გუდამაყრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1 700 მეტრ სიმაღლეზე, იქ სადაც ლეგენდის თანახმად, თემურ ლენგმაც ვერ გაბედა შესვლა, 1954 წლის 2 ოქტომბერს, სოფელ ბურსაჭირში, მთის ძირას მდებარე, ქვიტკირით ნაშენ წიკლაურების სახლში მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი დაიბადა. გუდამაყარში გადაღებული კადრები, ამ მასალის ბოლოს მიბმულ ვიდეოფალში შეგიძლიათ ნახოთ.
გოდერძი ჩოხელის დაბადების ადგილის გადასაღებად და ამ თემაზე სტატიის მოსამზადებლად 22 ივნისს თბილისიდან ბურსაჭირში ავედით: რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე, მედია-კავშირ “ობიექტივიდან“ ნატა თარხან-მოურავი, მარიამ გაჩეჩილაძე, ტატო წიკლაური, მირიან შარიქაძე და მალხაზ წიკლაური, რომელიც ჩვენი მეგზური და მასპინძელი გახლდათ. გოდერძი ჩოხელი სწორედ მალხაზ წიკლაურის სახლში დაიბადა. გუდამაყრის ხეობაში ასვლა და იქაურობის გადაღება მისი და იზა ვეფხვაძის იდეა იყო.
24 ივნისს დუშეთში, ხოლო 25-ში ფასანაურში იზა ვეფხვაძემ გამართა გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული წარმოდგენა “ამ მიწის ბედი ჩემი ბედია“, რის შესახებაც მასალის მეორე ნაწილში გიამბობთ.
ბურსაჭირში შევხვდით და ვესაუბრეთ მზია წიკლაურს, რომელიც დაზამთრებამდე იქ ცხოვრობს და თან იმ სახლს უვლის, რომელშიც გოდერძი ჩოხელი დაიბადა.
“ზამთარში აქ არავინ რჩება, ზაფხულში - 14-15 კომლია. ახლა აქ მხოლოდ ჩვენ ვართ.მეოთხე კლასში ვიყავი, როცა გოდერძიმ “ადგილის დედა“ გადაიღო. ბავშვებს ამოცანების ამოხსნაში გვეხმარებოდა, ლექსებს გვასწავლიდა, მოთხრობებს გვიკითხავდა. შემდეგ აქედან წავიდა და როცა დაოჯახდა, ხშირად ვეღარ ვხვდებოდით, მხოლოდ კინოს გადაღების დროს ვნახულობდი. გოდერძის ბოლო ფილმში “ლუკას სახარება“ მე და ჩემი ბიძაშვილი ზვიად წიკლაური მასწავლებლის როლში გამოვდივართ“, - გვითხრა მზია წიკლაურმა.
სახლში, რომელშიც გოდერძი ჩოხელი დაიბადა, მალხაზ წიკლაური 11 წელი ცხოვრობდა. ბებიის მონათხრობზე დაყრდნობით გოდერძი ჩოხელის დაბადებას ასე იხსენებს:
“გოდერძის დედა ლელა ბუბუნაური-წიკლაური მამიდად მეკუთვნოდა. როცა მშობიარობის დრომ მოუწია, სოფელ ჩოხიდან ზემოთ, მამის სახლისკენ წამოვიდა, რადგან ჩოხში ხატის მოედანთან ახლოს ცხოვრობდნენ და სალოცავის სიახლოვეს არა თუ მშობიარობა, არამედ ქალის მიახლოებაც არ შეიძლებოდა. ამ გადმოწეულ კლდეს ხომ ხედავთ?! გეგონება ეს ესაა გადმოიქცევაო. ლელა ბუბუნაური-წიკლაური ამ კლდეს, რომ მოუახლოვდა, ცუდად გახდა. ბებიაჩემმა ნინო ბექაურმა გაიგო, გავიდა, გამოიყვანა და სახლის პირველ სართულზე, მისი ოთახის გვერდით მდებარე ბაგაში დააბინავა. ძროხას ალვანას ეძახდნენ და იმის ბაგაში დაიბადა გოდერძი ჩოხელი. ასე რომ ჩვენს სახლში დაიბადა ეს ლეგენდარული კაცი, რაც უზომოდ მეამაყება.
გოდერძის აქ ყოფნის დროს ზვავმა ხე თავის ფესვებიანა ჩამოიტანა. ადგა გოდერძი და ეს ხე მდინარიდან ცოტა მოშორებით დარგო. ხემ გაიხარა. არაგვი რომ ადიდდება ხოლმე, ყველაფერი მიაქვს. ერთ დღესაც მიწვდა იმ ხეს და წაიღო, მაგრამ მოგვიანებით იმ ადგილას ტყე ბუნებრივად გაშენდა.
