ბიძინა ივანიშვილი პროკურატურის საქმიანობით უკმაყოფილოა

ბიძინა ივანიშვილი პროკურატურის საქმიანობით უკმაყოფილოა

„დღევანდელი ჩვენი პროკურატურა სუსტია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე განმარტა, რომ, სავარაუდოდ, გამომძიებლებიც და პროკურორიც დაექვემდებარებიან ზედმეტ შეკითხვებს. თუმცა მას არ სურს, ისევ ზემოდან გადაწყვიტოს რამე და ეს სამართლებრივად უნდა გადაწყდეს.

„ცოტაც დაველოდოთ და მალე ფარდა აეხდება, მანდაც რაც ხდება რეალურად და დასასრულს უახლოვდება ეს პროცესი“, - ასეთი იყო პრემიერის დაპირება.

საზოგადოების ნაწილში, რომელსაც პროკურატურასთან შეხება ჰქონია, მსგავსი განწყობა ნაცნობია. ისინი ჩივიან, რომ ძველი გამომძიებლებისა და პროკურორების ხაზი დღემდე გრძელდება და საქმეების სამართლიანი გამოძიება არ ხდება. მართალია, პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რის საფუძველზე აცხადებდა, რომ პროკურატურა სუსტი რგოლია, მაგრამ საინტერესოა, პრემიერ-მინისტრის ნათქვამი საზოგადოების გამოძახილი იყო თუ თავადვე მივიდა ამ დასკვნამდე.

For.ge შეეცადა, გაერკვია, რას ნიშნავდა პრემიერის ნათქვამი და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პროკურატურის სისუსტის გამო?! უნდა დაეკისროს თუ არა პროკურატურის მაკონტროლებლის მისია პარლამენტს, რადგან მთავარი პროკურატურა პრაქტიკულად, უკვე დამოუკიდებელია იუსტიციის მინისტრისგან.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურის სისუსტეში პრემიერი, სავარაუდოდ, იმ ფაქტს გულისხმობდა, რომ  პროკურატურა წინა ხელისუფლებამ აქცია პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად და ბიუჯეტის შევსების წყაროდ, ერთგვარ ხორცის საკეპ მანქანად, რომელიც ადამიანებს ატარებდა. ამიტომ, ეს გარდამავალი, თანაც ხანგრძლივი პროცესია, სანამ ეს უწყება მართლმსაჯულების აღსრულების ორგანოდ ჩამოყალიბდება. 

ექსპერტის აზრით, საქმეს ისიც ართულებს, რომ ახალი ადამიანების გამოგონება შეუძლებელია, ისიც წარმოუდგენელია, პროკურატურა მთლიანად გაეწმინდათ ძველი კადრებისგან, ვინაიდან ფიზიკურად ამდენი პროკურორი არ არსებობს ქვეყანაში.

„ამ ტიპის სისუსტე გარდამავალ პერიოდს ახასიათებს, რაზეც საზოგადოება უნდა რეაგირებდეს. რთული პროცესი მიმდინარეობს პროკურატურაში, ყველა ცდილობს, შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთოს. თუმცა ათეულ-ათასობით საქმეა დაგროვილი და ამდენმა უსამართლობამ ერთბაშად იხეთქა. ამიტომ ამ უწყების მუშაობაში სუბიექტურ ფაქტებს, ხარვეზებსაც არ გამოვრიცხავ, რაც ისევ და ისევ გარდამავალი პერიოდის უბედურებაა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ფიქრობს, რომ პროკურატურა დღეს უფრო დიდ მონსტრად აქციეს და იუსტიციის სამინისტრო, რომელიც იძიებდა პროკურატურის მიერ ჩადენილ დანაშაულს, დაუქვემდებარეს პროკურატურას. ამით პროკურატურა გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში და იქ არსებული ანომალიური მოვლენები დაკანონდა.

„ეს სისულელე უკვე თვალშისაცემია, ისინი მფარველობენ დამნაშავეებს. მე გავახმაურე ძმები სოზაშვილების ცემისა და წამების ფაქტი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. ამიტომ ლაშა ნაცვლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას, რადგან, ფაქტობრივად, მთავარი პროკურორი ის არის. მას უნდა მიაყოლონ ირაკლი ღარიბაშვილი. ერთადერთი ადამიანი, რომლის იმედიც მქონდა, თეა წულუკიანი იყო. იგი იმ მოვლენებს არ დაუშვებდა, რაც დღეს პროკურატურაში ხდება“, - მიიჩნევს ზაზა ხატიაშვილი და პრემიერს რეალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რათა მისი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულის დასაწყისი არ დადგეს.

