გამაუპატიურებლის გათავისუფლებას სამოქალაქო საზოგადოება გააპროტესტებს

გამაუპატიურებლის გათავისუფლებას სამოქალაქო საზოგადოება გააპროტესტებს

For.ge-ს პრეს-კლუბში რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პრეს-კონფერენცია გამართეს და ახალციხის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. საქმე ეხება 3 ივლისს ახალციხის სასამართლოს მიერ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმეზე გამამართლებელი განაჩენის დადგენას. შეგახსენებთ, მათ ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედება, წამება და გაუპატიურება ედებათ ბრალად. ხაინდრავა, ინაშვილი და გოგიჩაიშვილი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქვეყანაში პერმანენტული აქციები დაიწყება. პირველი აქცია კი ხვალ ბორჯომში გაიმართება, რასაც მომდევნო დღეებში ახალციხის სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან აქციები მოჰყვება.

გოგა ხაინდრავა გაუგონარს უწოდებს სასამართლოს მიერ გამოტანილ ამ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ განაჩენის გამომტანმა მოსამართლე ჯეირანაშვილმა ქართულ საზოგადოებას ამით შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან დარბაზიდან გამოუშვა ხუთი ადამიანი, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელ, სასტიკ წამებაში იყო ბრალდებული.

„ეს ადამიანები ყველაზე მძიმე დანაშაულში იყვნენ ბრალდებულები, მკვლელობის ჩათვლით, რადგან არსებობს ფიზიკური მკვლელობა და არსებობს მორალური მკვლელობა და მე არ მგონია, ამ ქმედებებს შორის რომელიმე გამორჩეული იყოს. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემუქრება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მთელი ქვეყანაა შეურაცხყოფილი (ამას მოწმობს ის კადრები, რომლებიც ვნახეთ და ისინიც, რომლებიც არ გვინახავს) და როდესაც ვინმე გაიგებს, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლები ვართ, არავინ დაიწყებს იმის გარჩევას, რა გვარები ვართ და ვართ თუ არა ის ადამიანები, რომლებიც ამას სჩადიოდა, მხარს უჭერდა და პრაქტიკულად აკანონებდა“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებამ ლეგიტიმაცია მისცა სახელმწიფო დამნაშავე კოტე კუბლაშვილს, რომელმაც ასევე მოსამართლეების „ბანდა“ შეინარჩუნა და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ. გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ადამიანის ბუნებას სჩვევია, მძიმე და სასტიკი დანაშაულების ჩადენა, მაგრამ კოტე კუბლაშვილი და მისი თანამოაზრეები ასეთ ადამიანებს, როგორიც არის ხვედელიანი (რომელიც მამაკაცებს სკამის ფეხით და სხვა საგნებით აუპატიურებდა) ხელს აფარებენ.

„მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა და ამის გამო ზოგიერთმა მათგანმა ციხეში ამოყო თავი (რისი თვალსაჩინო მაგალითიც ჩემს გვერდით მჯდომი ლევან გოგიჩაიშვილია), ზოგი შეიძლება ციხეში არ მჯდარა, მაგრამ უარესი პრესის ქვეშ იმყოფებოდა, მინდა მივმართო ყველა იმ უამრავ ადამიანს, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმი წელში გადატეხა, ყველას მინდა მოვუწოდო - არავითარ შემთხვევაში ამ ფაქტს არ შევურიგდეთ. ეს არის წითელი ხაზი, რომლის იქითაც ჩვენი ქვეყანა არ უნდა გადავიდეს. მე ერთი წლის განმავლობაში არანაირი განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდი, რადგან მიმაჩნდა, რომ დრო უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას, რომელსაც ყველამ მხარი დავუჭირეთ, რომ მისი დანაპირები შეასრულოს, მაგრამ ახლა ყველა ვხედავთ, რომ ადგილი აქვს საგანგაშო და აბსოლუტურად შეუწყნარებელ ფაქტს. ამიტომ ბუნებრივია, ასეთ რამეს არავითარ შემთხვევაში არ შევურიგდებით“, - აღნიშნავს გოგა ხაინდრავა.

იგი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვით - საქართველოში სკამის ფეხით ადამიანის გაუპატიურება ჩვეულებრივი ქმედებაა, თუ დანაშაულია, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს? რეჟისორის თქმით, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება კორუფციული გარიგების შედეგია. აქვე ხაინდრავა დასძენს, რომ ის და მისი თანამოაზრეები ყველა კანონიერ მეთოდს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ქმედება გააპროტესტონ. რეჟისორის თქმით, ხვედელიანის გამოშვებით სასამართლო ქმნის იმის პრეცედენტს, რომ მისი მსგავსი დამნაშავეების სასჯელისგან გათავისუფლება სრულიად შესაძლებელია და ამით მერაბიშვილის, ახალაიას და სხვების გათავისუფლებისთვის შესაბამისი პლატფორმის შექმნა ხდება, მაგრამ გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ საზოგადოება ამას არ შეეგუება.

