უგულავა წულუკიანის იმედად და ჩემიას წინააღმდეგ

უგულავა წულუკიანის იმედად და ჩემიას წინააღმდეგ

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ გადაცემა „პოზიციაში“ თბილისის მერიის დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმის სასამართლო პროცესზე ისაუბრა და ქვეყნის ახალი ხელისუფლება მოსამართლე ჩემიასთან გარიგებაში დაადანაშაულა. უგულავას თქმით, ამ საქმის რუსთავში გადატანას მოსამართლე მადონა მაისურაძესთან არის დაკავშირებული, რადგან იგი მოსამართლე ჩემიას მეუღლეა, გიორგი ჩემია კი ის მოსამართლეა, რომელმაც თავის დროზე, გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

„რუსთავში გადატანა მოხდა ერთადერთი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ იქ, როგორ ჩანს, კარგად იყო გაკვალული გზა მოსამართლემდე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იყო ამ საქმის მოსამართლე. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ფრაზას: ვისია, ვისია მოსამართლე ჩემია? მოსამართლე ჩემია გახლავთ ის მოსამართლე, რომელმაც გირგვლიანის ბრალდებაზე ის რამდენიმე პოლიციელი გაამართლა. ეს მოსამართლე ჩემია არის ამ ქალბატონი მოსამართლის ქმარი და იმ დღეს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდნენ ეს მოსამართლე ჩემია იყო სათათბირო ოთახში, სადაც გადაწყვეტილებას იღებდნენ“, - აცხადებს გიგი უგულავა და გამოძიებას მოუწოდებს, ამ საქმის დეტალებით დაინტერესდეს.

უგულავას განცხადებით, მოსამართლე ჩემიასთან გარიგება შედგა იმ პირობით, რომ იგი აირიდებს პასუხისმგებლობას, მათ შორის გირგვლიანის რეზონანსული საქმის გამო. თბილისის მერის თქმით, ამ გარიგებაში მონაწილეობდა მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი.

„ჩემიას და მის მეუღლეს ამოძრავებთ თვითგადარჩენის ინსტინქტი. ძალიან ცუდია, როდესაც მოსამართლე ვერ ამართლებს საკუთარ გადაწყვეტილებას. თუ გამოძიებას აინტერესებს, შეუძლია ამოიღოს და ნახოს, ვინ როდის, რას ურეკავდა და რას ელაპარაკებოდა“, - აცხადებს უგულავა.

მისი თქმით, ჩხატარაშვილი არის ყოფილი პროკურორი, რომელიც ლაშა ნაცვლიშვილს საქმეებს უგვარებდა და სვამს კითხვას - „ეს არის სამართლიანობის აღდგენა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაპირდა?“

ამასთანავე, იგი იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნების საქმით იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დაინტერესდება. მისი თქმით, როდესაც ამ საქმესთან დაკავშირებით ამდენი კითხვა გააჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველსაც, ხოლო სააპელაციო სასამართლო საქმეს განსახილველადაც კი არ იღებს, ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში სერიოზული ზეწოლაა.

„მე არ მჯერა, რომ პროკურატურა მერიის მაღალჩინოსნების უკანონოდ დაკავების ფაქტს გამოიძიებს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება, მთავრობიდან დაინტერესდეს, ეს არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. შინაგანად მგონია, რომ ერთადერთი ადამიანი, როემლიც ამ საქმის გამო შეიძლება, შეწუხდეს, იუსტიციის მინისტრია. ადრე თუ გვიან სიმართლე გაირკვევა“, - აღნიშნავს გიგი უგულავა.

