მარაბდა-კარწახის რკინიგზის ხელმძღვანელობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ კრინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება მარაბდა - კარწახის რკინიგზის დირექტორმა, ირაკლი წულაიამ გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება 2012 წლის ოქტომბრამდე გაფლანგულ თანხებზე და ეს იმ კომპონენტს ეხება, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებდა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მოინახულა მარაბდა-კარწახის რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები და განაცხადა, რომ მშენებლობა შეჩერებულია.
„იმის გამო, რომ სერიოზული შეფერხებებია დაფინანსებაში, იმის გამო, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან უცებ ბევრი გაურკვეველი საკითხი წარმოიქმნა, ამ რკინიგზის დასრულება წელს ვეღარ მოხდება. ვვარაუდობდი, ჩემი პრეზიდენტობა დამემთავრებინა სწორედ იმით, რომ გაგვეხსნა ეს დიდი მნიშვნელობის რკინიგზა. ეს რკინიგზა საქართველოს შეაერთებდა ევროპასთან. ეს რკინიგზა რეალურად არის ჩინეთი-ლონდონის რკინიგზა, მაგრამ მთელ ევროპაში აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა და ის საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამის ნაცვლად, ჩვენ გვიხდება ლაპარაკი იმაზე, რომ ეს რკინიგზა ვერ დამთავრდება ვერც წელს და როგორც დღეს გამოჩნდა, ვერც მომავალ წელს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ირაკლი წულაია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამუშაოების დასათვალიერებლად სპეციალურად ჩავიდა ადგილზე უქმე დღეს, რათა შემდეგ ეთქვა, რომ სამუშაოები შეჩერებულია.
უფრო ვრცლად ამ თემაზე for.ge მარაბდა-კარწახის რკინიგზის დირექტორს, ირაკლი წულაიას ესაუბრა.
ბატონო ირაკლი, თქვენ აღნიშნეთ, რომ მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით (2012 წლის ოქტომბრამდე) გამოძიება მიმდინარეობს. იქნებ განგვიმარტოთ, რაზეა საუბარი, საქმე გვაქვს თანხების გაფლანგვასთან?
ირაკლი წულაია: „ამ თემაზე უფრო უპრიანი იქნება, პროკურატურას დაუსვათ კითხვები, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ აქ საუბარია მილიონობით ლარის გაფლანგვაზე. რაც შეეხება გარკვეულ კითხვებს, რაც ამ მშენებლობასთან დაკავშირებით ჩნდება, ეს კითხვები არსებობს ქართულ მხარესთან და წინა ხელისუფლებასთან და არა აზერბაიჯანულ მხარესთან. აზერბაიჯანულ მხარესთან ყველა თემა არის დალაგებული, სამშენებლო სამუშაოები სათანადოდ მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ გაგვაჩნია.
პრეზიდენტი სააკაშვილი ადგილზე ჩავიდა და განაცხადა, რომ მარაბდა-კარწახის რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. არის თუ არა ეს მართლაც ასე?
- კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ყველა ჟურნალისტი ჰყოლოდა იმ დღეს გვერდით და არა მხოლოდ მის მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტები, რათა მედია-საშუალებების წარმომადგენლები იქ არსებულ რეალობას დააფიქსირებდით. პრეზიდენტი იქ ჩავიდა კვირა დღეს იმ იმედით, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული დახვდებოდა, მაგრამ როდესაც ახალქალაქშიც და კარწახშიც (სადაც პრაქტიკულად დასრულებულია სადგურის მშენებლობა) სამშენებლო სამუშაოების საკმაოდ მაღალი ტემპი დახვდა, ამის გამო სააკაშვილმა ადგილიდანვე ვეღარ გააკეთა განცხადება, შევიდა კოჭრის ტყეში და იქ ჩაატარა ბრიფინგი. მან განაცხადა, რომ სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის ის ტემპი, რომელიც მას სურს.
მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი აქტიურად ცდილობს, ასეთი განცხადებებით პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალოს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რადგან თავად მიხეილ სააკაშვილიც აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან პრიორიტეტული პროექტია.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის დროისთვის აპირებდა ამ პროექტის დასრულებას. რამდენად რეალური იყო ამის გაკეთება?
- როდესაც ჩვენ მმართველობაში მოვედით, 2013 წლის იანვრის ბოლოს მთლიანი სამუშაოების შესრულება გახლდათ 28%, ანუ ოთხი წლის განმავლობაში, მათ ამ რკინიგზის მთლიანი მოცულობის 28% ააშენეს. როგორ ფიქრობთ, ოთხი წლის განმავლობაში 28%-ის ამშენებელი ჯგუფი, ერთ წელიწადში სამუშაოების 72%-ის დასრულებას შეძლებდა? რა თქმა უნდა, არა.
გვირაბის მშენებლობა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ამ გვირაბის მხოლოდ გათხრა და ლიანდაგების გაყვანა წელიწადნახევარზე ნაკლებ დროში ვერანაირად ვერ მოხერხდება. ამდენად, პრეზიდენტი აქაც ცრუობს. სამუშაოების შესრულებებს რომ გადავხედოთ, მხოლოდ ამ წელს ჩვენი შესრულება 21 მლნ დოლარია, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
პროექტით როგორ იყო გაწერილი, ანუ როდის უნდა დასრულებულიყო ამ რკინიგზის მშენებლობა?
- ზოგადად, თავიდანვე გარკვეული პრობლემები შეიქმნა, მაგრამ დასახელებული იყო 2013 წლის ბოლო, თუმცა ეს არ იყო გაწერილი გეგმა-გრაფიკებით და იმ რეალური შესაძლებლობების მიხედვით, რაც კომპანიას გააჩნდა. მართვაში მოსვლისთანავე ჩვენ მოვახდინეთ პრობლემების იდენტიფიცირება, შესაძებლობების და რესურსების გაზომვა (როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური) და დავდეთ რეალური გეგმა-გრაფიკები. ამ გეგმების თანახმად, თუკი აქტიურად ვიმუშავებთ, შესაძლებელია, 2014 წლის ბოლოს დავასრულოთ პროექტი და ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა ექსპლოატაციაში შევიდეს.
რამდენადაც ცნობილია, ასევე გარკვეული კითხვები დაისვა პრეზიდენტის მხრიდან რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული თანამშრობლების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ამაზე რას გვეტყვით?
- არანაირი პრეტენზია რეალურად ამ მხრივ არ არსებობს. როგორც ადგილიდან მატყობინებენ, იქ იყო ორი თვის დაქირავებული კარწახელი მუშა, რომელსაც ხელში ეჭირა წინასწარ დაწერილი ტექსტი და პრეზიდენტისთვის უნდა მიემართა, რომ თითქოს, ორი თვის განმავლობაში არ უხდიდნენ ხელფასს. მინდა გითხრათ, რომ ამ კრინიგზის მშენებლობის ისტორიაში მასზე დასაქმებულ მუშებს 400-500 ლარზე მეტი არასოდეს ჰქონიათ. დღეს კი მათი შრომის ანაზღაურება 800 ლარიდან იწყება, ხოლო იმ პროფესიონალების ხელფასი, რომლებიც კონკრეტული სპეციალობებით არიან დაქირავებულები, 1000 ლარიდან იწყება და 2000 ლარამდეც ადის. მოგეხსენებათ, თბილისშიც კი არ არის ასეთი მაღალი ხელფასები.
პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა პრეტენზია, რომ სამშენებლო სამუშაოები მასშტაბური არ არის. რას უპასუხებდით მას?
- რაც შეეხება მასშტაბურობას, 2013 წლამდე 4 სამუშაო ფრონტი იყო გახსნილი, რაც დაახლოებით 12 სამუშაო უბანია. დღეს კი 12 სამუშაო ფრონტია გახსნილი და ამ დროისთვის 57 სამუშაო უბანი მოქმედებს. ამდენად, ხუთჯერ მეტად არის გაშლილი სამუშაოები. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმინდვია იმის განსჯა, გაზრდილია თუ შემცირებული ჩვენი პროექტის სამშენებლო სამუშაოები.
ბატონო ირაკლი, თქვენ პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებთ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებთან შეხვედრა ჰქონდა, აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენელმაც დაუსვა ივანიშვილს კითხვა მარაბდა- კარწახის რკინიგზასთან დაკავშირებით, რადგან აზერბაიჯანში ჰქონიათ ინფორმაცია, რომ რკინიგზის ამ ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. თქვენი აზრით, რას უკავშირდება აზერბაიჯანული მხარის არასწორი ინფორმირებულობა?
- როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ყოველდღიურად გამოდის და ყოვლად უპასუხისმგებლო, არაფერზე დაფუძნებულ განცხადებებს აკეთებს, შეიძლება ამ თემაზე ვინმეს კითხვები მართლაც გაუჩნდეს, მაგრამ დღეს ჩვენს პრეს-კონფერენციაზე აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც იყვნენ და მათ დეტალურად განემარტათ, როგორ მიმდინარეობს საქართველოში ამ რკინიგზის მშენებლობა. ასე რომ, შეიძლება პრეზიდენტის განცხადებების გამო ვინმე შევიდეს შეცდომაში, მაგრამ ჩვენი პრეს-კონფერენციები სწორედ ამას ემსახურება, რომ მიმდინარე სამუშაოების შესახებ საზოგადოებას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ.
რაც შეეხება პიარს და მუდმივად ლენტების გაჭრას, ჩვენ ამაზე ორიენტირებულები არ ვართ. მიგვაჩნია, რომ რეალურ საქმეს თავისთავად მოჰყვება პიარი.