ადვოკატი მამუკა ნოზაძე პრემიერის აღნიშნულ ნათქვამს ორიგინალურად არ მიიჩნევს და ბიძინა ივანიშვილს ეთანხმება, რომ პროკურატურა ყოველთვის სუსტი რგოლი იყო. უბრალოდ, სააკაშვილის რეჟიმმა ეს ორგანო ისე გააძლიერა, რომ მათი ყველა უკანონობის დაკანონება ხდებოდა სასამართლოს მხრიდან. დღესაც პროკურატურაში ის კადრები არიან დასაქმებულნი, რომლებიც სააკაშვილის დროს დაკვეთილ დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადიოდნენ.

„ეს ადამიანები დღეს გაურკვევლობაში არიან, არ ემორჩილებიან კონსტიტუციას და  ზემოდან ელოდებიან მითითებებს, ხელისუფლების მოთხოვნას. ამიტომაც არ მიმდინარეობს საქმეების დროული გამოძიება და ხალხში უკმაყოფილება იზრდება. პროკურატურაში ინტელექტის დეფიციტიცაა. გამოცდილ იურისტებს აღარ სურთ ამ სისტემაში მოხვედრა, რადგან გარკვეული კონიუნქტურის ჩარჩოებში მოქცევა არავის უნდა. ამიტომ უპირველესად მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი დგას, რადგან მან საკვანძო თანამდებობებზე, როგორიცაა საოლქო პროკურორები, დანიშნა ოდიოზური პიროვნებები“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე.

ადვოკატ ლია მუხაშავრიას აზრით, პრემიერმა მხოლოდ ახლა განაცხადა ამის შესახებ, უფლებადამცველები კი დიდი ხანია ამბობდნენ, რომ ამ ცხრა თვის მანძილზე სამართლიანობის აღდგენის დიდი მოლოდინი არ გამართლდა და ეს პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. ამიტომ, პრემიერის ასეთი შეფასება ლია მუხაშავრიას დროულად მიაჩნია და მისგან გარკვეული ზომების მიღებასაც ელოდება, რადგან სამართლიანი გამოძიებისა და მართლმსაჯულების გარეშე, სახელმწიფო, პრაქტიკულად, ვერ იარსებებს. ამასთან, ადვოკატი  გარკვეული პირების  პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. მით უფრო, რომ ამ უწყების გარდა, უმსგავსობები ხდება სასამართლოშიც, რომელიც ისევ ძველი კადრებითაა დაკომპლექტებული და ისინი ნამდვლად არ ცდილობენ მართლმსაჯულებას ემსახურონ. ეს კი ნაწილობრივ იმის ბრალიცაა, რომ სუსტია ბრალდება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრემიერის ნათქვამს პროკურატურასთან მიმართებით ასეთნაირად განმარტავს, რომ მართლაც, გარკვეულ საქმეებზე გამოძიება გაჭიანურებულია ან ეფექტურად არ მიმდინარეობს, რის გამოც ხალხში უკმაყოფილება იზრდება და პარლამენტშიც ჩივიან პროკურატურის არაეფექტური მუშაობის გამო. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა მანანა კობახიძე ობიექტურ გარემოებებს ხედავს. კერძოდ, არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი საქმე შევიდა პროკურატურაში. რაც შეეხება დასრულებული საქმეების ხელახლა განხილვას, რაზეც ყველაზე დიდი უკმაყოფილება იგრძნობა, ვიცე-სპიკერის აზრით, ეს მას შემდეგ დაიძლევა, როცა ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნება.

მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ყველაფრის გამო, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის, პროკურატურის მუშაობაზეც, პასუხს აგებს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე, - მთავრობა.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდა პროკურატურის შესახებ კანონში, ის არის იუსტიციის სამინისტროს საერთო დაქვემდებარებაში და ჩვენ კონსტიტუცია არ შეგვიცვლია. პროკურორი არ არის დაზღვეული შეცდომის ან არასწორი შეფასებისგან. ამიტომაც არსებობს პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს პროკურორის მიერ მიღებული აქტის გასაჩივრებას ზემდგომ პროკურორთან, ან მთავარ პროკურორთან, შემდეგ - იუსტიციის მინისტრთან. პროკურატურის მუშაობის შესახებ  ჩვენთან ბევრი საჩივარი შემოდის, რასაც შესაბამისი მიმართვით თუ შუამდგომლობით ვაგზავნი მთავარ პროკურორთან და ვთხოვ რეაგირებას და პასუხს დარღვევაზე“ - აცხადებს მანანა კობახიძე.