რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედმა პირველმა პირმა მიხეილ სააკაშვილმა ინება და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასასრულს ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, რომელსაც თანამედროვე ქართული ისტორია რთულ მისიას დააკისრებს - დაბალანსებული პოლიტიკის გატარებით, ხელი შეუწყოს ქვეყანის ღრმა ჭაობიდან ამოყვანას და განვითარების ნორმალურ, ევროპულ გზაზე შედგომას.
ეს ხვალ, დღეს კი ქვეყანას დალხენილი წუთები არ უდგას. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ მიმაჩნია რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობის ცივილური მეთოდები ძალიან გაუგრძელდა. დამნაშავე უნდა დაისაჯოს და უსწრაფესად. ამის ნაცვლად ე.წ. „დაჭერა-გამოშვებების შოუს“ თვითმხილველები ვხდებით. ამ პროცესმა უკვე კომიკური სახე მიიღო და მოსახლეობაში იგივე „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგის თანდათან დაქვეითებას ხელს უწყობს.
ბოლო დღეებში აღმოვაჩინე, რომ საზოგადოება კუტალაძე-ბადურაშვილის გაჭიანურებული საგაზეთო პოლემიკით უფრო ინტერესდება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ თანდათან ინფანტილური დამოკიდებულება უჩნდება. „საქართველოს მაინც არაფერი ეშველება“, - უკანასკნელ დღეებში არაერთი ნაცნობი ჩემთან საუბარს ამ სიტყვებით იწყებს.
პოლიტიკის შესახებ დიდი ხანია არ მისაუბრია. მიმაჩნია რომ ახალ ხელისუფლებას მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო უნდა მიეცეს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დუმილის უფლებას არ მაძლევს: „ნაციონალებთან“ უთავბოლოდ კოაბიტაციური ურთიერთობების გარკვევა, ეკონომიკური მდგომარეობის ერთ ადგილზე გაყინვა, ჩამორთმეული ქონებების ოფიციალური მფლობელებისთვის დაბრუნების პროცესის გაურკვეველ ვადამდე შეჩერება, კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესება, „დაჭერა-გამოშვებების“ დაუმთავრებელი სერიალები.
„ქართული ოცნების“ კრიტიკის გაგრძელებას არ ვაპირებ, მაგრამ ისიც ფაქტია რომ ეს კოალიცია მხოლოდ ერთი ადამიანის ავტორიტეტის ხარჯზე არსებობს. დარწმუნებული ვარ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ბარიერის გადასალახად საჭირო ხმების რაოდენობას, ბიძინა ივანიშვილის პარტიის გარდა ვერავინ მოაგროვებს.
დღევანდელი წერილის დასაწყისში ერთგვარი პოლიტიკური მონოლოგი გამომივიდა, მაგრამ ფაქტია რომ მოსახლეობაში უკმაყოფილების ტალღა თანდათან მატულობს. ისინი დამნაშავე „ნაციონალების“ მკაცრად და უსწრაფესად დასჯას, ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის კონტურების გამოკვეთას და ბოლოს და ბოლოს სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრებას მოითხოვენ. დროა პოლიტიკურ დაპირისპირებასა და კინკლაობას ბოლო მოეღოს და უბრალო ხალხმა მატერიალურად ოდნავი შვება მაინც იგრძნოს. ოქტომბრის შემდეგ ცხრა თვეა გასული და მოსახლეობა ისევე გაღატაკებულია, როგორც ბატონი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ცხრა თუ ათი წლის განმავლობაში. ბოლო დროს მესმის ხმები, რომ შემოდგომის დასაწყისში გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხალხი ქუჩაში გამოსვლას აპირებს. არ ვიცი ეს სინამდვილეა თუ „ნაციონალების“ მიერ გავრცელებული მორიგი ჭორები. ფაქტი ერთია, ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელახალ ქაოსს თავიდან ივანიშვილის ავტორიტეტიც ვერ აიცილებს, მიტინგობანას თამაში კი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
ზემოთ დაწყებული თემის გაგრძელებად გადავწყვიტე დღეს ცნობილი ქართველების რამდენიმე ნააზრევი წარმოგიდგინოთ, რომელსაც ყოველგვარი კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ. თავიანთი გულისტკივილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოთქვეს, მაგრამ ამ ფიქრებს აქტუალობა არც დღევანდელი დღისთვის დაუკარგავს.
ოთარ მეღვინეთუხუცესი: „არავის იმედი არ უნდა გქონდეს, - არც რუსეთისა და არც ამერიკის. თავად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სამშობლოზე. საწყალი ერეკლე ჩალმასაც კი იხურავდა თავზე, ოღონდ მტერი არ დაეგეშა საქართველოზე. ეფერონ ამერიკას და ნამეტანი ნუ აგინებენ რუსეთს. რომ აგინებ, გადაგყლაპავს, აბა, რას გიზამს?
ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვა კარგა ხანს ჩვენს ხელთ არ იყო. ქვეყნისთვის ბრძოლაც არ გვიწევდა და გადაეჩვია ხალხი თავდაცვას, ქვეყნის დაცვას, სამშობლოსთვის თავდადებას. 2008 წლის აგვისტოს გახსენებაც კი მზარავს. ჩვენი ჯარისკაცები გამორბოდნენ და გზადაგზა სამხედრო ფორმას იხდიდნენ, ზოგიც მიწაში მარხავდა. მეორე მსოფლიო ომში ყველაზე ბევრი ქართველი დაიღუპა. იქ დიდი რუსეთის და საბჭოთა კავშირისთვის მოუწია ბრძოლამ და არა სამშობლოსთვის. ნებაყოფლობითი რომ ყოფილიყო გაწვევა, იქნებ, არც წასულიყვნენ ქართველები ომში...
ქვეყანაზე არ ვფიქრობდით, ან ვინ გვაფიქრებდა, და ძალაუნებურად გადავეჩვიეთ სამშობლოსთვის ბრძოლას, და როგორც ჭაბუა ამირეჯიბს აქვს ნათქვამი, ნახირად გადავიქეცით, თითქოს ქართველი კაცის დანიშნულება ღრეობა და დროს ტარება იყოს. ეს მარტო ამ ხელისუფლებას არ უქნია... კარგა ხანია ქვეყანაში ცეკვა და ტაშ-ფანდურია გამართული. უფსკრულისკენ მივექანებით! ან ახალგაზრდობა როგორ იქცევა, არ აწუხებს, კაცო, სამშობლოს ბედი, ჩვენი რომ აღარაფერი არის?
წამსვლელი ვარ, ჩემო კარგო, და არ მინდა, ჩემი შვილი და შვილიშვილი სხვა ქვეყანაში წავიდნენ საცხოვრებლად. ჩემი გოგო მაგარია. საშუალებაც აქვს, უცხოეთში კარგად იცხოვროს, წავლენ და იქნებიან სხვაგან, მაგრამ ამათ დარჩეთ ეს წალკოტი? ახლახან ბაკურიანში ვიყავი და კინაღამ შევიშალე, ზაფხულშიც როგორი არაჩვეულებრივია ის დალოცვილი. ან აქ მზის ჩასვლისას როგორი ფოლადისფერი დაედება ხოლმე ჩვენს ზღვას, ბიჭო, ბიჭო... და აქ ქართველი უნდა იქცეს სხვის მოსამსახურედ? უცხო ქვეყანაში რომ შეხვიდე და იცხოვრო, ათას წინაღობას გიქმნიან, გზას გიღობავენ, რათა იქ არ დასახლდე. ამ პატარა ქვეყანაში კი ყველას ჭიშკარი გაუღეს. გამჭოლი ქარივით, ვისაც საიდან უნდა, შემოდის და გადის. თუ მოინდომებს, შემოვა, დასახლდება და ამასაც არავინ დაუშლის.“
გურამ დოჩანაშვილი: „ძალიან ვდარდობ, ერთმანეთის მოქიშპე ქართველებს რომ ვხედავ. 9 აპრილის მერე როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, მერე რამ გაგვაბოროტა... სახარებაზე წარმოდგენა არა აქვთ და იმიტომ. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ტელევიზორში ვხედავ, რამდენი ხალხური სიმღერის გუნდია, რა ლამაზები და კარგები არიან ახალგაზრდები, რომლებიც მღერიან. ვითვლი ხოლმე რამდენი არიან. რაც მეტს დავითვლი, მით მეტად მიხარია. ერთმა შემომჩივლა, ჩამორჩენილივით მიყურებენ, მე რომ უცხოეთში წასვლა არ მინდაო. ყველას უცხოეთში უნდა წასვლაო. საზღვარგარეთ წასვლა სამშობლოს ასპირანტურად მიაჩნიათ. არადა, ხომ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთმა უკეთ იცის, ვინ სად უნდა დაიბადოს. გოეთე რომ ჩინეთში დაბადებულიყო, ან ლაო ძი გერმანიაში, კარგი იქნებოდა?! სადაც დაიბადე, იქ უნდა იცხოვრო, იქაა შენი ადგილი. ქართველებს რამდენი წმინდანი მეფე გვყავს, რამდენ საქმეს აკეთებდნენ... ასეთი დიადი მეფეები ვერაფერს გახდებოდნენ, გასაჭირში ქუდზე კაცი რომ არ გამოსულიყო. ერეკლეს დროს ნაკლები ქართველი იბრძოდა, მეტი - ორთაჭალის ბაღებში ქეიფობდა... მივიღეთ კიდეც შედეგი. უკვალოდ არაფერი ჩაივლის, არც ქიშპობა, არც გულგრილობა. შაჰ-აბასი ამბობდა: ქართველები ერთმანეთს რომ არ მტრობდნენ, აქეთ დაგვიპყრობდნენო. მართალია. იცოდა დიდმა დამპყრობელმა. ამიტომ მტკივა გული, ქიშპს რომ ვხედავ. მთავარი დამნაშავეები ჩვენ ვართ. ამდენი მიწა წაგვართვეს და ახლა მაინც დავდგეთ ერთად... ციხე შიგნიდან ტყდებაო, - ჩვენზეა ნათქვამი. იმედი მაქვს, მოვა დრო და ყველა ერთად დავდგებით...“
ოთარ ჭილაძე: „სამშობლო ერთადერთია და განუმეორებელი! მას ვერ გამოიგონებ და ვერც სურვილისამებრ აირჩევ - ღმერთის საჩუქარია - და ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, გვევალება კიდეც, გავუფრთხილდეთ, არ დავკარგოთ, რაც სიცოცხლესთან ერთად გვეძლევა და სისხლივით, სულივით გადაეცემა ჩვენს შთამომავალს... ჩვენ ამირანის გამჩენი ხალხი ვართ და ჩვენი ხსნა მხოლოდ ბრძოლაა, ანუ ჩვენთვის ყველაფერი ბრძოლაა: ლხინიც, გლოვაც... ყველაფერი, რითიც საკუთარ ვინაობას ადასტურებს და მეობას წარმოაჩენს ადამიანი. ჩვენც სამშობლოსთან ერთად ვიწვით ცოცხლად, მარადიულ ცეცხლში, მაგრამ ფერფლივით კი არ უნდა გაგვფანტოს ქარმა, არამედ ისევ მშობლიურ ცასა და მიწას უნდა მიგვამატოს ცად და მიწად. ამიტომ, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ყოველთვის გვახსოვდეს - წინ მარადისობაა!"
გიგა ლორთქიფანიძე: „მგონი, ჩვენი ქვეყნის უბედურება სწორედ ის არის, რომ არის ოპოზიცია, არის ხელისუფლება, მიდის მათ შორის ჭიდილი, მაგრამ ნამდვილი ძალა, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს, ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია. როდის ჩამოყალიბდება, ძნელი სათქმელია. ამიტომაც შეიძლება ძალიან გაგვიგრძელდეს გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა.
ჩვენი პოლიტიკა ხისტი არ უნდა იყოს, არ უნდა ვიყოთ ასე დაპირისპირებული თუნდაც რუსეთთან. ეს დიდი იმპერიაა და მოდი, ნუ შევაკლავთ მას ქართველი ერის ინტერესებს! გენიალური ხალხი გვყავდა - ბაგრატიონები, რომლებმაც ათასგვარ განსაცდელს გამოატარეს ქვეყანა. ჩვენზე დიდი ერები განადგურდნენ, ქართველმა ხალხმა კი დღემდე შეინარჩუნა თვითმყოფადობა. ეს გონივრული, უფრო მეტიც, ბრძნული პოლიტიკის შედეგია. ისინი ცდილობდნენ თურქეთსა და სპარსეთს შორის არსებული ბნელი ლაბირინთები სწორად გაევლოთ და როგორმე საქართველო გადაერჩინათ. საჭიროა უფრო მეტი ჭკუა და დიპლომატია, როგორმე უნდა მოვახერხოთ სწორი პოლიტიკური კურსის არჩევა, თორემ სხვაგვარად დავიღუპებით!“