წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრების მთავარი მოვლენები ქალაქ ქუთაისში განვითარდა. ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ერთ „ტრადიციას“ ჩაეყარა საფუძველი და ე.წ. „საფეხბურთო მანიფესტაციები“ მოგვიმრავლდა. თავდაპირველად ხმაურიანი შეკრებები გორის „დილას“ ქომაგებმა მოაწყეს. ამ კლუბის გულშემატკივრების „ბრძოლა“ წარმატებით დასრულდა, გუნდი დაშლას გადაურჩა და მომავალ ეროვნულ პირველობაზე აუცილებლად იასპარეზებს. შემდეგ ასპარეზზე ზესტაფონელები გამოვიდნენ. მათ თბილისში ჩამოსვლაც არ დაიზარეს და ერთი პატარა მიტინგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის მიმდინარეობისას ჩაატარეს. ამ შემთხვევაშიც კლუბი არსებობას გააგრძელებს, მაგრამ კაციშვილმა არ იცის როგორი შემადგენლობით ითამაშებს და მომავალში რა მიზნებს დაისახავს.
ზემოთდასახელებული „ღონისძიებებისგან“ განსხვავებით ქუთაისური ინციდენტი უფრო სისხლიანი აღმოჩნდა. „ვისოლთან“ მებრძოლი „ტორპედოს“ ახალგაზრდა გულშემატკივრების დასაშოშმინებლად პოლიციის გაძლიერებული რაზმისა და სპეცნაზის გამოძახება გახდა საჭირო. სამწუხაროდ „წესრიგის დამცველებმა“ 12-13 წლის ბიჭები დაუნდობლად სცემეს და რამდენიმე მათგანი დააკავეს კიდეც.
ქუთაისში დიდი სანაცნობო წრით ვერ დავიკვეხნი. გუშინ ერთი იქაური მეგობარი შემხვდა, თბილისში პირად საქმეებზე გახლდათ ჩამოსული და საკუთარი ტკივილი გამანდო. ბატონი ოთარის თქმით, „ტორპედო“ – „ჟილინას“ მატჩის დასრულების შემდეგ თანაქალაქელმა ფეხბურთის თაყვანისმცემლებმა კომპანია „ვისოლის“ ხელმძღვანელობისთვის „რამდენიმე მწვავე შეკითხვის დასმა“ მოისურვეს. მართალია ყოველივე ამას არაკორექტული ხასიათი ჰქონდა, მაგრამ სპეცნაზს მოზარდი ფანების სასტიკი ცემის უფლება არ გააჩნდა.
„ჩემი შვიდი წლის შვილი ფეხბურთზე პირველად წავიყვანე. ქუთაისურ გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები ჩაირიცხნენ და მეგონა თავს არ შეირცხვენდნენ. შეხვედრის წინ გუნდის ახალი ესპანელი მწვრთნელი საჯაროდ გამოვიდა და - მოვიგებთო, ხალხს შეპირდა. მესმის რომ შეიძლება დამარცხდე, მაგრამ ასეთი უსუსური თამაშით? შეხვედრის დასასრულს მწარე წაგებით გამწარებულმა ჩემმა ბიჭუნამ ტირილი დაიწყო და მისი ცრემლების გამო პასუხი ვის უნდა მოვთხოვო. მატჩის შემდეგ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მასობრივი ცემა-ტყეპა ვიხილეთ და ბავშვი სულ გამიგიჟდა. ერთი ნაღვლიანად შემომხედა და „მამა, აღარ მინდა ფეხბურთიო“ - შემომჩივლა. „ვისოლი“ თავის დროზე ძალით ჰყავდათ „ნაცებს“ „ტორპედოში“ მოყვანილი და ნებისმიერი ძალით გაკეთებული საქმის დედაც. ამას ისიც ემატება, რომ თვითონ ფეხბურთის გაგებაში არ არიან და მითუმეტეს ქუთაისური ფეხბურთის სპეციფიკის. ასე მოხვიდე არაფრის მცოდნე და შენს ნებაზე აკეთო ყველაფერი, არაა ესე, არ გამოვა არაფერი... ვიცი, ჟურნალისტი ხარ და ჩემი მონაყოლი აუცილებლად დაწერე. ესენი ხალხს ფეხბურთს საბოლოოდ შეაზიზღებენ.“ - მითხრა ბატონმა ოთარმა და თავის ნაღვლიან გზას გაუდგა.
