სააკაშვილი - ქართველი ნორიეგა

სააკაშვილი - ქართველი ნორიეგა

სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით, საუდის არაბეთში ვიზიტებისას სააკაშვილი აშშ-ის მიერ შავ სიაში შეყვანილ საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსს - ადნახა ჟოგის ხშირად ხვდებოდა, რომელიც, თავის მხრივ, იარაღით გავლენიანი მოვაჭრეა.

ექსპერტის განმარტებით, ადნახა ჟოგი აქტიურად მოქმედებდა ლიბანში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის მიმართულებითაც. ამიტომ, ექსპერტი თვლის, რომ დავით კეზერაშვილის კავშირები თუ გაიშიფრება, ისიც გაირკვევა, იარაღი სად და როგორ მოძრაობდა.

ვახტანგ მაისაიას აზრით, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო, ასევე, დუბაიში ფიქსირებული ვიქტორ ბუტის კომპანიაც, რომელიც ახორციელებდა ევროპის მიმართულებით იარაღის გადაადგილებას. ამ სამი მომენტის, ასევე, ფოთის პორტის პრივატიზაციის გეგმების უკან კი, რომელსაც არაბულ კომპანიასთან მივყავართ, შეიძლება იდგეს ადნახა ჟოგი- უძლიერესი ფიგურა, რომელიც, ბუნებრივია, ჩრდილში მოქმედებს. თუმცა იგი ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ შეტანილი იყო შავ სიაში და მას ამერიკაში ახლაც არ შეესვლება. ამდენად, ვახტანგ მაისაიას აზრით, ყველაფერ ამის გადამოწმება თუ მოხდება, ბევრი რამ გამოჩნდება.

„ჩემი ანალიტიკური დასკვნით, სააკაშვილი რომ დარბოდა არაბეთში, კონკრეტულად, აბუ-დაბიში, დუბაისა და კატარში, ეს ის ადგილებია, სადაც ოფიციალურად აქვს შტაბ-ბინა თალიბანის მოძრაობას, სადაც იყო ვიქტორ ბუტის ოფისი. სწორედ აბუ-დაბისა და კატარში აქტიურობდა საუდის არაბეთის დაზვერვა და მათთან დაახლოებული პირები, განსაკუთრებით, ადნახა ჟოგი, რომელიც ნომერ პირველი იარაღით მოვაჭრე და საკმაოდ სკანდალური პიროვნებაა და ერთი პერიოდი, ბინ ლადენის კომპანიის წარმომადგენელიც გახლდათ. ამ კუთხით, სააკაშვილის ვიზიტები ბევრ კითხვას იწვევდა. თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც თქვა, რომ ის არაბული ბიზნესის ინვესტიციების მოზიდვას ახორციელებდა. თუმცა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ადგილებში მოქმედებდნენ, როგორც ჩვეულებრივი, ისე შავი ბიზნესის წარმომადგენლები. მათ შორის, იარაღით, ნარკოტიკებით მოვაჭრეები. ნაწილობრივ ამას ადასტურებს ისიც, რომ 7 ტონა ნარკოტიკი გადიოდა საქართველოს ტერიტორიიდან, რაც გაეროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ დოკუმენტებშიცაა დაფიქსირებული. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაადასტურეს, რომ საქართველო იყო არალეგალური იარაღის ქვეყანა და აქედან ხდებოდა ექსპორტი“,- აღნიშნა For.ge-სთან საუბარში ვახტანგ მაისაიამ.

მისი თქმით, ლაფანყურის ოპერაცია პირდაპირ კავშირშია, რომ სააკაშვილს უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ვაჰაბიტურ რადიკალ დაჯგუფებებთან. საუბარია ბარაევისა და ძმები ახმადოვების მომხრე დაჯგუფებებთან, რომლებიც დაქირავებული ვაჰაბიტი მებრძოლები არიან და ყველაფერზე მიდიან. ამაში ვახტანგ მაისაია გულისხმობს სიკვდილის ესკადრონების შექმნას, ადამიანების გატაცებას, იარაღის ბიზნესსა და ნარკოტიკებს. ასეთ დაჯგუფებასთან კი არა მარტო სააკაშვილსა და მის დაჯგუფებას, არამედ საიდუმლო პოლიციას - კონტრდაზვერვის დეპარტამენტსაც ჰქონდა უშუალო კავშირი. 

ვახტანგ მაისაიამ აღნიშნავს, რომ სააკაშვილის საეჭვო კავშირებს მტკიცებულებაც არ სჭირდება. მით უფრო, რომ პირადად იგი, როგორც ექსპერტი, გახლდათ ეუთოს საერთაშორისო ექსპერტი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, ასევე, პოლიტიკური ისლამის სფეროში დაცული აქვს დისერტაცია. ამდენად, ასეთი გონივრული ეჭვის საფუძველი მას ნამდვილად გააჩნია. 

ამდენად, ვახტანგ მაისაია აცხადებს, თუ ეს კავშირები დაუმტკიცდება სააკაშვილს, მას ამერიკის სასამართლოსთან ექნება საქმე, ვინაიდან ვიქტორ ბუტიც გაასამართლა ამერიკის სასამართლომ და ამერიკულმა მხარემ მოითხოვა მისი დაკავება. ასე რომ, სააკაშვილის მოქმედება ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება და ეს იქნება რეალური მაგალითი იმისა, რომ სააკაშვილი ტყუილად ეფიცებოდა ამერიკას ერთგულებას.

„ეს იქნება ნორიეგას ვარიანტი. სააკაშვილი არის ქართველი ნორიეგა. თავის დროზე მანუელ ანტონიო ნორიეგა მორენო იყო პროამერიკული იდეის მქონე პიროვნება, მას კავშირი ჰქონდა იმდროინდელი ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მაგრამ მოგვიანებით მან კავშირები დაამყარა კოლუმბიურ მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფებასთან. გარდა ამისა, მას ურთიერთობა ჰქონდა კოლუმბიის კარტელის  წარმომადგენლებთან. ამიტომაც ამერიკელები პანამაში შეიჭრნენ, ნორიეგა დააპატიმრეს და გაასამართლეს, რადგან იგი ამერიკის ნაციონალურ ინტერესებს და მის უსაფრთხოებას რეალურ საფრთხეს უქმნიდა. იგივე ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

ამასთან, ექსპერტი იარაღის უკანონო ვაჭრობით მიღებულ სავარაუდო საკმაოდ დიდ თანხებზეც საუბრობს. კერძოდ, მსოფლიო მასშტაბით, რამდენიმე მილიარდს აღწევს ეს თანხები. მარტო რუსეთის ფედერაცია ოფიციალური იარაღის გაყიდვით იღებს 10-დან 20 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს. არალეგალური ბიზნესის მოცულობა კი დაახლოებით ამდენივეა, თუ არა - უფრო მეტიც. ქართული მხარე კი ამ ყველაფერში, სავარაუდოდ, 5-10 მილიარდ დოლარით ხეირობდა.

„აქ რამდენიმე სქემის კომბინაციაა და თანხის დადგენა ცოტა რთულია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ საქართველო იყო არალეგალური იარაღის ქვეყანა სწორედ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში. 2011-12 წლებში საქართველოს გავლით აქაური თვითმფრინავით ხდებოდა კალაშნიკოვების დიდი პარტიის გადაზიდვა უგანდაში. ეს ტვირთი ბულგარეთის პოლიციამ დააპატიმრა და აღმოჩნდა, რომ საქართველოს მიმართულებიდან მიდიოდა. ბულგარეთის ტრანზიტს სწორედ ვიქტორ ბუტის კომპანია იყენებდა“, - მიიჩნევს ყოფილი პოლიტპატიმარი.   

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე აღნიშნულ ინფორმაციას ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს, თუმცა დიდი ალბათობით, აცხადებს, რომ საქართველო მიმზიდველი იქნებოდა ნარკოტიკული საშუალებების თუ იარაღის ტრანზიტისთვის, რადგან საეჭვო პირების მიერ ადვილად ხდება ჩვენისთანა ქვეყნების კონტროლი და საეჭვო ტვირთების გადაადგილება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს არანაირი დემოკრატიული კონტროლი არ ხორციელდებოდა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებზე.  

„ასეთ შემთხვევებში, ხდება თანხაზე შეთანხმება მასთან, ვინც აკონტროლებს სიტუაციას და, ვისაც შეუძლია ძალოვანების კონტროლი. ამის შემდეგ კი უკვე მარტივია და გარანტიაც გაქვს, რომ შენი ტვირთი უსაფრთხოდ გაივლის. იქ იყვნენ ლიდერები, რომლებსაც შეეძლოთ, გარკვეული ჯგუფებისთვის ისეთი პირობები შეექმნათ, რომ  საიდუმლო ოპერაციის საფარქვეშ იარაღის უკანონო მიმოქცევა მომხდარიყო“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე და მიიჩნევს, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუკი ჟურნალისტური გამოძიება ამ საკითხით დაინტერესდება.

მისი აზრით, როცა ასეთი ტიპის სამალავების თემა აქტუალურია და, როცა, თუნდაც, ნარკოტიკის ასეთ დიდ პარტიას აკავებენ, გამოძიება მარტო იმ კუთხით კი არ უნდა წარიმართოს, რომ ერთი კონკრეტული დამნაშავე დაისაჯოს, არამედ სპეციალური ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომ ამ მიმართულებით საქართველო უმაღლეს დონეზე გაკონტროლდეს.

გიორგი თავდგირიძის განმარტებით, უკანონო ტრანზიტის აღკვეთა აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ევროპულმა ქვეყნებმა სერიოზულად შემოგვხედონ და ნატოში გავწევრიანდეთ.