შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლოა, დიპლომატიური სტატუსი მიენიჭოთ. ასეთი პირები პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე და მეკავშირე ოფიცერი იქნებიან, რომლებთან დაკავშირებითაც ცვლილებები "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შედის.
პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცერს თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით დანიშნავს. აღნიშნულ პირებს მიენიჭებათ უფროსი და უმცროსი დიპლომატიური თანამდებობების შესაბამისი კატეგორიები და დიპლომატის სტატუსითა და გარანტიებით ისარგებლებენ.
ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება წარმოდგენილია ახალ - "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" კანონპროექტთან ერთად, რომლის მიზნადაც ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება სახელდება.
კანონპროექტი ეხება საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ოპერატიულ-სამძებრო და პერსონალური ინფორმაციის გაცვლას, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებისა და სხვა პირების დაცვას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას და სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებს.