მუხროვანის სამხედრო ნაწილში არშემდგარი ამბოხის საქმეზე ბრალდებულები ახალ დეტალებზე საუბრობენ. სატანკო ბატალიონის მეთაური ლევან ამირიძე ამბობს, რომ მისი კუთვნილი ტაბელური იარაღი შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს გადასცეს, შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების ე.წ. ბრონირებული ჟილეტები მისივე იარაღით დაცხრილეს და შექმნეს იმიტაცია, რომ გასროლა ამირიძემ მოახდინა. მეტიც, ამბოხისა და ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობის ბრალდებით დაკავებულ ამირიძეს კონტრდაზვერის თანამშრომლებმა აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ შესთავაზეს, რომ 3 წელს მიუსჯიდნენ და წელიწად ნახევარში უდოთი დატოვებდა საპატიმროს. მიუხედავად ამ შემოთავაზებისა, ამირიძემ კონტრდაზვერვას ამ შინაარსის ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა. შესაბამისად, სასამართლომ მას 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მუხროვანის საქმის მთავარი ბრალდებული ლევან ამირიძე დარწმუნებულია, რომ საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ არანაირი ამბოხი ეს არ ყოფილა, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის დაკვეთით დადგმული სცენარი.
ოფიციალური ვერსიით გია კრიალაშვილი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. კობა ოთანაძე ამბობს, რომ ის პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს, თქვენც ასე ფიქრობთ?
ლევან ამირიძე: ერთად ვიჯექით იმ მანქანაში. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც ჩვენს დასახვრეტად ჩატარდა და დაგვხვრიტეს კიდეც. მე 9 ტყვია მომხვდა, 13 კობას და ასევე იყო გიაც. ტელევიზორს ვუყურებდით, როცა ჩვენზე ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა.
რამდენადაც ცნობილია, თქვენ ტყეს აფარებდით თავს. ტელევიზორის ყურების საშუალება სად გქონდათ?
- მანამდე ერთ-ერთ ოჯახს შევაფარეთ თავი. ტელევიზორს ვუსმენდით, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა პირადად დაავალა ვანო მერაბიშვილს, რომ სამივე მიწიდან ამოთხარეთ და დასაჯეთ ისე, რომ ეს 20-25 წლის განმავლობაში ვიღაცას თავში აზრად არ მოუვიდესო. შსს-ს წარმომადგენლებმა ჩემთან ოჯახში მიაგზავნეს ნათესავი და ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ თუ გამოჩნდება იქნება მოგვაწვდინოს ხმა, რაღაცა შეიძლება გავაკეთოთო. ანუ ჩაბარებაზე იყო საუბარი. შს მინისტრს პრეზიდენტისგან ლიკვიდაციის ბრძანება აქვს დავალებული და იქნებ ჩაგვბარდესო.
რა მოხდა რეალურად მუხროვანში? იყო რამოდენიმე ვერსია, რომ ეს არ იყო ამბოხი, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია. მეორე ვერსიით სამხედროებმა უარი განაცხადეს აქციის დაშლაზე, რომელსაც მაშინ გაერთიანებული ოპოზიცია მართავდა...
- მოხდა ისე, რომ იმ ღამეს 5 მაისს დააკავეს ჩემი შტაბის უფროსი. მანამდე ჩვენ გვქონდა ჩვენი პროტესტი. არასოდეს ჩემი ხალხის წინააღმდეგ იარაღი არ მიმიმართავს, რისი მცდელობაც იყო. გამოცხადებული იყო საბრძოლო მზადყოფნა. ჩემი რეინჯერების ბატალიონი გადასული იყო ყაზარმულზე, ვიჯექით და ველოდებოდით როდის მოგვცემდნენ აქციის დაშლის ბრძანებას.
ამისთვის არსებობს სპეციალური ქვედანაყოფები შსს-ში რომელსაც ევალება ანალოგიური ოპერაციის ჩატარება, სამხედროები ასეთ ოპერაციებში მონაწილეობას არ უნდა ღებულობდნენ. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავდით რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ჯარისკაცებზე დაიწყეს ჯოხის გადატეხა. როდესაც ჯარისკაცზე ტყდება ჯოხი და უნდათ, რომ ჯარისკაცს შეაწმინდონ ხელები, რომლებმაც თავისი სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლეც კი გაიღეს, ამ სამხედროებს ამაღლებული აქვთ სამშობლოს სიყვარული და თავმოყვარეობის გრძობა. ამას არ ვმალავდი და ღიად ვამბობდი და ამაში მეთანხმებოდა მუხროვანში დისლოცირებული სატანკო ბატალიონის მეთაური მამუკა გორგიაშვილიც.
პროვოკაციულად მოხდა ჩემი შტაბის უფროსის, ჩემი მოადგილის დაკავება. უდანაშაულო კაცი სახლიდან გაიტაცეს. მთელი დღე ვეძებდით და ამ ადამიანს ვერსად ვერ მივაგენით. კობა ოთანაძე მუშაობდა შსს-ში, ასევე უშიშროების სამინისტროში ყავდა მეგობრები, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობდნენ, კობას გადავურეკე და ვთხოვე დამხმარებოდა, გაგვერკვია სად იყო და რატომ დაიჭირეს ჩემი მეგობარი. ერთად ვმოძრაობდით. მომივიდა ინფორმაცია, რომ რაღაცა პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რომ ჩემი დაკავება იყო დაგეგმილი პროვოკაციული მეთოდით. შეხლა-შემოხლა უნდა მომხარიყო და დამაკავებდნენ.
მუხროვანის სატანკო ნაწილში რა მიზნით მიხვედით კობა ოთანაძესთან და გია კრიალაშვილთან ერთად?
- მე ვიყავი სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური და ჩემი დისლოკაციის ადგილი იყო ორთაჭალაში. უფლებამოსილი ვიყავი, რომ ნებისმიერ სამხედრო ნაწილში შევსულვიყავი და მენახა ნებისმიერი სამხედრო ნაწილის მეთაური. ავედი მუხროვანის სატანკო ბატალიონში მამუკასთან და ვუთხარი, რომ ასეთი რაღაცა ხდება და ტელევიზიით უნდა გავაჟღერო-თქო. სანამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ პერიოდში სამთავრობო ჯარების მიერ მოხდა მუხროვანის სამხედრო ნაწილის ალყაში მოქცევა.
პარალელურად, ალყაში მოაქციეს ორთაჭალაში დისლოცირებული ჩემი ბატალიონი. დილის 9.00 საათზე სამთავრობო არხებმა გადმოსცეს, რომ მუხროვანში იგეგმებოდა სამხედრო ამბოხი და სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც თურმე ხელმძღვანელობდნენ კრიალაშვილი, ამირიძე და ოთანაძე. ჩვენ უკვე ბლოკირებული ვიყავით, ვერ გავაჟღერეთ ინფორმაცია, რომ ეს არ იყო ამბოხი და ეს იყო პროტესტის ფორმა. მოგვიწოდეს ჩაგვბარდითო, მე მტერს არ ჩავბარებულვარ არადროს და მითუმეტეს მიხეილ სააკაშვილს არ ჩავბარდებოდი.
როგორ დატოვეთ მუხროვანის ნაწილი? ერთ-ერთი ვერსიით თქვენ შემოხვედით თბილისში და აღმაშენებლის ხეივანთან მოხდა თქვენი გაშიფვრა...
- ასე იყო, მუხროვანიდან თბილისიში შემოვედით, 3-4 დღე თბილისში ვიყავით. ჩემი მეგობრის მანქანით ღამის 12 საათზე გავდიოდით ქალაქიდან, მათ ჩვენ ქალაქში არ ვეგონეთ, აღმაშენებლის ხეივანს რომ მივუახლოვდით, მოხდა ჩვენი გაშიფვრა და დაიწყო დევნა. მცხეთამდე გვდიეს, ჯვართან ჩამოვხტით და იქიდან წიწამურის მთებში გადავედით. პერიოდულად დაზვერვას ვატარებდით და ვხედავდით, რომ ყველგან გზა იყო გადაკეტილი, გადავწყვიტეთ ისევ თბილისში შემოვსულვიყავით, რადგან რაიონებში გვეძებდნენ.
როგორც აღნიშნეთ, მუხროვანში თქვენი მისვლის მიზეზი იყო ის, რომ ტელევიზიის საშუალებით გეთქვათ რეალურად ხდებოდა, რაც ვერ შეძელით მაშინ, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში როდესაც იმალებოდით არ გიცდიათ მედიასთან დაკავშირება?
- უნდა დავკაშირებოდით ტელეფონით. არის ასეთი გაშიფვრის სისტემა, სადაც შეუძლია 10 მეტრის სიზუსტით აღმოაჩინონ შენი დგომის წერტილი და საჰაერო საშუალებით გადმოსხან ქვედანაყოფები, მოხდება შენი ბლოკირება და ალყაში მოქცევა. თქვენ როგორ გგონიათ მაგის გამოცდილება არ გვქონდა?
10 დღე იყავით მამკოდაში, როგორ მოხდა, რომ ადამიანმა რომელსაც უნდა გაეყვანეთ, პოლიციას ჩაგაბარათ?
- მას არ ჩავუბარებივართ. ერთ-ერთმა შესთავაზა ჩვენი გაყვანა და მისგან თანხმობა მიიღო. მერე ეს ადამიანი მივიდა კობას ოჯახში და უთხრა, რომ კარგად არიან, ჩემთან იყვნენ მოსულიო. უთვალთვალებდნენ ამ პიროვნებას. ეს იყო ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ფეხმძიმედ იყო, ისე სცემეს პოლიციის განყოფილებაში, რომ მუცელი მოეშალა. გოგოა და ვერ გაუძლო, უთხრა, რომ მანქანა უნდა გავუგზავნოო, ასევე უთხრა სადაც ვიყავით. ჩვენ გვქონდა სხვადასხვა კავშირგაბმულობის საშუალება და ვუკავშირდებოდით მიკროავტობუსის მძღოლს. მოხდა ისე, რომ შემოგვიგდეს თავისი სამარშუტო ტაქსი, მძღოლი აღმოჩნდა მათი აგენტი. თიანეთის გზატკეცილზე რომ წამოვედით, მაშინ გზას აგებდნენ და მანქანა სწრაფად ვერ მოძრაობდა. მოვდიოდით 10-15 კმ-სთ-ით, ამ დროს წამებში მოხდა ჩვენი ალყაში მოქცევა და ჩაცხრილვა მანქანაში.
სამარშუტო ტაქსში ვერ მიხვდით რომ ვიღაცა იყო, ან რამე საეჭვო ვერ შეამჩნიეთ?
- ვიზუალურად დავათვალიერეთ და არაფერი არ ჩანდა. როცა შენი ახლობელი ადამიანისგან მოდის ეს მანქანა, ვერ წარმოიდგენ, რომ ასეთი რამე მოხდებოდა. არც ვაკადრეთ, რომ გვიღალატებდა და გაგვცემდა. როცა ადამიანს ენდობი, მითუმეტეს მანდილოსანს... ეს მომენტი იყო, ბოლომდე ვენდეთ და იმათმა კი ჩვენი ნდობის ფაქტორი ძალიან ცუდად გამოიყენეს. არ მისული გლდანულის ჩასახვევამდე, გზა გადაგვიკეტა საპატრულო პოლიციამ და ამ დროს მოხდა ჩვენი დამუშავება შიგნიდან, უკანა საბარგულიდან.