„სანამ ვითარება უკიდურესად არ გამწვავებულა, საჭიროა შესაბამისი რეაგირება. წარმოიდგინეთ რა დღეშია ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა და აღიარა, რომ იგი სკამის ფეხით გააუპატიურეს, მას შემდეგ, რაც ეს კაციჭამიები და მოძალადეები გამოუშვეს. ამის შემდეგ ხომ ყველა ის ადამიანი, ვის მიმართაც მსგავსი ტიპის ძალადობაა ჩადენილი, დაფიქრდება, ღირს კი ამ ქვეყანაში სიმართლის თქმა და იმ ბოროტების მხილება, რომელიც წლების განმავლობაში ციხეში თუ პროკურატურაში ხორციელდებოდა? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს მართლაც ხდებოდა? ის 13 000 ფაილი მოგონილი ხომ არ არის? ამას ხომ ვიღაც სჩადიოდა? ჯეირანაშვილით დაწყებული და მერაბიშვილით დამთავრებული ნურავის ეგონება, რომ ჩვენ ამ სიტუაციას შევეგუებით. ამ საქმეებს ბოლომდე ჩავყვებით და ყველა დამნაშავეს დღის სინათლეზე ამოვიყვანთ“, - ამბობს გოგა ხაინდრავა.

ჟურნალისტი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ჯეირანაშვილსა და ხვედელიანს შორის წლების განმავლობაში არსებობდა პირდაპირი კავშირი და ჯეირანაშვილი დღეს არის იმ ადამიანების მძევალი, რომლებიც ამ რეგიონს წლების განმავლობაში აკონტროლებდნენ. ინაშვილის თქმით, ესენი არიან მერაბიშვილი, ხვედელიანი, ლეგაშვილი და ა.შ.

„მაქვს ინფორმაცია, რომ თავის დროზე ჯეირანაშვილი ხვედელიანისგან დავალებული იყო არაერთ საკითხთან დაკავშირებით და დღეს მან ეს ვალდებულება გამოისყიდა ხვედელიანის, მერაბიშვილის, ლეგაშვილის და სხვების წინაშე, მაგრამ ჯეირანაშვილი ახლა უკვე პასუხს აგებს ქართული საზოგადოების წინაშე, რადგან ისეთი დამნაშავის გარეთ გამოშვება, როგორიც ხვედელიანია, ნამდვილად არის თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა“, - ამბობს ირმა ინაშვილი.

მისი თქმით, ჯერ კიდევ 2010 წელს გაახმაურა ხვედელიანის მიერ 21 წლის რევაზ არუცევის მკვლელობის ფაქტი და მაშინ არც „საიამ“ და არც სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ამ ფაქტზე ხმა არ ამოიღეს. ამიტომ ჟურნალისტი მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ამ საქმით დღეს მაინც დაინტერესდნენ, რადგან საქმეზე ძიება მიმდინარეობს და შესაძლებელია, რომ ხვედელიანმა ამ ფაქტზე მაინც აგოს პასუხი. ირმა ინაშვილის თქმით, არუცევს საკონტროლო ტყვია პირადად მამუკა ხვედელიანმა ესროლა და ეს იცის მთელმა ბორჯომმა, ისევე, როგორც ის, თუ სად მოხდა შემდგომში გვამის გადასვენება იმისთვის, რომ ექსპერტიზა გაყალბებულიყო. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამის შემდეგ მთელი ამ წლების განმავლობაში ხვედელიანი ბორჯომელ ახალგაზრდებს აშინებდა, ნარკოტიკებს უდებდა და აშანტაჟებდა, რათა მათ ამ ფაქტზე ხმა არ ამოეღოთ, მაგრამ ინაშვილი ამბობს, რომ დღეს ხვედელიანს და მის მსგავს ადამიანებს აღარ გაუვათ ასეთი ქმედებები და მათ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგონ.

ყოფილი პოლიტპატიმარი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა ჩავარდა, რადგან ხელისუფლებამ ვერ შეძლო საზოგადოებისთვის ისეთი ადამიანების ჩამოშორება, როგორებიც არიან კუბლაშვილი, ჯეირანაშვილი, ჩემია და ა.შ.

„საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვის დასმის უფლება - სად უნდა იყოს მაგალითად მოსამართლე ჩემია - სასამართლოში, პუშკინის სკვერში ჭადრაკს თამაშობდეს, თუ უნდა იჯდეს ციხეში? ამ ადამიანებს წლების განმავლობაში საქართველოს სახელით გამოჰქონდათ განაჩენები და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი კუბლაშვილი დანაშაულშია არაფრით არ ჩამოუვარდება ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას, ზურა ადეიშვილს, მიხეილ სააკაშვილს და სხვებს. ის ისეთივე დამნაშავეა, როგორც სხვები, რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ასეთი ადამიანი დღესაც თანამდებობაზეა. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთმა პოლიციელმა 18 წლის ბიჭს ხუთჯერ ესროლა თავის არეში. სასამართლომ კი ის გირაოთი გაათავისუფლა მაშინ, როდესაც ეს ადამიანი კოდუას მოადგილე იყო და არაერთ დანაშაულში აქვს მონაწილეობა მიღებული“, - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

მისი თქმით, მოსამართლე ჯეირანაშვილმა გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბარა ამ საქმის პროკურორი და მას განსასჯელებისთვის საპროცესო გარიგების გაფორმება შესთავაზ, რაზეც პროკურორმა უარი თქვა. ამის შემდეგ კი მოსამართლემ ხვედელიანი და მასთან ერთად ბრალდებულები თავად გაათავისუფლა. ამიტომაც გოგიჩაიშვილსაც აქვს ეჭვი, რომ აქ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან.