თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების წინააღმდეგ ბათუმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების წინააღმდეგ ბათუმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ბათუმში თურქეთ-საქართველოს შორის ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულების წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიულ ტაოში ოთხი ქართული ძეგლის აღდგენას, ხოლო საქართველოში სამი მუსულმანური სალოცავის რესტავრაციას და ბათუმში მეჩეთის აშენებას ითვალისწინებს, “რესპუბლიკური პარტიის” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ინიციატივით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ტექსტი, რომელიც “რესპუბლიკური პარტიის” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მურმან დუმბაძემ გაგვაცნო, ასეთი შინაარსისაა:

“ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაამჟღავნა  ისტორიული შეთანხმების დეტალები, რომელიც ითვალისწინებს თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ქართული რენესანსის ოთხი უნიკალური ძეგლის (იშხანი, ოშკი, ხანძთა, ოთხთა ეკლესია) რესტავრაციას მათი თავდაპირველი დანიშნულების, ე.ი. სალოცავი ფუნქციის გარეშე, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამი მეჩეთის აღდგენას ფუნქციით, ხოლო ქალაქ ბათუმში, ყოფილ ლენინის მოედანზე, მე-19-ე საუკუნის 60-იან წლეებში აგებული და შემდეგ მე-20-ე საუკუნის ორმოციან წლეებში დამწვარი ე.წ. აზიზიეს მეჩეთის ხელახლა აშენებას, სალოცავი ფუნქციის გარეშე ე.წ. მუზეუმ-მეჩეთის სახით.

მიგვაჩნია, რომ პრაქტიკულად ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულება სცილდება ორი ქვეყნის კულტურული თანამშრომლობისა და შეთანხმების ურთიერთობათა სფეროს და წარმოადგენს ბოლომდე გაუაზრებელი პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს, რომელიც არ ითვალისწინებს ბათუმის მოსახლეობის, მათ შორის ქრისტიანი და მუსლიმი ქართველების განწყობათა რეალობებს.

გამომდინარე აქედან, ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ამ ნაჩქარევი დოკუმენტის აღნიშნული შინაარსით ხელმოწერაზე და გაითვალისწინოს საკითხის რელიგიურობიდანაც გამომდინარე საქართველოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს კონსტიტუციური შეთანხმების მე-9-ე მუხლი.    

 

ამასთან ვადასტურებთ, რა ჩვენი მეზობელი თურქეთის სახელმწიფოს მიმართ ჩვენს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას, ვთხოვთ თურქეთის ხელისუფლებას გაგრძელოს კონსულტაციები, ამ მართლაც ისტორიული შეთანხმების მისაღწევად, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით”.

ხელმოწერების შეგროვების დაწყებას წინ უძღვოდა ბათუმის პრეს-კაფეში გამართული შეკრება, რომლის ინიციატორი მურმან დუმბაძე იყო. ამ ღონისძიებას, რომელიც სამი საათი გრძელდებოდა, აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, მუსულმანი ქართველები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებობდნენ.  ამ შეკრებაზე იყო პრესაგე.ტვ-ც.

იმაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ქართველი მუსულმანები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხელშეკრულების ამგვარი ფორმით გაფორმებას და ბათუმში მეჩეთის აშენებას, სალოცავი ფუნქციის გარეშე და რა არგუმენტები აქვთ იმ თითზე ჩამოსათვლელ ბათუმლებს, რომლებიც ხელშეკრულების არსებული სახით გაფორმებაში პრობლემას ვერ ხედავენ, პრესაგე.ტვ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.