"მიხეილ ცრუს" რამსები აერია. ის თავს იტყუებს ან ჰგონია, რომ ქართველ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს. როდესაც მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოში ფირების აღმოჩენის საკითხს გამოეხმაურა, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანაში უკანონობის სისტემა კუდ-ის წარმომადგენელი დავით ჩხატარაშვილი და კუდი-ს ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა იყვნენ, რომელიც მათ მთავრობას შევარდნაძის მთავრობიდან გადმოჰყვა და რომ მათ არ იცნობდა.
“ის (ქარდავა) ჩვენ მთავრობას შევარდნაძის მთავრობიდან გადმოყვა. სამწუხაროდ, დავტოვეთ და, როგორც ჩანს, მას ჩვენ დროსაც ძველი ცოდვები ჩამოაწერეს. ორივე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალ მთავრობასთან... ლევან ქარდავა, კუდის ყოფილი უფროსი, არის ის ადამიანი, ვინც, მაგალითად, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, რომ გავიდნენ ნაციონალური მოძრაობიდან და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან. როგორც ახლა ირკვევა, ეს ორი ადამიანი იყო იმ უკანონობების ჩამდენი. მათ არ ვიცნობდი, არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ბოლო დრომდე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩემს პასუხისმგებლობას. სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი საშინელებების ჩამდენი სუბიექტები გადმოვიყოლეთ წინა მთავრობიდან, არ გავუშვით, მივიღეთ ჩვენს მთავრობაში და მსახურობდნენ ჩემი მთავრობის დროს” – განაცხადა სააკაშვილმა.
ფეხბურთიდან კუდ-ამდე
საზოგადოება გაეცნო "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" გავრცელებულ ინფრმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ქარდავას კოჯორში მიწის ნაკვეთი (2501 კვადრატული მეტრი) 2011 წლის 16 ნოემბერს ერთ ლარად აჩუქა.
მეგის ქარდავას ძმა, ლევან ქარდავა კუდი-ს უფროსად ახალაიების პროტექციით დაინიშნა. ის შევარდნაძის დროიდან არ გადმოჰყოლია, ეს უტიფარი ტყუილია. შევარდნაძის დროს ლევან ქარდავა თანამდებობაზე არც ფიქრობდა, სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონია და ფეხბურთს თამაშობდა. დიახ, ის მაშინ საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელი იყო, ზუგდიდის “ოდიშის” სარეზერვო შემადგენლობაში ირიცხებოდა და დამაიმედებელ მოთამაშედ ითვლებოდა, ხოლო მამამისი, ერთი ხანობა, გუნდს ეხმარებოდა.
“ლევანი საკმაოდ კარგი მოთამაშე იყო. საბავშვო ტურნირებზე, გივი ჩოხელისა და “კოკა კოლას” თასზე ისეთი ნიჭი გამოავლინა, “ოდიშის” დუბლებში მიიწვიეს. ძალიან მაგარი მარცხენა მცველი იყო და ისე კარგად იდგა, კაციშვილი ვერ გაცდებოდა. მაგრამ “ოდიშში” გადასვლა აღარ დასცალდა, რადგან გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. “ოდიშს” სამგზავრო და სავარჯიშო პირობებიც აღარ ჰქონდა, საშხაპეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბიჭები სადმე დაგუბებულ წყალს თუ ნახულობდნენ, იქ ბანაობდნენ. ლევანის მამა, სერგო ქარდავა, ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ფეხბურთზე შეყვარებული კაცი იყო. გუნდი თამაშებზე მაგის დახმარებით დადიოდა, საგზალსაც ატანდა, რადგან ბავშვები ეცოდებოდა. ეს 1995-96 წლებში ხდებოდა, როდესაც ომი ახალი დასრულებული იყო, არეულობისა და უბედურების დრო იდგა, ფეხბურთისთვის არავის ეცალა, გუნდიც დაიშალა და კარიერა თითქმის ყველამ დაასრულა. ასე მოიქცა ლევანიც. მერე ისწავლა და უმაღლესი განათლება მიიღო. ამ დროს ზუგდიდში ფეხბურთს არანაირი პრესპექტივა არ ჰქონდა. მაგრამ ფეხბურთი ისე უყვარდა, კუდ-ში მუშაობის დროსაც, თავისუფალ დროს “ზუგდიდის” თამაშებს ესწრებოდა.