ჩემს ქუთაისელ ნაცნობს არ აუხსნია „ესენი“-ში ვის გულისხმობდა. ბევრი ფიქრი არ უნდა რომ ფეხბურთის ფედერაციას, კლუბების ხელმძღვანელობას და მთლიანად ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობას გულისხმობდა. მერამდენე წელია ქართული ფეხბურთის პრობლემებზე არაერთი წერილი იწერება, მაგრამ შედეგი?
გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ ხალხმა დაკარგული თავისუფლების გემო იგრძნო და ქუჩაში გამოსვლის აღარ ეშინია. ჯერჯერობით სამი „საფეხბურთო მანიფესტაცია“ ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ არაერთი გველოდება. ეროვნულ პირველობაზე მოასპარეზე გუნდების უმეტესობას პრობლემები გააჩნია. ადრე მათ „ნაცები“ შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელით გარკვეულ ფულად სახსრებს ურიცხავდნენ. დღეს ეს პარტია საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვის და ფეხბურთისთვის არ სცალია, ხელისუფლების სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ კი ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს და სპორტისთვის ჯერ ვერ მოუცლია. გულშემატკივარს ეს საკითხები არ აინტერესებს. მას საყვარელი გუნდის კარგად ყოფნა სურს და თუ მას დაშლის საფრთხე დაემუქრა ქუჩაში გამოსვლაზე უარს არ იტყვის.
მიხედეთ ბატონებო ქართულ ფეხბურთს. გახსოვდეთ, იგივე შვიდი წლის მომტირალი ბიჭუნა მალე წამოიზრდება და სპორტის ამ სახეობის გაჩანაგებისთვის პასუხს მოგთხოვთ. რას უპასუხებთ: ხელისუფლებაში სკამებისთვის ვიბრძოდით, ქვეყანაში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური“ მოძრაობა ერთმანეთში ურთიერთობას ვარკვევდით, საქართველოში ეკონომიკა თითქმის არ არსებობს და მის ფეხზე დასაყენებლად რამდენიმე წელი დაგვჭირდა, ზვიად სიჭინავა არჩეული კი არა, ძალით დანიშნული პრეზიდენტია, ქართული სპორტის განვითარების თანამედროვე კონცეფციას ვადგენთ და უახლოეს მომავალში მას პრაქტიკაში ავამოქმედებთ.
მომავალ თაობებს ეს პასუხები არ დააკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დადებითი ცვლილებების გატარება დღესაც შეიძლება. დაიწყეთ ქართული ფეხბურთის აღორძინების რთული პროცესი და კლუბებს თუნდაც მინიმალური დახმარება გაუწიეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომდევნო წლებში შეიძლება ეს ნაბიჯები დაგვიანებული გამოდგეს და გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ უფრო მეტი დრო წაიღოს.
დღევანდელი „საფეხბურთო ფიქრების“ მეორე ნაწილში გიორგი ქინქლაძეზე გესაუბრებით, ადამიანზე რომელსაც ამ ცხოვრებაში მაღალი მწვერვალების დაპყრობა შეეძლო, მაგრამ საკუთარი საფეხბურთო ნიჭი წყალს გაატანა და კარიერა კვიპროსის „ანართოსისსა“ და ყაზანის „რუბინში“ დაასრულა. წინა საუკუნის 90-იან წლებში ქინქლაძე თავის თაობაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ითვლებოდა, მაგრამ...
