ივანიშვილის პრობლემა – სააკაშვილი თუ საკუთარი პრესსამსახური?

ივანიშვილის პრობლემა – სააკაშვილი თუ საკუთარი პრესსამსახური?

28 დეკემბერს პრესაგე.ტვ–ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „ხელისუფლება სამარცხვინო ბოძზე“. სტატიის დაწერა განაპირობა ინფორმაციამ, რომელიც ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა. წყარო გვატყობინებდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილს 1,5 მლრდ დოლარი სთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელის მხრიდან უარი მიიღო. 
„როგორც წყარო ამბობს, საუბარი მეტად დაძაბულ ვითარებაში შედგა და საქმე კონფლიქტამდეც მისულა. წყარო იმასაც დასძენს, რომ რეზიდენციიდან გამოსულ ივანიშვილს გადაწყვეტილება მიუღია – საქართველოში რაც ბიზნესები აქვს, დახუროს“, – ვწერდით სტატიაში.

ორიოდე კვირის შემდეგ, დაახლოებით იგივე შინაარსის ინფორმაცია, იმ დამატებით, რომ ივანიშვილმა ოჯახი საზღვარგარეთ გახიზნა, სააგენტო „პირველის“ მიერ გავრცელდა, რასაც მეორე დღესვე მოყვა „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება და ინფორმაციის უარყოფა. ჩვენ აღნიშნული განცხადებაც განვათავსეთ ვებ–გვერდზე, თუმცა, მისი ტონიდან და შინაარსიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ პასუხი გაგვეცა პრესსამსახურის განცხადებაზე. 

კიდევ ერთხელ მოკლედ, მოვიყვანთ ფრაზებს განცხადებიდან, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო:

„ბოლო დროს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაცია საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს... ორივე სააგენტოს ინფორმაცია არის სრული აბსურდი, რადგან ივანიშვილი საქართველოში მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, აქ არანაირი ბიზნესი არ გააჩნია... თუკი ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის აშკარაა, რომ შეუძლებელია ხელისუფლების მხრიდან მასზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა, როგორც ამის წარმოჩენა სურთ. შესაბამისად, ივანიშვილს ვერც ვერავინ დაიბარებს და არც არავის ეახლება.

ერთადერთი, შესაძლოა არსებობდეს ხელისუფლებისგან მისი ფიზიკური ხელყოფის საფრთხე, მაგრამ რატომ უნდა აგდებდეს საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც საფრთხეში ივანიშვილი აქ, საქართველოში ყოფნით, როცა მას და მის ოჯახსაც აქვს ყველანაირი საშუალება, სადაც მოუნდებათ იქ იცხოვრონ...

ჟურნალიტებმა კი იციან სიმართლე, მაგრამ სხვაგვარად ხომ ვეღარ დაწერდნენ მთავარს - რომ დაიბარეს, ყური აუწიეს, დააშინეს... შევეცდებით განვმარტოთ, რატომ სურთ საქმის ასეთნაირად წარმოჩენა: პირველი - იმიტომ, რომ ჟურნალისტებს მსგავსი სტატიებით სურთ იმის ჩვენება, რომ ხელისუფლება ისეთ ბიზნესმენსაც კი არ ინდობს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. თუკი ხელისუფლება ასე მოქცევას კადრულობს ივანიშვილთან, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა წნეხს უნდა განიცდიდნენ ბიზნესსექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ საქართველოში საქმიანობენ. სწორედ მათი დაშინება სურთ. 

მეორე: ჩვენი ვარაუდით, მსგავსი ინფორმაციების გამავრცელებლებს სურთ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირის ძლევამოსილების ჩვენებაც, რომ მას შეუძლია დაიბაროს და ფული მოსთხოვოს ბიძინა ივანიშვილსაც კი, რომელიც Forbes-ის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს 200 უმდიდრეს ადამიანს შორის სახელდება.

და კიდევ: ეს არის ბატონი ბიძინას პიროვნების დამცირების, საზოგადოების თვალში მისი იმიჯის შელახვის მცდელობა და იმის ჩვენება, რომ შესაძლებელია მისი დაბარება, დაშინება და მასზე ზემოქმედება. მერე რა, რომ მდიდარია - როცა უნდათ დაიბარებენ და რასაც უნდა, იმას გააკეთებინებენ!“ – ნათქვამია განცხადებაში.

ჯერ ერთი, ის, რომ ივანიშვილს ვერავინ დაიბარებს და არც არავის ეახლება, ცოტა პათეტიკურად ჟღერს. რაც შეეხება ფულის მოთხოვნას და საქართველოში ბიზნესმენების მდგომარეობას, ივანიშვილის წარმომადგენლებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ, რა მდგომარეობაშია საქართველოში ბიზნესი და მართლა აბსურდულია მათი მხრიდან იმის მტკიცება, რომ სააკაშვილი ვერ გაბედავდა ივანიშვილისთვის ფული ეთხოვა.

ხელისუფლებამ, რომელმაც მცირე მეწარმეებიც კი დაანგრია და ბიუჯეტის შევსებას საპროცესო გარიგებებით ცდილობს, გინდათ დაგვაჯეროთ, რომ მსხვილ ბიზნესმენებს გვერდი აუარა? 

რა ფორმით ითხოვს სააკაშვილი ფულს ივანიშვილისგან თუ სხვა ნებისმიერი ბიზნესმენისგან, ამის შეხსენება, ვფიქრობთ, ზედმეტია და ამისთვის, საკმარისია, თუნდაც ბაკურიანის მაგალითი გაიხსენოთ.

რაც შეეხება თქვენს აღშფოთებას, ხომ არ არის ეს აღშფოთება იმით გამოწვეული, რომ თავად შესაძლოა დაკარგოთ „ფულის მუდმივი წყარო“? აწ უკვე გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი კლასიკური მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მდიდარი ადამიანების გვერდით უამრავმა მუქთახორამ მოიყაროს თავი და საკმარისია მას რაიმე ტიპის საფრთხე ან უბედურება შეექმნას, რომ ეს მუქთახორები სწორედ ამ საფრთხეზე და უბედურებაზე ცდილობენ ხელის მოთბობას. გაიხსენეთ თუნდაც, ჯოზეფ ქეი, ან გიორგი თარგამაძე. 

მსგავსი ინფორმაციები ივანიშვილის ახლო გარემოცვაზეც უამრავი გავრცელებულა, თუმცა, ეს ივანიშვილის პრობლემაა და საკუთარი თავისთვის უფლება არ მიგვიცია, რომ ამაზე საუბარი ჩვენ დაგვეწყო, თუნდაც „სკანდალების“ გამო, როგორც თქვენ ამბობთ.

აქვე განვმარტავთ - ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ივანიშვილის პიროვნების დამცირება. ჩვენ დავწერეთ იმის შესახებ, რაზეც ინფორმაცია ორმა სხვადასხვა წყარომ, თითქმის, ერთდროულად მოგვაწოდა. სხვათა შორის, ის რაზეც ჩვენი წყარო საუბრობდა, მაგრამ ჩვენ არ დავწერეთ, თავად პრესსამსახური საუბრობს - როცა ყურის აწევაზე და დაშინებაზე მიანიშნებს - და ეს, მართლაც უცნაურია. 

„ერთადერთი, შესაძლოა არსებობდეს ხელისუფლებისგან მისი ფიზიკური ხელყოფის საფრთხე...“ – როდესაც ამაზე წერთ, ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, რატომ მოგივიდათ თავში, თუნდაც თეორიულად, მსგავსი საფრთხის დაშვებაზე გესაუბრათ? და თუ ამას უშვებთ, მაშინ რატომ გიკვირთ, რომ ივანიშვილისთვის სააკაშვილს ფული ეთხოვა?

საერთოდაც, ამ განცხადების შემდეგ, რომელიც „ვაი ჭკუისაგან“ შეიძლება მხოლოდ მოდიოდეს და არა მართლაც საღი აზრისგან, კიდევ უფრო მეტად ესმის ხაზი იმ გარემოებას, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა და რეპუტაცია იმდენად გაღელვებთ, რამდენადაც ეს თქვენ შეგეხებათ. ალბათ, გულში მადლობელიც კი დაგვრჩით, რომ მოგეცათ საშუალება დაგეფიქსირებინათ თქვენი თავი პრესაში და ამით, ივანიშვილისთვის თქვენი საჭიროება კიდევ ერთხელ შეგეხსენებინათ.

და ბოლოს, არ ვაპირებთ ღრმად შევიდეთ პოლემიკაში, ვის, რატომ და რისთვის აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი, რადგან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის იმ ადამიანის რეპუტაციის შელახვა, რომელმაც ბევრი სიკეთე გააკეთა საკუთარი ქვეყნის და ხალხისთვის. სხვა საქმეა, ვინ როგორ იყენებს მის ამ სიკეთეს დაწყებული საჩხერიდან, დასრულებული თბილისის მაღალი ეშელონებით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მიზანი იყო სტატიით კიდევ ერთხელ გვეთქვა ის, რაზეც უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ – როგორ ეპყრობა სააკაშვილი ქვეყანაში ბიზნესმენებს, განურჩევლად მათი წონისა და მნიშვნელობისა. რაც შეეხება თქვენთან აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას, საკმაო გამოცდილება გვაქვს იმისთვის, ვიცოდეთ, რომ თქვენგან ამ ინფორმაციის დადასტურებას ვერ მივიღებდით, ისევე,როგორც სხვა ბიზნესმენების შემთხვევაში.

ჩვენ არც იმის გარანტია გვაქვს, რომ აღნიშნული განცხადება თავად ხელისუფლების კარნახით არ არის დაწერილი. ჩვენ არაერთი ასეთი ფაქტის მომსწრედა მნახველი ვყოფილვართ. ირაკლი ოქრუაშვილმა თუ ერთ დღეში შეცვალა საკუთარი ჩვენება, რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაშიც შსს–ხელი არ ურევია? 

თუ ჩვენს მიერ დაწერილი ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება და ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დარჩება, რაც მას ნამდვილად დადებითად ახასიათებს, გვერწმუნეთ, ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

რაც შეგეხებათ თქვენ, პრესსამსახურს, როგორც ჩანს, ჟურნალისტებთან ურთიერთობის ეს სტილი კარგად გაქვთ აპრობირებული, რადგან ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჟურნალისტებთან პირდაპირ იერიშზე გადადიხართ. თუმცა, გპირდებით, პირადად პრესაგე.ტვ არ მოგცემთ საბაბს, რომ თქვენი სიცოცხლისუნარიანობის გასახანგრძლივებლად თქვენთან პოლემიკა გავმართოთ. ეს ივანიშვილის საქმეა და თუ სურს თავად მიხედავს ამ პრობლემასაც.