კანონი გენერალური პროკურორის გადაწყვეტილების გადახედვას კრძალავს

კანონი გენერალური პროკურორის გადაწყვეტილების გადახედვას კრძალავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს და მთავარ პროკურორს გადაწყვეტილების კრიტიკულად გადახედვის თხოვნით მიმართავს. ბედუკაძის მიმართ გამოყენებული გადაწყვეტილება ეჭვს იწვევს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისთვის და პრემიერის მსგავსად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება გადასახედია. გადახედავს თუ არა თავად განაჩენის ავტორი გენერალური პროკურორი საკუთარ გადაწყვეტილებას, უცნობია.

პრემიერის მოწოდება მთავარი პროკურორისადმი, რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ პროკურორს კანონი არ დაურღვევია, ურთულესი პროცედურაა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შუამდგომლობის ავტორი იყო საქართველოს მთავარი პროკურორი, აქიდან გამომდინარე, მისი ზემდგომი პროკურორი აღარ არსებობს, რომელსაც შეუძლია გაასაჩივროს ეს საკითხი სასამართლოში. რთული სათქმელია რა გამოდგება საქმეში ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომელიც საქმის გადასინჯვის სამართლებრივ საფუძველს იძლევა. თუმცა, როგორც იურისტები განმარტავენ, ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს დაზარალებული.

 „გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შეუძლებელია ამ კუთხით ამ საკითხის გადახედვა. ერთადერთი თუ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, ან ერთადერთი, თუ ხელოვნურად არ იქნა საქმე დამძიმებული იმის გამო, რომ პრემიერის დავალება შესრულდეს და მოხდეს სხვა ბრალდების შერაცხვა ბედუკაძისთვის. კონკრეტულად, ამ კუთხით, რომ კბილაშვილის გადაწვეტილება გადაისინჯოს, ეს შეუძლებელია,“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სამართალმცოდნე კახი კახიშვილი.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო პატიმრების წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის არაერთ ფაქტზე ბრალდებული ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც მე მოგვიანებით, საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისგან შევიტყვე. ამ უკანასკნელებმა მთხოვეს, შემეფასებინა ეს გადაწყვეტილება და მე დავპირდი, რომ დეტალური შესწავლის შემდეგ გავაკეთებდი განცხადებას და გამოვხატავდი ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.

პირადად მე არც ერთხელ არ ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ რაიმე ფორმით ჩავერიო პროკურატურის საქმიანობაში. ცხადია, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლობის ის უპრეცედენტო ხარისხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიენიჭა პროკურატურას, თეორიულად, შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეული შეცდომების დაშვების საფრთხეებსა და რისკებს, მაგრამ დღესაც მტკიცედ მჯერა, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის საჯარო ინტერესი ბევრად აღემატება იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

რაც შეეხება ბედუკაძის საქმეს, მე გავეცანი ყველა იმ არგუმენტს, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ პირადად ჩემთვის, ისინი არასაკმირისი და არადამაჯერებელია. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის. ამასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა ამ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოჩენილმა ლოიალურობამ, რამაც, ჩემი აზრით, არაადეკვატურად ლმობიერ განაჩენებში ჰპოვა ასახვა.

მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია, მითუმეტეს, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, დამკვიდრებული იყო ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკა. ჩემი შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ხელს შეუშლის მომავალში ამ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის მიმართულ ძალისხმევას.
მინდა ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია მას პირადად მივმართო - კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის“, - აღნიშნულია პრემიერ მინისტირს განცხადებაში.

ციხის სკანდალური კადრების ავტორს ლადო ბედუკაძეს პრემიერის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ სურს. „ამის თაობაზე არაფერი მსმენია. არ მაქვს კომენტარის სურვილი“, - აცხადებს ლადო ბედუკაძე. 

ბედუკაძის ადვოკატმა, ელზა ჯმუხაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერის განცხადება სამართლებრივად საფუძვლებს მოკლებულია, მისივე განმარტებით, პროკურატურა სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ვერ გადახედავს.

„როგორ უნდა გადახედოს დამთავრებულ საქმეს მთავარმა პროკურორმა? პრემიერი ჩააგდეს უხერხულ მდგომარეობაში, იგი არ არის საქმის კურსში, არ არის იურისტი, არ შეუძლია გასცეს სამართლებრივად დასაბუთებული პასუხი. აქედან გამომდინარე, პრემიერი ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ელზა ჯმუხაძემ.

როგორც ირკვევა ლადო ბედუკაძის მიმართ გამოტანილ განაჩენში პირდაპირ მითითებულია, რომ მან სასიცოცხლო რისკის ფასად, უანგაროდ, სისტემური დანაშაული ამხილა. ბედუკაძის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის სრული საფუძველი არსებობდა.