22 მარტს, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში იზა ვეფხვაძემ გოდერძის საღამო, რომ გამართა, მთიელი კაცის უტეხი და უღალატო ფიცით დავიფიცე, რომ ეს ადგილი ყველასათვის ცნობილი გახდებოდა - ეს სახლი და ბაგა, სადაც გოდერძი ჩოხელი დაიბადა, მინდა მსოფლიომ გაიცნოს. შემოდგომაზე, გოდერძის დაბადების დღისთვის ამ სახლზე შესატყვისი შინაარსის აბრის გაკვრა და ღია ცის ქვეშ პოეზიის საღამოს გამართვა მინდა.
პარლამენტში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ტრიპოლსკის ფესვები აქედანაა, ბებიამისი აქაური იყო. გამგებელი გვარად ჩოხელია. ამ ადამიანებთან ერთად ჩვენი მთის მგოსნის, ტარიელ ხარხელაურის დიდი იმედი მაქვს, მას ძალიან უყვარს გოდერძი და ბურსაჭირი. ცხვარში ამ გზით გადადიოდა და გადმოდიოდა. გოდერძის უშრეტი ენერგიის, უნიჭიერესი ბიჭები ჰყავს - ლუკა და ნიკა. ამ ადგილის გალამაზებას ყველა ერთად შევძლებთ, ამას დიდი ფინანსები არ სჭირდება - ჩვენი მხრიდან გამოჩენილი მონდომებით და ზემოთ ხსენებული ადამიანების მხარდაჭერით ამ ადგილს უსათუოდ გავამშვენიერებთ“.
ლეგენდა, რომელიც ბურსაჭირსა და იმ ხეობას უკავშირდება, რომელშიც ეს სოფელი მდებარეობს, მალხაზ წიკლაურის თქმით, ასეთია:
“შემოსევის დროს თემურ ლენგმა აქ ვერ შემობედა, ვიწრო ხეობაა და ვინ სად ჩაუსაფრთდებოდა, ღმერთმა იცოდა. თან ჩვენი ფიცხი ხასიათიც იცოდა, განსაკუთრებით შავარაგველების შეშინებია. უთქვამს, ბურუსია, ჭირსო და სოფელს ამიტომ დაერქვა ბურსაჭირი.
ამ ხევს ჰქვია დამლევას ხევი, რომლის ჩვენამდე მოსული ისტორია ასეთია - ზამთარში თივას თოვლზე აცურებენ და ასე ჩამოაქვთ ხოლმე ზემოდან. აქ შვიდი ძმა და ერთი პატარძალი ცხორობდა. ერთ ზამთარს ზემოდან თივა ჩამოჰქონდათ, ზვავი წამოვიდა და ყველანი დახოცა. აი,ამის შემდეგ დაერქვა ამ ხევს დამლევას ხევი. ბურსაჭირის ზემოთ ჩოხელების მამულებია, აქეთ წიკლაურების, ხარხელაურების, ბუბუნაურების და აფციაურების.
აქედან გადიოდა ძველი სამხედრო გზა. ყაზბეგში უმოკლესი გადასასვლელია და ცხენებით გადადიოდნენ. მეორე მხარეს სოფელ როშკაში და აბდელაურში შეიძლება გადახვიდე. ჩეჩნეთის საზღვარიც ახლოს არის“.
მონატრებული ღონისძიება ფასანაურში
“25 ივნისს, ფასანაურის კულტურის სახლში, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობმა იზა ვეფხვაძემ (მუსიკალური გამფორმებელი დალი მერაბიშვილი) გვაჩვენა თეატრალური სპექტაკლი “ამ მიწის ბედი ჩემი ბედია“, მიძღვნილი გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი. ამ წერილის მიზანია გადმოგცეთ დაბის მოსახლეობის, ახალგაზრდობის და გოდერძის მშობლიური სკოლის პედაგოგიური კოლექტივის და მომსახურე პერსონალის მადლიერება იმის გამო, რომ ასე მონატრებული ღონისძიება თქვენი ძალისხმევით მართლაც დიდმა ხელოვანმა, ქართული სიტყვის დიდოსტატმა იზა ვეფხვაძემ წარმოადგინა...“, - ამგვარი წერილით გამოხატეს მადლიერება კულტურის მინისტრისადმი და წარმოდგენის ავტორისადმი.
