საქართველოში ჯერ ისედაც რა მოსავალი მოდის და იმასაც ათასგვარი მავნებელი ანადგურებს. რაც წლების განმავლობაში ორფეხა მავნებლებს გადაურჩა, ახლა მღრღნელები და პარაზიტები მიადგნენ. ასე თუ გაგრძელდა წლეულს შარშანდელი მწირი ჭირნახულიც სანატრელი გაგვიხდება. არადა, სოფლის მეურნეობის მინისტრი, პრემიერ-მინისტრთან ერთად, რამდენიმე დღის წინათ თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ 2011 წელი ადგილობრივი წარმოების წინსვლის წელი იქნებოდა.
როგორც ჩანს, ქიზიყელი უკუდო თაგვები მინისტრის ნათქვამს არადა აგდებენ. ამიტომ კვეზერელს რომ კოვზი ნაცარში ჩავარდნოდა ამისათვის ყველაფერი იღონეს. ვითარება მართლაც საგანგაშოა. დედოფლისწყაროს რაიონში და წნორში ხორბლის ნათესების 80% უკუდო თაგვებმა გაანადგურეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, უკუდო თაგვი სწრაფად გამრავლდა, ფერმერების მიერ საკუთარი ძალებით მღრღნელების წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო. ”თაგვის საწინააღმდეგო წამალი ხორბლის ყანებში რამდენჯერმე გავშალეთ, მაგრამ უშედეგოდ”, - აცხადებენ ფერმერები.
“მღრღნელების გამრავლებას ხელს თბილი ამინდები უწყობს. ამის გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატი მოგვცა, რომელიც ფერმერებს უფასოდ გადაეცათ. აღნიშნული პრეპარატი მხოლოდ 3 500 ჰექტარზე იყო გათვლილი. წამლის რაოდენობა ჰექტარის რაოდენობის მიხედვით განაწილდა”, - განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა.
წნორში მცხოვრები ფერმერის გია სუხიშვილის თქმით კი, წელს ბევრმა ფერმერმა ხორბალი საერთოდ არ დათესა, რადგან თაგვი ნათესებს ანადგურებს და მცენარეს გაზრდის საშუალებას არ აძლევს.
ვეტერინარი ლევან პოპიაშვილი ამბობს, რომ მღრღნელების საწინააღმდეგო ერთადერთი საშუალება პრეპარატი “ზოოკუმარინია”, რომელიც საქართველოში 10 წელია ხმარებაში აღარ არის.
იმ დროს, როდესაც თაგვები მწვანე ჯეჯილს უსწორდებოდნენ, მავნე მწერმა - “ვერცხლის რწყილმა” - აჭარაში ციტრუსის მოსავლის 90% გაანადგურა. ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, რომ შხამქიმიკატების ყიდვის საშუალება არ აქვთ, რის გამოც მავნებლებს ვერ ებრძვიან.
“წლეულს ციტრუსის მოსავალი არც ისე დიდი იყო, ამას მავნებლებიც დაემატა. თუკი შარშან ერთი ფერმერი, საშუალოდ, 10-12 ტონა მანდარინს იღებდა, წლევანდელ სეზონზე 300 კილოგრამზე მეტი ვერ აიღეს. ამას ისიც დაემატა, რომ ციტრუსის დიდი ნაწილი მხოლოდ უკრაინულ ბაზარზე გადის, იქ კი საბაჟო გადასახადი გაიზარდა”, - აცხადებენ აჭარის მცხოვრებლები.
თავის მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოსავლის 90%-ის განადგურების ფაქტს უარყოფენ. მინისტრის მოადგილის დონარა სურმანიძის თქმით, ციტრუსის მოსავლის სიმცირეში დამნაშავეები თავად ფერმერები არიან.
“უახლოეს მომავალში ფერმერებისთვის სპეციალური ბუკლეტები დაიბეჭდება. მასში შხამქიმიკატების შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება დატანილი. ხშირ შემთხვევაში ფერმერების ნაწილი საკუთარ პლანტაციას სათანადო ყურადღებას არ აქცევს, რის გამოც შემდგომ მცირე მოსავალს იღებს”, - განაცხადა სურმანიძემ.