მისი განცხადებები საკმაოდ საინტერესოა, რადგან გიორგი ჩემია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას პირველად სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დაამახსოვრა თავი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში წლების განმავლობაში იმხილებოდა და მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები (მათ შორის გიგი უგულავაც) ჩემიას კეთილსინდისიერებაში დარწმუნებულები იყვნენ. ახლა კი უგულავა მის თვითგადარჩენის ინსტინქტზე ალაპარაკდა. მართალია, იგი პირდაპირ არ ამბობს, რომ მოსამართლე ჩემია წლების განმავლობაში დანაშაულს სჩადიოდა, მაგრამ ვინაიდან თბილისის მერი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ჩემია და მისი მეუღლე თვითგადარჩენას ცდილობენ, ეს მისი მხრიდან ირიბი აღიარებაა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მოსამართლეები პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ. ამიტომ საკითხის პოლიტიზირება და ჩემიას ახალ ხელისუფლებასთან გარიგებაში დადანაშაულება, უგულავას მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

ხელისუფლების მოსამართლე ჩემიასთან გარიგებებასთან დაკავშირებით, უგულავას მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე for.ge საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ვახტანგ ხმალაძეს დაუკავშირდა.

დეპუტატი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ჩემიას მიმართ არსებობდა პრეტენზიები, რომ ის მოქმედებდა არა როგორც მოსამართლე, არამედ როგორც პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი. მოსამართლის საქმიანობაზე სამსჯელოდ, ხმალაძის თქმით, არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე მოსამართლეთა დისციპლინური კომისია, ხოლო თუ მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არსებობს, საამისოდ პროკურატურ არსებობს.

„პარლამენტის წევრს ასეთ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს. რაც შეეხება უგულავას ბრალდებებს, თუკი იგი ვინმეს რამეში ადანაშაულებს, წარმოადგინოს საამისო მტკიცებულებები. თუკი ვინმემ რამე დააშავა, ის შესაბამისად უნდა დაისაჯოს, დანაშაული არავის უნდა ეპატიოს. მე ამ თემაზე სხვას ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ რადგან ქალაქის მერმა ამგვარი განცხადება გააკეთა, როგორი პოლიტიკური მოტივაციაც არ უნდა ჰქონდეს მას, პროკურატურა ამ თემით მაინც უნდა დაინტერესდეს და თუკი უგულავას რაიმე მტკიცებულება გააჩნია, ეს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, იგი გიორგი ჩემიას და მადონა მაისურაძის ადვოკატობას არ აპირებს, თუმცა რუსთავის სასამართლოში განვითარებული მოვლენების სამართლებრივ ანალიზს გვთავაზობს. უფლებადამცველის თქმით, თავიდან მოსამართლე მაისურაძემ გაიზიარა ადვოკატების პოზიცია მერიის მაღალჩინონსების დაკავების უკანონობასთან დაკავშირებით და ეს პირები გაანთავისუფლა, თუმცა იმავე პროცესზე მოსამართლემ ამ პირების აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე იმსჯელა, რისი სრული უფლებაც ჰქონდა სისხლის სამართლის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ასეთი პრაქტიკა არ გამოიყენებოდა, რადგან სოდ-ის, კუდ-ის თუ კრიმინალური პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა დაკავების მართლზომიერებას არც ერთი მოსამართლე არ იხილავდა. აპრიორი ითვლებოდა, რომ დაკავება არის კანონიერი, მაგრამ დღეს არსებულ პირობებში მოსამართლემ ეს მახინჯი პრაქტიკა დაარღვია და ბუნებრივიც არის, რომ მას დაკავებულ პირთა ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე უნდა ემსჯელა. დაკავების ნაწილში მოსამართლე დაეთანხმა ადვოკატებს და ეს საკითხი დაკავებულ პირთა სასარგებლოდ გადაწყვიტა“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, იმავე პროცესზე, შესვენების შემდეგ მოსამართლემ მერიის მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის შეფარდებაზეც იმსჯელა და მიიჩნია, რომ არსებობდა მათთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძველი. უფლებადამცველი განმარტავს, რომ შეფასების თვალსაზრისით, ეს ორი სრულიად განსხვავებული კატეგორიაა და მოსამართლემ ამ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით იმოქმედა. ამიტომ დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას მხრიდან როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს ამ საკითხის პოლიტიზირებისა, თუკი მოსამართლის ქმედებას სამართლებრივად შევაფასებთ, მან აბსოლუტურად სწორად იმოქმედა.