ ბიზნესი არ გაიზარდა და კომფორტულად არ იგრძნო თავი, ბიუჯეტში გადასახადს ვინ შეიტანს, წყარო ხომ მხოლოდ ბიზნესია?! დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა ხომ მხოლოდ ბიზნესს შეუძლია და აქედან გამომდინარე, გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების შექმნაც.
ჩვენი ხელისუფლება პირიქით, ამბობს, რომ ყველაფერს დააფინანსებს ბიუჯეტიდან, ყველა ხარჯს გაიღებს ბიუჯეტიდან და ეს ბიუჯეტი რამდენ ხანს ეყოფა, საკითხავია. რამდენ ხანს დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი სოფლის მეურნეობის პროგრამას, ხომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება ის აფინანსებდეს?!
ნაციონალებს ასევე შენიშვნები აქვთ შრომის კოდექსზე, ფინანსთა მინისტრის პროფესიონალიზმზე და ა.შ...
- შრომის კოდექსი იყო ერთადერთი საკითხი, რომელზეც ბიზნესმა ხმა ამოიღო, გახსენდებათ, რომ ოდესმე ბიზნესს რამე ხმამაღლა გაეპროტესტებინოს?- მსგავსი რამ არ მომხდარა არც შევარდნაძის არც სააკაშვილის პერიოდში და ივანიშვილის მმართველობის პირობებშიც თავისთვის აგრძელებენ მუშაობას - ბიზნესი საზოგადოების კონსერვატული ნაწილია და იშვიათად აპროტესტებს რამეს.
შრომის კოდექსის პირველი ვარიანტი იმდენად კაბალური იყო და იმდენად ცუდ პერსპექტივას ქმნიდა, რომ ბიზნესი მიხვდა, ხმა უნდა ამოეღო. ის ვარიანტი, რაც ცვლილებების შემდეგ დარჩა მეტ-ნაკლებად ნორმალურია. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - თუ შრომის კოდექსი ბიზნესისთვის კომფორტულ გარემოს არ შექმნის, შესაძლოა, ქვეყანაში ბიზნესის განვითარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს და საკუთარი ბიზნესების უცხოეთში გადატანაზე დაიწყონ ფიქრი.
ძალიან ცუდად მომხვდა ვაშაძის ნათქვამი ხადურთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მე და ხადური პოლიტიკურად სხვადასხვა პლატფორმასა და პოლუსებზე ვდგავართ, არ ვიზიარებ დღევანდელი ხელისუფლების ეკონომიკურ კურსს, მას არაპროფესიონალიზმს ვერ დასწამებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ის უბრალოდ ვერ დგამს სწორ ნაბიჯებს, რადგან ზოგადად ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა ეკონომიკის მიმართ არის არასწორი, ვფიქრობ, რომ ხადური უბრალოდ სიტუაციის მძევალია.
გასაგებია, რომ მემარჯვენეები ყოველთვის გვევლინებიან მემარცხენე იდეოლოგიის კრიტიკოსებად, მაგრამ მაინც, რატომ მიგაჩნიათ, რომ პრემიერის ეკონომიკური კურსი არასწორია?
- შეიძლება, ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ მე მაქვს ჩემეული ახსნა. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია. საქართველოში არაერთხელ მომისმენია მოსაზრება, რომ პრემიერი ბიზნესმენია, ბიზნესში დიდი ქონების დაგროვება შეძლო და როგორ შეიძლება, რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკა იყოს არასწორი, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, ბიზნესის განვითარებისთვის, და ა.შ. მე ამ პოზიციას არ ვეთანხმები, ივანიშვილმა იმ დროს დააგროვა ქონება, როდესაც რუსეთში ოლიგარქიული და ბიუროკრატიული სისტემა ყვაოდა და ისიც ამ სისტემის ნაწილი გახდა. მან თავისი ქონება სწორედ რუსეთის მაშინდელ ხელისუფლებასათან გაურკვეველ ბიზნეს თუ პოლიტიკურ წრეებთან სიახლოვით იშოვა და მას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კონკურენტულ გარემოში არ უმუშავია. შესაბამისად, მან არ იცის, როგორ იმართება ბიზნესი თავისუფალ კონკურენტულ გარემოში. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაშიც ისეთ მოდელს აშენებს, როგორიც იცის. ეს ჩემი, ერთი ადამიანის სუბიექტური მოსაზრებაა.
როგორც ვიცი, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაზე და მუდმივად მიმდინარეობს ეკონომისტებთან, ეკონომიკურ ექსპერტებთან მსჯელობა. საზოგადოების ასეთი ჩართულობა ალბათ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებასაც გამორიცხავს - თვლით, რომ პრემიერი არავის მოსაზრებას არ ითვალისწინებს?
- არის რაღაც, რაც მაფიქრებინებს, რომ ჩემი ვარაუდი მცდარი არ არის, მაგალითად კერძო დაზღვევა გაჰყავს ბაზრიდან და მის ნაცვლად ქმნის სახელმწიფო ფონდს, გარკვეული სახელმწიფო კაპიტალიზმის მსგავს მოდელს აშენებს და ეს იწვევს ასეთი ვარაუდების გამოთქმის საუძველს. მეორე მხრივ, ბიზნესიც გაურკვევლობაშია, არ ვიცით, ხვალ რა მოდელი გვექნება.
სახელმწიფო მინიმალურად უნდა ერეოდეს ბიზნესში და მას მაქსიმალურ თავისუფლებას უნდა აძლევდეს. ევროკავშირისა და ამერიკის ბიზნესმოდელებიც რომ შევადაროთ ერთმანეთს, უზარმაზარ სხვაობას დავინახავთ - ევროკავშირის ქვეყნებში ხელისუფლების მაქსიმალური ჩარევაა ბიზნესში, ამერიკაში - მინიმალური. სად უფრო მეტია უმუშევრობა, საბიუჯეტო დეფიციტი? - რა თქმა უნდა, ევროპაში. სად უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდა? - რა თქმა უნდა - აშშ-ში და ამ ყველაფრის განმსაზღვრელი ბიზნესია. ბიზნესის საქმიანობაში თუ ცხვირი ჩავაყოფინეთ ხელისუფლებას, ერთ-ორ წელს გაქაჩავს, მესამე წელს უკვე ვეღარ, იმიტომ, რომ ელემენტალურად, საამისოდ, საბიუჯეტო რესურსი აღარ ეყოფა.