მეგისიც არ აცდენდა თამაშებს. წვიმასა და თოვლში “ვალინკებით” გამოსასვლელში იდგა და ბურთი საითაც გაგორდებოდა, იქით დარბოდა. ისიც ისე აფანატებდა ფეხბურთზე, რომ სულ თამაშობდა და მინის ერთ დღესაც არ აცდენდა”, - იხსენებს ლევან ქარდავას ნაცნობი ზუგდიდელი გულშემატკივარი.
რაც შეეხება სააკაშვილისა და ქარდავების ურთიერთობას, ზუგდიდში არც ეს ყოფილა დამალული.
“სასაცილოა, თითქოს, ლევანი სპეცსამსახურებში შევარდნაძის დროიდან მუშაობდა. რაც ვიცი, სულ 4-5 წელია, რაც დაიწო მუშაობა და ესეც მიშას დროს მოხდა. მოდულში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო, ხოლო ბოლოს კუდის უფროსად დანიშნეს. ზუგდიდში ჟურნალისტები ჩამოვიდნენ და კითხულობდნენ, სააკაშვილი ქარდავას მართლა არ იცნობდაო? ამ ჩვენ პრეზიდენტს მაგარი გაურეკია. რა ნამუსით ამბობს, არ ვიცნობდიო, როდესაც ქარდავებთან მის სტუმრობაზე ზუგდიდში ლეგენდები დადიოდა. მამამისმა სერგომ სპეციალურად სახლში ჭა ამოთხარა - მიშას წყალი რომ დასჭირდებოდა, გარეთ არ გასულიყო. თუმცა, იგივეს ამბობდნენ როლანდ ახალაიაზეც და ზუსტად მაინც ვერ გეტყვით”, - გვიმხელს ზუგდიდელი გულშემატკივარი.
რა მოხდა ზუგდიდში?
ლევან ქარდავა იყო სამეგრელოში ფეხბურთის ერთ-ერთი მხარდამჭერი და გუნდის თანამდგომი. ფეისბუქის მის გვერდზე წააყდებით სურათს, სადაც წალენჯიხის რაიონის ერთ-ერთ ყოფილ ხელმძღვანელს ფეხბურთის განვითარებისათვის აუცილებელ საკითხებზე ელაპარაკება.
მაგრამ ქარდავას სახელი ასოცირდებოდა ზუგდიდში მსაჯების ცემის ფაქტებთან დაკავშირებით. 2012 წლის 14 აპრილს, მორიგი ტურის შეხვედრაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას "ბაია" რომან ფიფიას "დინამოს" მასპინძლობდა. მაპინძლები არც უმაღლესიდან ვარდებოდნენ და არც ევროსაგზურისთვის იბრძოდნენ, მათთვის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხოლო ჩემპიონობისთვის მებრძოლ თბილისელებს ზედიზედ 6 ფრეს შემდეგ, მოგება ჰაერივით სჭირდებდათ.
მატჩის დასრულების შემდეგ, მსაჯები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა სცემეს. მატჩს ფიფას მსაჯი ლაშა სილაგავა სჯიდა, რომელმაც მატჩის მოხსენებით ოქმში დაწერა:
„მატჩის დამთავრების შემდეგ მაყურებელი აგრესიულად იქცეოდა, მსაჯებს გვაგინებდნენ. უსაფრთხოების მიზნით, მინდორზე ლოდინი დაგვჭირდა, სანამ საჯარისო ნაწილი გასახდელამდე უსაფრთხო კორიდორს უზრუნველყოფდა. გზაში გასახდელისკენ სამოქალაქო სამოსში მყოფმა ძალოვნებმა, რომელთაც ქამარში იარაღები ჰქონდათ გაჩრილი, იმის მაგივრად, რომ წესრიგი დაეცვათ, დაგვიწყეს გინება და ფურთხება. ამის შემდეგ, იგივე პირები, დაახლოებით 6 კაცი, მსაჯთა ოთახში შემოიჭრა და ისევ გვაგინეს და სახეში გვაფურთხებდნენ. პირადად მე, ერთ-ერთმა მათგანმა მაგიდაზე მდგარი ჭურჭლიდან შემომასხა წყალი და ცემა დამიპირა. ჩემი დაცვა ოთახში მყოფმა მატჩის დელეგატმა ენუქი თევზაძემ და მეოთხე არბიტრმა ალექსი კრიჭაშვილმა სცადეს. ამის გამო, ბატონ ენუქის ერთ-ერთმა მათგანმა სახეში ხელი გაარტყა, ხოლო ალექსი კრიჭაშვილს წიხლები ურტყეს. ამის შემდეგ ისინი გინებ-გინებით გავიდნენ ოთახიდან.
ვინ შეუვარდა გასახდელში მსაჯებს? სილაგავამ ამაზე არაფერი თქვა - სახით ვერავინ ვიცანიო. სხვათა შორის, 14 აპრილის შემთხვევა რამდენიმე დღის დაგვიანებით გახმაურდა. როგორც ჩანს, ამისთვის ლაშა სილაგავას დრო დასჭირდა. არ დაგვავიწყდეს, რა დრო იყო – არჩევნებამდე 6 თვე იყო დარჩენილი. თუმცა, კულუარებში ლაპარაკობდნენ, რომ ერთ-ერთი მოძალადე ლევან ქარდავა გახლდათ. აქვე ვიტყვით, რომ ინციდენტიდან მალევე ენუქი თევზაძე გარდაიცვალა.
არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ზუგდიდდში ინციდენტი ისევ მოხდა. 2012 წლის 22 სექტემბერს “ზუგდიდი” საჩხერეს “ჩიხურას” იღებდა. პირველი ტაიმის 36-ე წუთზე სტუმრები 2-0 დაწინაურდნენ. მაგრამ საჩხერლები მოულოდნელად გაჩერდნენ და საბოლოოდ, შეხვედრა 2-4 დათმეს.
თვითმხილველთა თქმით, სტადიონზე საპატიო ლოჟაში მყოფი ძმების მამა, როლანდ ახალაია, გუბერნატორი ზაზა გოროზია და ლევან ქარდავა საჩხერელებს აგინებდნენ და ამით შეგულიანებულმა ხალხმა სტუმრები “რუსებო! რუსებო”-ს ძახილით მწყობრიდან გამოიყვანეს, ხოლო შესვენებაზე ფეხბურთელები დააშინეს და იქ შედეგზე მეტად, სიცოცხლეზე ფიქრობდნენ.
სხვათა შორის, მაშინ პირველად დაიწერა, რომ ეს სამეგრელოში მოქმედი არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირების წევრთა და მათი შეფების ნახელავი იყო.
ჰკა მაგას!
ასეთი ამბები “ვარდოსნების” დროს იშვიათი არ ყოფილა. ლაშა სილაგავას ფრთხილი მოხსენებაც გასაგები გახდება, თუ გავიხსენებთ დავით კირკიტაძისა და გიორგი გეგეჭკორის "საგმირო საქმეებს". 14 აპრილის ზუგდიდური მატჩის პატაკი მისი კარიერისთვის, შესაძლოა, დამღუპველი ყოფილიყო. ამის დასტურად მისი ყოფილი შეფის, ამირან კაჭახიძის ფეხბურთიდან მოკვეთაც კმარა.
2009 წელს, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემ ბოლნისში მსაჯებს აგინა, მატჩის შემდეგ მატჩის დელეგატი, ამირან კაჭახიძე სცემა, შემდეგ კი მის მანქანას დაახტა და დააზიანა, ხოლო კაჭახიძე არამიანცის საავადმყოფოში ტვინის შერყევით მიიყვანეს. ყოფილი “გაიშნიკი” ამ დროისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
საქმე იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, ამტკიცებენ, კირკიტაძემ წასვლაზე განცხადება დაწერა, მაგრამ პრეზიდენტმა არ გაუშვაო. სამაგიეროდ, დაზარალებული კაჭახიძე სამსაჯო განყოფილებას და მთლიანად ფეხბურთს ჩამოაშორეს!
მეორე ფაქტი სპორტის სასახლეში მოხდა. შსს-ს კალათბურთელთა გუნდის წევრმა მატჩის ქალბატონ მსაჯს, მაკა კუპატაძეს მუცელში წიხლი უთავაზა. კალათბურთელს მხარი თბილისის საპატრულო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა აუბა და მსაჯისკენ რომ არ გაუშვეს, დაცვის თანამშრომელს დაარტყა. რა თქმა უნდა, არც ის დასჯილა.
ფეხბურთის ფედერაციამ ამ ფაქტებზე დუმილი ამჯობინა და მსაჯებზე თავდასხმისთვის დამნაშავე სამართალდამცველებს პასუხი არ თუ ვერ მოსთხოვა.
სხვათა შორის, წლების წინ, ზვიად სიჭინავა ზუგდიდში პოლიციელებს ბოთლებით გაეკიდა, მინებს ამტვრევდა და დებოშისა და ხულიგნობისთვის დააკავეს. შემდეგ, სააკაშვილის ბრძანებით, სწორედ მან “გაიმარჯვა” ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში. მანამდე სააკაშვილს სიჭინავას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნვა სურდა, მაგრამ მერე ზაზა გოროზიასკენ გადაიხარა, ზვიად-დომენტის კი ფეხბურთი “ერგო”.