ახალციხე სამართალს ითხოვს

ახალციხე სამართალს ითხოვს

ახალციხეში ვითარება იძაბება. აქციის მონაწილეებმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს შენობას კვერცხები და პომიდვრები ესროლეს. დემონსტრანტებმა სასამართლოს შესასვლელი კარი ცოცხებით აჭედეს. აქციის მონაწილეები მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილისგან იმ გადაწყვეტილების დასაბუთებას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი უდანაშაულოდ სცნო. სასამართლოსგან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია. 

სასამართლოს ეზოში მრავლად იყვნენ მანდატურებიც, რომელთა მობილიზებაც დილიდან შეინიშნებოდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, ახალციხის რაონული სასამართლო მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშაა. მათივე თქმით, თუ 18:00 საათამდე არ იქნება რაიმე რეაგირება მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ყველა ავტომაგისტრალი გადაიკეტება. 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ხუთი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ - შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი და ამავე სამმართველოს ოთხი ყოფილი თანამშრომელი. საქმის მასალების მიხედვით, მამუკა ხვედელიანს ბრალად ედებოდა, რომ მან გიორგი ბლიაძესთან, ალექსანდრე ბლიაძესთან, სერგო სამსონიძესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ჩაიდინა მოქალაქის დამცირება და იძულება, ასევე ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რამაც მას ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა მიაყენა.

ბრალდების მიხედვით, ქმედება ჩადენილი იყო მოხელის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებითა და ჯგუფურად. მასვე ბრალი ედებოდა რამდენიმე პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

საქართველოს უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. როგორც კუბლაშვილი აცხადებს ქვები სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. კუბლაშვილი აცხადებს, რომ აქციით ვერ მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა და მოსამართლეების დაშინება. 

„თუკი ვინმეს არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთადერთი გზა, რომ შეცვალოს ის, არის უფრო მაღალ ინსტანციაში, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება. არანაირი აქცია, ყვირილი, შეძახილები ვერ შეცვლის სასამართლოს გადაწყვტილებას. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ეს ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებში გააკეთოს“, - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.

ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთების დაზიანება ან განადგურება) შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აღძრეს. 

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა ერთთვიან ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ოლქის პროკურორი გივი პაპუაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ  უზენაეს სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, ამ საქმეზე გამოეთქვა თავისი აზრი.

რატომ მიიღო მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ეს გადაწყვეტილება, პროკურატურას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება?

გივი პაპუაშვილი: მე ვფიქრობ, რომ საკმარისზე მეტი მტკიცებულება იყო და რატომ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, არ ვიცით. ჯერ არ გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ვერსია. როცა გვექნება სრული ვერსია, ვიმსჯელებთ და, ალბათ, გავასაჩივრებთ. ერთი თვის განმავლობაში საჩივრდება ეს გადაწყვეტილება, რასაც გავაკეთებთ.

როდესაც უზენაესი სასამართლო წინასწარ აკეთებს განცხადებას და მათ უდანაშაულობაზე საუბრობს, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ზემდგომ ინსტანციაში მათ კვალიფიკაცია შეეცვლებათ და ისევ ბრალდებულები გახდებიან?

- არსებობს სამართლებრივი გზა. გასაჩივრება უნდა მოხდეს სააპელაციო სასამართლოში. უზენაეს სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, რომ ამ საქმეზე გამოეთქვა თავისი აზრი.

საკმარისი არგუმენტი ჰქონდა მოსამართლეს, რომ გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა?

- ვფიქრობ, რომ სასამართლოს არ ჰქონდა არავითარი არგუმენტები იმისა, რომ ეს ადამიანები სასამართლო დარბაზიდან გაენთავისუფლებინათ.

უზენაესი სასამართლო ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც გარკვეული იქნა სასამართლო სხდომაზე, არა თუ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს და დაზარალებულთა ჩვენებას, არამედ ხშირ შემთხვევაში, გამორიცხავდნენ დაზარალებულთა მიერ მითითებულ ფაქტებს.

- უზენაესმა სასამართლომ რა იცის რა მოხდა პროცესზე, საქმის მასალები მათ არ იციან, საიდან ასკვნიან ამას? უზენაეს სასამართლოს, ბუნებრივია, არ აქვს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება, იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლო არის ზემდგომი ინსტანცია, რომელიც იხილავს ამ საქმეს, იმ შემთხვევაში თუ ის საკასაციო წესით გასაჩივრდება და რას განიხილავს, როცა უკვე აზრი გამოთქვა?! ეს არის კანონის უხეში დარღვევა.

ადასტურებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ გოჩა ჯეირანაშვილმა გირჩიათ, პირის დამცირებაში, არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში ბრალდებული პირებისთვის მათი გათავისუფლების პირობით საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა?

- ამ ინფორმაციას მე გიდასტურებთ, ეს მოხდა 10 დღის წინ. რაზეც მე წინააღმდეგი წავედი, იმიტომ, რომ ასეთი ბრალდებით ადამიანებს არ ანთავისუფლებენ.

საქმის მასალები, რომელიც აქვს პროკურატურას, დასტურდება ამ მაღალჩინოსნების დანაშაული?

- რასაკვირველია, დასტურდება და საქმის მასალებში მოიპოვება საკმარისზე მეტი მტკიცებულება.

რამდენადაც არსებობს მტკიცებულება, არსებობს დაზარალებული, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ეს ადამიანები ისევ სცნონ დამნაშავედ ამ საქმეში?

- ბუნებრივია, ამის თეორიული შანსი არსებობს. თუ ზემდგომი ინსტანცია მივა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ იყო საფუძვლიანი, ბუნებრივია განაჩენი გაუქმდება. ჩემს პრაქტიკაში ასეთი ფაქტზე ასეთი განაჩენი არ მახსოვს.

რაც შეეხება დაზარალებულებს, ვინ აგებს მათ უსაფრთხოებაზე პასუხს?

- პოლიციამ უნდა იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე. პირველ რიგში, საზოგადოებამ, რადგან მათი მდგომარეობა ახლა ძალიან ცუდია. მოსახლეობა აპროტესტებს მათ განთავისუფლებას, საზოგადოება ძალაინ კარგად იცნობს ბრალდებულებს.

რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს, მამუკა ხვედელიანის წინააღმდეგ არის სხვა ბრალდებები, მას ადამიანის მკვლელობაშიც სდებენ ბრალს...

- რამდენიმე საქმე ჩვენ გვაქვს წარმოებაში, გამოძიება მიმდინარების ამ საქმეებზე და ვნახოთ. პრეტენზიები მის წინააღმდეგ არსებობს.