საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის ია ანთაძეს ბოდიშის მოხდას ურჩევენ

საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის ია ანთაძეს ბოდიშის მოხდას ურჩევენ

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ „Facebook”-ის საკუთარ გვერდზე ია ანთაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს, რომელიც თითქოს მისი არასმთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საგრანტო პროექტის დუბლირების მაღალ რისკს“ შეიცავს.

საქმე ეხება ახალ პროექტს, რომლის თანახმად, სამინისტრო განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს ბავშვებს, რომლებმაც რიგი მიზეზის გამო სასკოლო განათლება ვერ მიიღეს. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და მუშაობენ; ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო სკოლის მიღმა დარჩნენ, არიან ობოლი და მიუსაფრები, რიგი მიზეზების გამო წყვეტა აქვს სწავლაში და ა.შ.

ია ანთაძე მიიჩნევს, რომ ამ პროექტს თავად ახორიცელებს და „Facebook”-ზე წერს: „5 ივნისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ თხოვნით, რომ მისთვის გაგვეცნო ჩვენ მიერ სამი წლის განმავლობაში განხორციელებული "განათლების მეორე შანსის" პროგრამა - საქმიანობებით და მასალებით. გვინდოდა, სამინისტრო პროგრამის გაფართოებაში დაგვხმარებოდა, თუკი მათი სურვილიც იქნებოდა. პასუხი არ მიგვიღია.

3 ივლისს კი ტელევიზიით გავიგეთ, რომ სამინისტრომ მოიწვია ენჯეოები (ნეტავ, რომელი ენჯეოები?!) და გააცნო სიახლე, რომ თავად იწყებს მუშაობას ფართომასშტაბიან პროექტზე "განათლების მეორე შესაძლებლობა".

ნეტავ, დემოკრატიულ ქვეყნებში რა ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში?“

ანთაძის ბრალდებებთან დაკავშირებით, for.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

„3 ივლისს სოციალურ ქსელებში ქალბატონებმა ია ანთაძემ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" გამგეობის თავმჯდომარემ და ამავე ორგანიზაციის თანამშრომელმა, თამარ მოსიაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს ცილი დასწამეს მისი ორგანიზაციის მიერ გრანტის ფარგლებში განხორციელებული პროექტის "მითვისებასა" და "წართმევაში".

ჩემთვის უცნაურია, რამ აიძულათ ტყუილზე აეგოთ გამიზნული სკანდალი ინფორმაციის გადამოწმების, ქრონოლოგიური ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციის ანალიზისა თუ სინთეზის გარეშე და შემდეგ არაკომპეტენტური დასკვნები გაევრცელებინათ.

მიმაჩნია, რომ ქ-ნ ია ანთაძისა და მისი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლის ქ-ნ თამარ მოსიაშვილის მიერ ინფორმაცია გავრცელებულია ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის პროექტზე არათუ წარმოდგენა არა აქვთ, არამედ მცდელობაც არ ჰქონიათ სამინისტროს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაცია წაეკითხათ. ალბათ მიიჩნიეს, რომ ჭორის გავრცელებით და ტყუილით საზოგადოების მანიპულირება გაცილებით ადვილია.

საოცარია ქალბატონი ანთაძის წუხილი იმაზე, რომ სამინისტროს პროექტზე სახელმწიფოს ფული იხარჯება. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაიხარჯოს სახელმწიფო თანხები იმისათვის, რათა საქართველოში მცხოვრები თითოეული ბავშვისთვის განათლება იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს ფინანსურად და ტექნიკურად მხარს უჭერს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). ეს ინფორმაციაც სამინისტროს ვებგვერდზე ყველასათვის გასაგებად წერია, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებითაც მათ ტყუილის გავრცელება არჩიეს.

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემატიკაზე არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია წარმატებით მუშაობს. ამდენად, უცნაურია, რომ ქ-ნ ანთაძეს და მის კოლეგას, ნაცვლად იმისა, უხაროდეთ, რომ როგორც იქნა დაიძრა სახელმწიფო დონეზე ეს ურთულესი თემა, ისინი საჯარო სივრცეში დისკრედიტაციით, ლანძღვით, სიცრუით, ცილისწამებითა და პროვოკაციით არიან დაკავებულნი.

დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ერთი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კონკრეტული პროექტი ვერ იქნება მდგრადი სისტემურ დონეზე თუ არ შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა. ჩვენი წამოწყება შედეგია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალწლიანი მოღვაწეობის და ყველა ლოგიკით უნდა გახარებოდა ქალბატონ ანთაძესა და მოსიაშვილსაც. სახელმწიფოს მიერ წარმოებული პოლიტიკა გარანტია იმისა, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩება განათლების სისტემის მიღმა ბედის ანაბარა. სამინისტროს პროგრამა მიზნად ისახავს რისკის ჯგუფების მქონე ყველა ბავშვისთვის ფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პოლიტიკისა და სისტემის შემუშავებას.

სოციალურ ქსელებში მათ მიერ გავრცელებული ცილისწამება წარმოადგენს დესტრუქციული კრიტიკის კლასიკურ ნიმუშს და მიზნად ისახავს კონკრეტული ადამიანებისა და ინსტიტუციების დისკრედიტაციას. მით უფრო უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონებს - ანთაძესა და მოსიაშვილს ჩვენი დეპარტამენტისთვის ოფიციალურად არასდროს მოუმართავთ, ხოლო პირადად ჩემთან, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელთან არაფორმალური კომუნიკაციაც არ ჰქონიათ, არ მივუწვევივარ რაიმე შეხვედრაზე ან კონფერენციაზე, არ გადმოუგზავნიათ თავიანთი პროექტის მასალები და არც არასდროს ქონიათ კომუნიკაციის მცდელობაც კი. აქედან გამომდინარე, დასკვნების გაკეთება უფრო კომპეტენტური ადამიანებისთვის მიმინდვია.