დამუშავებაში რას გულისხმობთ?
- ცეცხლი გახნეს უკანა საბარგულიდან. ჩვენ ცეცხლი არ გაგვიხსნია იმიტომ, რომ უიარაღოდ ვიყავით, ისეთი გაურკვეველი ვითარება შეიქმნა, რომ ფიზიკურად ამას ვერც მოვასწრებდით. მანქანა გარედან ალყაში მოაქციეს და ჩვენ გვეგონა, რომ გარედან გვესროდნენ და აღმოჩნდა, რომ შიგნიდან გვესროდნენ. ისინი არ ამოწეულან, ჩამჯდრები იყვნენ და ისე ხდებოდა ჩვენი დამუშავება.
ოფიციალური ინფორმაციით თქვენ პოლიციას გაუწიეთ შეიარაღებული წინააღმდეგობა. არც ერთს არ გქონდათ იარაღი?
- არ გვქონდა ამის საშუალებაც. ერთად-ერთი მე მქონდა ჩემი ტაბელური იარაღი, რომლისგან გასროლა არ მომხდარა. იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით გასროლას. ისეთი ვიზუალური კონტაქტი გვქონდა ერთმანეთთან, რომ აზრი არ ჰქონდა იარაღის ამოღებას... ფიზიკურად ვერც მოვასწრებდი. სპეცდანიშნულების ოფიცერი ვარ და ვიცი რა და როგორ ხდება. აქ არის მოულოდნელობის ფაქტორი, ვინ ვის დაასწრებს. ამის მერე გადმოგვყარეს დაბლა, სისხლისგან ვიცლებოდი, ძალაც აღარ მქონდა, 9 ტყვია მქონდა მოხვედრილი.
როდის გაიგეთ, რომ გია კრიალაშვილი მოკლეს? იმიტომ, რომ არის ვერსია, რომ თითქოსდა სხვაგან მოკლეს და მერე იქ მიიტანეს გვამი...
- ეს არის ჭორი და ამ ჭორებს ვიღაცა ავრცელებს. გია კრიალაშვილი ჩემს გვერდზე იჯდა, ხელი ჰქონდა ჩემზე მოხვეული. ჯერ გადაიყვანეს კობა, მერე გია და ბოლოს მე. გიაზე დამაწვინეს ზედ. ის უკვე, ცოცხალი აღარ იყო, მანქანაშივე მოკლეს. რომ შევხედე, თვალები ღია ჰქონდა დარჩენილი.
არის ინფორმაცია, რომ ადგილზე იყვნენ ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და გივი თარგამაძე, რომელიც კრიალაშვილის გვამს წიხლებს ურტყამდნენ...
- ამას ვერ ვიტყვი. მე რომ წამომოყვანეს, მერე რა მოხდა არ ვიცი, გიას ცხედარი იქ დარჩა. ეს ადამიანები იქ ნამდვილად იყვნენ. ვანო მერაბიშვილი თავზე მედგა და ასეთი რამ მითხრა - არ გრცხვენიაო?
რა უპასუხეთ მერაბიშვილს?
- შევაგინე, მეტი რა უნდა მეთქვა. ვანო მერაბიშვილს ეჭირა ხელში ჩემი ტაბელური იარაღი. მე და კობა დაგვსკოჩეს. ჩემი გაჩხრეკვა დაავიწყდათ, ერთ-ერთ სპეცრაზმელს დავუძახე და ვუთხარი, მოდი, უკან წელში მიდევს იარაღი და წაიღე-თქო, მაგრამ ამ იარაღიდან გასროლა არ მომიხდენია. სოდ- ის თანამშრომელი ყვება, რომ ჩემი იარაღიდან მერე ესროლეს ჯავშანჟილეტებს, თითქოსდა, მე გავუწიე წინააღმდეგობა. ასეთი ვერსია შეთხზეს მერე.