გუშინ გიორგი ქინქლაძეს დაბადებიდან 40 წელი შეუსრულდა. ამ ასაკში ზოგიერთი წარმატებული ფეხბურთელი ასპარეზობას კვლავ აგრძელებდა. იგივე იტალიის ნაკრების სახელგანთქმული კარის დარაჯი დინო ძოფი გავიხსენოთ. ვულოცავთ გიორგის ამ ღირთშესანიშნავ თარიღს და მომავალში ჯანმრთელობასა და ამჟამინდელ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ.
ბრიტანულმა გამოცემამ „ინდეპენდენტი“ 1996 წელს გიორგი ქინქლაძეს სპეციალური წერილი მიუძღვნა და იმ მასალიდან რამდენიმე ნაწყვეტს წარმოგიდგენთ.
„ჩემი აზრით, მათ შორის, ვინც ბოლო 10-15 წლის მანძილზე მინახავს, გიორგი ქინქლაძე ერთ-ერთი საუკეთესოა.“ - ამბობს ფრენსის ლი, კაცი რომელიც ქებისას ზღვარს არ გადადის, - თუ საკუთარ თამაშს დახვეწს და გაღონიერდება, ვინც ოდესმე გვინახავს, მათ შორის საუკეთესოთაგანი გახდება. ვიცოდი, რომ იშვიათი ნიჭი ჰქონდა, მაგრამ რაც გააკეთა, მისი ხასიათის საოცარ სიძლიერეს ადასტურებს. ის მოვიდა გუნდში, რომელსაც პრემიერ ლიგაში 11 თამაშის განმავლობაში ვერ მოეგო, მაგრამ ამას მასზე არ უმოქმედია. ის ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა. მარტო იყო, თავისთვის. ყველაფერი თითქოს მის წინააღმდეგ იყო. ის კი მშვენიერი ბიჭი ყოფილა, ამას ყოველივეს გაუძლო და დღევანდელ მდგომარეობას მიაღწია.“
ქინქლაძეს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი მომავალი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ უზრუნველყო.
„ბევრი მეგობარი წავიდა ომში, ბევრი დაიღუპა. მაშინდელ გასაჭირთან შედარებით ახლანდელი არაფერია. შედარებაც არ შეიძლება. მეც მინდოდა ომში წასვლა. საქართველოში ყველას უნდოდა, ქალებს და ბავშვებსაც კი. ბევრი ისე წავიდა, სროლა არც კი იცოდა.“- ამბობს გიორგი.
„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები გიორგი ქინქლაძეს მოედნის გარეთაც გვერდში უდგანან. მათ ქართველი მის საყვარელ ჩინურ რესტორანში დაჰყავთ და აგრძნობინებენ, რომ იგი მარტო არაა. ასეთი გარემოცვა და ზრუნვა თან სდევს ქინქლაძეს, რომელიც სხვა ლეგიონერებისგან, მაგალითად ერიკ კანტონას და დავიდ ჟინოლასგან განსხვავებით, ხმაურიან ცხოვრებას არ ეწევა. ის უფრო მშვიდია, ვიდრე ორივე ზემოხსენებული ფრანგი და როგორც ჩანს, მათზე ჭკვიანიც არის. არავის შეუმჩნევია მისთვის ხასიათის უკიდურესი ცვლილებები. გიორგი უკმაყოფილო მხოლოდ მაშინაა, როცა ტრავმას მიიღებს, თუმცა შურისძიებას არ ცდილობს.
ის ოცნებას აიხდენს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ინგლისი საქართველოს შეხვდება, თუმცა მანამდე მისი მამობილი „სიტის“ შემადგენლობაში სურს იგივე.
„ორ ხალხს სულ სხვადასხვა ტრადიცია აქვს, მაგრამ მანჩესტერელები ისევე თბილნი არიან, როგორც ქართველები, - ამბობს ის. - აქ ბევრი მეგობარი შევიძინე, კლუბის თავმჯდომარე, მწვრთნელი და თანაგუნდელები. აქ ჩემი საფეხბურთო სახლია. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს აქ დავიბადე“.