სრული სურათისთვის, მე, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ არ მოხდეს დისკრედიტაცია ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხისა და დაინტერესებულ საზოგადოებას დეტალურად ვაწვდი ინფორმაციას:

ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობითა და მისი დაფინანსებით, 2012-2013 წლებში ახორციელებს პროგრამას: "ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში". ამ პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 11 მარტს ოფიციალურად ხელი მოეწერა ქვე-პროგრამას სახელწოდებით: "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი, ქცევის დარღვევის პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში".

ქვე-პროგრამა მიზნად ისახავს შექმნას სისტემური მიდგომა და პოლიტიკის დოკუმენტი, თუ როგორ, რა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ფორმატში უნდა მოხდეს რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ფორმალური განათლების სისტემაში ინტეგრაცია; როგორ უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენა, რომელი სახელმწიფო უწყება სად და რა ეტაპზეა პასუხისმგებელი და ა.შ.

დღემდე სახელმწიფოს არ ჰქონია სისტემური მიდგომა და პოლიტიკა შემუშავებული იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სისტემის მიღმა დარჩენილი ბავშვების მოძიება-მოზიდვა და შემდგომ ჩართვა ფორმალური განათლების სისტემაში. ცხადია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენცია და პასუხისმგებლობა ზუსტად ისაა, რომ ფორმალური განათლების სექტორი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის, განურჩევლად მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვა ფაქტორებისა.

ამდენად უცნაურია, რატომ გამოაცხადეს სახელმძღვანელობისა და 100 მასწავლებლის ტრენინგის პლაგიატად სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა. ტერმინები, რაც გამოყენებულია სოციალურ-ქსელებში: "მოპარვა", "მოტეხვა", "წართმევა" - არა მხოლოდ მიუღებელია პროფესიული და აკადემიური სივრცისთვის, არამედ, არ ასახავს რეალობას და მიზანმიმართულად ახდენს სამინისტროს, დეპარტამენტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დისკრედიტაციას.

ამ პროექტზე გაეროს ბავშვთა ფონდი ჯერ კიდევ 2011 წლიდან თანამშრომლობს სამინისტროსთან და შეიძლება ითქვას, რომ მთელი 2012 წლის მანძილზე უდიდესი ძალისხმევა მოხმარდა პროექტის მომზადებას, რათა საუკეთესო შედეგები გარანტირებული ყოფილიყო.

ტერმინი: "განათლების მიღების მეორე შანსი/შესაძლებლობა" (Second Chance Education) საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში გამოყენებული ტერმინია და ის ვერ იქნება ერთი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ან სახელმწიფო უწყების "ინტელექტუალური საკუთრება".

რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების თემატიკაზე საქართველოში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, რომელთა მოღვაწეობა ძალიან დასაფასებელია, და ზუსტად ეს აღნიშნა ბატონმა გიორგი მარეგველაშვილმა, მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას (რომელთა მხოლოდ ნაწილი იმყოფებოდა პრეზენტაციაზე) ვინც ბევრი რამ გააკეთა და აკეთებს ასეთი ბავშვებისთვის და თქვა, რომ სახელმწიფოს უკვე აქვს ხედვა და განისაზღვრება შესაბამისი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც მოხდება არასამთავრობო, საერთაშორისო და აკადემიური სექტორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ამ სივრცეში აქტიურობისა და თანამშრომლობის საშუალება ყველას ექნება. ჩვენს პროგრამაში ჩართულნი არიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აკადემიური წრეები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად სკოლები.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა პროგრამის პრეზენტაციით საფუძველი ჩაუყარა ქვეყნისთვის ისეთი მძიმე პრობლემის მოგვარების თემას, როგორიცაა სისტემის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. შემაშფოთებელია გარკვეული ჯგუფის ცილისმწამებლური ფრაზეოლოგია ამ უაღრესად პრობლემური საკითხის მოწესრიგების გზაზე.

რაც შეეხება ქ-ნ ანთაძის მოთხოვნას სამინისტროში გამოგზავნილი წერილის პასუხთან დაკავშირებით, ვადასტურებით, რომ 2013 წლის 5 ივნისს ქ-ნ ანთაძის ხელმოწერით ნამდვილად შემოვიდა წერილი, რომელიც განსახილველად დაეწერა ჩვენს დეპარტამენტს. შესაბამისად, "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს" მიეწოდება პასუხი.

ამავე თემაზე ინფორმაციისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს გაეროს ბავშვთა ფონდს, რომელიც მე-3 წელია ჩვენთან ერთად მუშაობს აღნიშნულ პროგრამაზე და შეუძლია დაადასტუროს აქ მოყვანილი ფაქტები.

დეპარტამენტი ღია იყო და კვლავ ღიაა, შეხვდეს და იმსჯელოს ამ და სხვა რელევანტურ თემატიკაზე ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს და ორგანიზაციას.

ყველა ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით, ნათლად ჩანს, რომ ცილისწამება, რომელსაც ჩვენთვის გასაოცრად წავაწყდით სოციალურ სივრცეში, გვაძლევს ლეგიტიმურ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელების მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

და ბოლოს, ამ და სხვა მასალების გაცნობის შემდგომ, მოვითხოვთ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ყველა იმ პირმა, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში და ტალახში ამოსვარა ყველაზე წმინდა საქმე - ჩვენი მომავალი თაობისთვის ხელმისაწვდომი განათლების შესაძლებლობის მიცემის სახელმწიფო პოლიტიკა.