როდესაც მოხდა თქვენი გადაყვანა გლდანის ციხეზე შსს-ს თანმშრომლები ითხოვდნენ ჩვენებას, რომ გაგემყარებინათ მათი ვერსია. ჩვენების სანაცვლოდ რას გპირდებოდნენ?
- კონტრდაზვერის თანამშრომლები იყვნენ. თუ მე ვაღიარებდი ამ დანაშაულს, 3 წელს მომცემდნენ, წელიწადნახევარში უდო შემეხებოდა და გარეთ გამოვიდოდი. ეძებდნენ რაღაცა გარე კავშირებს, რომ თითქოსდა რაღაცა კავშირები გვქონდა რუსეთთან, მაგრამ ძირითადად, ჩვენი პოლიტიკოსების დასახელებას ითხოვდნენ.
კონკრეტულად ვისი?
- ნინო ბურჯანაძის, ზვიად ძიძიგურის, გუბაზ სანიკიძის, გუგული მაღრაძის. ამ ადამიანებს არც კი ვიცნობ.
როგორ პირობებში იყავით ციხეში, ანუ ძალადობა იყო?
- არა. მიხვდნენ, რომ ჩემთან ასეთ მოქცევას აზრი არ ჰქონდა. წელიწადი და 8 თვის განმავლობაში სამარტოო საკანში ვიჯექი. ეს იყო, მათი აზრით, ვითომ, ფსიქოლოგიური წეზოლა. ჩვეულებრივად მქონდა პაემნის და გასეირნების უფლება. თავი დაჩაგრულად არ მიგვრძნია. სხვათაშორის ბადრაგის თანამშრომლები პირად საუბარში არ მალავდნენ უკმაყოფილებას და გვეუბნებოდნენ, რომ ცოტა ხანი გაუძელით ბიჭებო და რაღაცა გვეშველებაო.
პროკურატურისგან ვითხოვ, დაიწყოს ამ საქმის გამოძიება და მოხდეს ჩვენი რეაბილიტაცია. ამ საქმეზე უნდა დადგეს მერაბიშვილის, სააკაშვილის, თარგამაძის და უგულავას პასუხისმგებლობის საკითხი. მათ შორის უნდა მოხდეს სპეცოპერაციაში მონაწილე პირების ამოცნობა, რომლებმაც ჩაგვხოცეს ქუჩაში. მაშინდელი სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი ხარაზიშვილი, დღეს გორის განსაკუთრებული სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსია. 300 სპეცრაზმელი ღებულობდა ამ ოპერაციაში მონაწილეობას, უგულავა არაა ის ადამიანი, რომ ავტომატით ხელში ირბინოს, ამას ვაჟკაცობა უნდა.
თუმცა ქალაქის მერი არ იყო უფლებამოსილი, რომ დასწრებოდა ამ სპეცოპერაციას...
- რა თქმა უნდა, ის არ იყო უფლებამოსილი პირი. არც 2008 წლის აგვისტოს ომში იყო უფლებამოსილი, როცა სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
ადამიანები რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სპეცოპერაციაში იცით ვინ არიან?
- ყველა მათგანი მუშაობს, ზვიად ხარაზიშვილი, როგორც გითხარით, გორის განსაკუთრებული სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსია. ლილუაშვილი, ვინმე დავით ფიცხელაური, ძმები ბრეკაშვილები, მაზმიშვილი მეტსახელად „ტაისონა“, რომელიც ამჟამად დაინიშნა საფინანსო პოლიციაში სამმართველოს უფროსად. ეს ხალხი ყველა დაჯილდოვდა გორგასლის ორდენით და ყველამ პრემიის სახით მიიღო 12 ათასი ლარი. მათ პასუხი უნდა აგონ ჩადენილი დანაშაულისათვის, მათ შორის გია კრიალაშვილის მკვლელობისთვის.