საქმე იმაშია, რომ გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი "ამ მიწის ბედი ჩემი ბედია" დუშეთსა და ფასანაურში გაიმართა პროექტის "მთების ძახილი" ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო. პროექტის მიზანია საქართველოს მთიან რეგიონებში ღირსეულ მამულიშვილთა საღამოების გამართვა; გარდა ამისა, ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების ამ საღამოებში აქტიურად ჩართვა და ახალგაზრდებში პატრიოტული გრძნობებისა და შემოქმედებითი ნიჭის გაღვიძება. პროექტი ხორციელდება ივნის–ივლისში. დუშეთსა და ფასანაურში გამართული საღამოების გარდა, ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი მესტიასა და უშგულშიც ჩავა. მესტიელები მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ სპექტაკლს “საქართველოს შიშველი სატევარი“ ნახავენ, ხოლო უშგულელები ოტია იოსელიანის ცხოვრებასა და შემოქმდებაზე მომზადებულ სპექტაკლს “ჩვენი ოტია“ უყურებენ და მოუსმენენ.
გუდამაყრის ხეობაში ყოფნისას ადგილობრივები თავად მივიწვიეთ ფასანაურში დაგეგმილ საღამოზე. მათ დანაპირები შეასრულეს და გოდერძი ჩოხელის საღამოზე დასასწრებად მთიდან ბარში ჩავიდნენ. დუშეთსა და ფასანაურში დალი მერაბიშვილთან ერთად ლიტერატურული სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები - "ქალილო" და "მთიულები" (ხელმძღვანელი ნუგზარ ქავთარაძე). წარმოდგენას დაესწრნენ ფასანაურის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე თადეოზი (იორამაშვილი), გოდერძი ჩოხელის მეგობრები, თანაკლასელები, უახლოესი ნათესავები, და, დისშვილები.
შემდგომი საღამოები 22-23 ივლისს მესტიასა და უშგულში გაიმართება. ეს იქნება მერაბ კოსტავასა და ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლები - “საქართველოს შიშველი სატევარი" და "ჩვენი ოტია".
ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ისტორია
“ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი შეიქმნა 1995 წელს. მისი დამაარსებელი ვიყავი მე, იზა ვეფხვაძე. 1998 წელს თეატრს დიდი ქართველი მამულიშვილის, რეზო თაბუკაშვილის სახელი ეწოდა. განვლილი საქმიანობის გათვალისწინებით, ძალიან მალე, 2003 წელს კულტურის სამინისტრომ თეატრს სახალხო თეატრის წოდება მიანიჭა. თეატრი პოპულარიზაციას უწევს მწერლობას, ხელოვნებას, ლიტერატურას, მეცნიერებას, კულტურას, ხელს უწყობს ღირსეულ მამულიშვილთა ღვაწლის წარმოჩენას. არსებობის 18 წლის მანძილზე თეატრს დადგმული აქვს 45 ლიტერატურული სპექტაკლი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში თითქმის 300-ჯერ წარმოვადგინეთ. რეპერტუარიდან გამოვყოფდი რამდენიმე სპექტაკლს, რომელთაც მაყურებლის დიდი სიყვარული და მოწონება ხვდათ წილად:
რეზო თაბუკაშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული წარმოდგენა "მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები", მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი სპექტაკლი "საქართველოს შიშველი სატევარი", დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული წარმოდგენა "ჩვენც ვიდავითებთ, დავით!", ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილი წარმოდგენა "ჩვენი ოტია", გურამ დოჩანაშვილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი " სიყვარულის სამოსელი", გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი "ზღვამ დაგვანახა მისი სიმაღლე", გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი "ამ მიწის ბედი ჩემი ბედია", ევგენი ხარაძის მეცნიერული ღვაწლისადმი მიძღვნილი სპექტაკლი "უცებ მოწყდება ვარსკვლავი", უშანგი ჩხეიძისადმი მიძღვნილი წარმოდგენა "და ჯადოქრობას უფრო ჰგავდა მისი ცხოვრება", ესმა ონიანისადმი მიძღვნილი სპექტაკლი "ნუთუ, ეს მე ვარ", ქართველი მწერლების: რეზო ჭეიშვილის, ოთარ მამფორიას, ზურაბ კუხიანიძის, შოთა ნიშნიანიძის, ლევან სანიკიძის, მიხეილ ქვლივიძის, თამაზ სანებლიძის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული წარმოდგენები და კიდევ არაერთი.
ამჯერად თეატრი მუშაობს ლიტერატურულ სპექტაკლზე "ლევილის მთაწმინდა", რომელიც ბედის უკუღმართობით უცხო მიწას მიბარებულ ღირსეულ ქართველთა ცხოვრებას და შემოქმედებას ეძღვნება”, - გვითხრა იზა ვეფხვაძემ.
ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის არსებობის 18-წლიან ისტორიაში კიდევ ერთი სიახლეა - ხარაგაულის რაიონის გამგებლის კობა ლურსმანაშვილის, პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ნოდარ ებანოიძის და ამავე რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის აკაკი მაჭავარიანის ერთობლივი ძალისხმევით თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა, რაც თეატრს მეტ გასაქანსა და სიკეთის კეთების საშუალებას მისცემს.