„სრული სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, ბედუკაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო, რადგან არსებობს კანონი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ პირის უშუალო ხეშეწყობით გაიხსნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამ განაჩენის გადასინჯვის ერთადერთი საშუალება არსებობს - გასაჩივრება. სხვა შემთხვევაში, განაჩენი რჩება ძალაში. პროკურატურამ სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი როგორ უნდა გადასინჯოს?“ - აღნიშნა ელზა ჯმუხაძემ.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის მსგავსად მიიჩნევს, რომ ლადო ბედუკაძის მიმართ გამოყენებული გადაწყვეტილება ეჭვს იწვევს და გადასახედია.

„წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, არის ადამიანის უფლებებში, პრაქტიკულად, იმ პატარა სიას შორის, რომელზეც სრულიად სამყარო თანხმდება, რომ ეს არის იმპერატიული ნორმა. ეს არის პრინციპი, რომლიდანაც გადახვევა, როგორც ამბობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არ შეიძლება, მაშინაც კი, როდესაც ომია ქვეყანაში და როდესაც ერის არსებობას საფრთხე ემუქრება.

ამას ამბობს ევროპული კონვენცია. აქედან გამომდინარე, თუკი წამების აკრძალვიდან გადახვევა არ შეიძლება მაშინაც კი, როდესაც ერის არსებობას საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა, ბედუკაძის მიმართ გამოყენებული გადაწყვეტილება და ღონისძიება ეჭვს იწვევს და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმას, რომ ეს გადასახედია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის შეფასებით, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილება შეცდომა იყო.

„მე მიმაჩნია, რომ წამებაში ეჭვმიტანილი ადამიანის გათავისუფლება პროკურატურის მონაწილეობით არანაირად არ შეიძლება სწორად ჩაითვალოს და როდესაც ადამიანს ასეთი მუხლით აქვს ბრალი წაყენებილი, პროკურატურაც უნდა იყოს ძალიან თანმიმდევრული და სასამართლომაც ფრთხილი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე მიმაჩნია, ეს იყო შეცდომა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე განმარტავს, ბედუკაძის საქმის გადახედვა იმდენად რთულ სამართლებრივ პროცედურას უკავშირდება, რომ არჩილ კბილაშვილს მიღებული გადაწყვეტილებიდან „თავის დაძვრენა“ ძალიან გაუჭირდება.

„საპროცესო შეთანხმება დამტკიცებულია სასამართლოს მიერ, მას დღეს აქვს სასამართლო განაჩენის ძალა, რომლის გადახედვაც და გაუქმებაც თავად სასამართლოს მიერ საქმეში ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლობა საქმის გადახედვის სამართლებრივ საფუძველს არ იძლევა. დაშვებულია, როგორც ძალიან დიდი პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი დანაშაული. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს სამართლებრივი დეტალების თაობაზე ინფორმაციას არ აწვდიდნენ და საქმის კურსში არ აყენებდნენ.

დარწმუნებული ვარ, მან არ იცოდა, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევაში, მთავარ პროკურორს აქვს უფლება ბრალდებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან სრულად გაათავისუფლოს, მაგრამ აქ არის ერთი მთავარი გამონაკლისი - ეს არ შეიძლება მოხდეს, როცა საქმე გვაქვს წამებასთან. კანონმდებლობაში წამების მუხლი საგანგებოდ ჩაიდო, რადგან საერთაშორისო ხელშეკრულებები და კონვენციები ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრია. მესმის, რომ ლადო ბედურაძე მათთვის ოქროს თევზია, რომლის წინაშეც აქვთ პოლიტიკური ვალდებულებები, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომელსაც რეაგირება უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს დავით საყვარელიძე.

სამართალმცოდენე კახი კახიშვილი განმარტავს, რომ გენერალურმა პროკურორმა გამოიყენა თავისი დისკრეცია და ჩათვალა საჭიროდ რომ ბედუკაძე სრულიად განთავისუფლებულიყო პასუხისმგებლობისგან. მისივე თქმით, სახეზეა საკანონმდებლო ხარვეზი, როდესაც მთავარ პროკურორს პირდაპირ ენიჭება უფლება, რომ ნებისმიერი ბრალდებული, ნებისმიერ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული გაანთავისუფლოს პასუხისმგებლობისგან.

„სრული უაზრობაა, მაგრამ ეს წერია კოდექსი მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ კანონს თავისთვის ირგებდა, ბატონმა ადეიშვილმა დაიტოვა თავისთვის ე.წ. ვეტოს უფლება დაჭერის კუთხით. რაც შეეხება კონკრეტულად ბედუკაძეს, მე საერთოდ არ ვიცი საქმის მასალები, რამდენად იკვეთება საქმის მასალებში შესაბამისი მტკიცებულებებით მისი პასუხისმგებლობის საკითხი და კონკრეტულად რა მოქმედებებში.

ბუნებრივია, მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება მოითხოვს ახსნას. მითუმეტეს, როდესაც ამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით ყველა ბრალდებულის მიმართ დადგა ძალიან ლმობიერი განაჩენი. ჩემთვის აუხნელია რატომ მიუსაჯეს იმ პირებს, რომელთა მხრიდან სადისტური მოქმედებები პირდაპირ სახეზეა, ასეთი ლმობიერი სასჯელი“, - აცხადებს კახი კახიშვილი.