„დასავლეთს არ სურს გაიგოს, რომ კოაბიტაცია მშობიარობას გადაჰყვა“

„დასავლეთს არ სურს გაიგოს, რომ კოაბიტაცია მშობიარობას გადაჰყვა“

„ვისაც სად უნდა ემუშავა, ან უნდა იმუშაოს, ეს არ არის იმუნიტეტი, დანარჩენს ყველაფერს გამოძიება გააკეთებს. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, როგორი პოლიტიკური ვითარებაც არ უნდა იყოს ქვეყანაში, კანონი იმ დღეს შვებულებაში არ გადის“ , - განაცხადა ფინანთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
მერიის ოთხი თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით 
საქმე ეხება „თბილისის განვითარების ფონდს“, რომელიც მერიის მიერ ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით შეიქმნა და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. გამოძიების თანახმად, საერთო ჯამში „თბილისის განვითარების ფონდიდან“ უკანონოდ მითვისებული და გაფლანგული იქნა 48 930 822 ლარი. მერიის 32 თანამშრომელი ჯერ ხელბორკილდადებული მიიყვანეს და მოწმის სახით დაკითხეს, შემდეგ კი 4 მათგანი დააპატიმრეს. „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინვე პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდა.

სავარაუდოდ, პოლიტიკური დევნის თემა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო აქტუალური გახდება. დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, კიდევ ერთხელ, აცხადებს, რომ „მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, რიხითა და ტელეშოუებით დაწყებული გამოძიებები ბლუყუნში გადაიზრდება“ და საქმის არსებითი განხილვისას თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

აძლევს თუ არა პოლიტიკური დევნის თემის გააქტიურება პოლიტიკურ შანსებს ყოფილ ხელისუფლებას, ამ თემაზე ექსპერტი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

ბატონო სოსო, მერიის დაკავებულ თანამშრომელთა თემა კვლავ აქტუალურია, ყოფილი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბიუჯეტიდან ფული არ იფლანგებოდა, ამას ემატება რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობის ბოიკოტი, როგორც ჩანს,ნაციონალურ მოძრაობასაწყობს, პოლიტიკური დევნის თემა მუდმივად აქტუალური იყოს. როგორ ფიქრობთ, ზოგიერთ შემთხვევაში გაუაზრებელი ქმედებით დღევანდელი ხელისუფლებაც ხომ არ ეხმარება ნაციონალებს ამ თემით მანიპულირებაში?

- სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს, ისინი ჯერ მხოლოდ ეჭვმიტანილები არიან. ეჭვი შეიძლება არსებობდეს ყველას მიმართ, როგორც ამბობენ - გონივრული ეჭვი, ან უბრალოდ, ეჭვი. ასეთ ფონზე საპარლამენტო უმცირესობის დემარში კონსტრუქციულ ნაბიჯად არ მიმაჩნია. თუ დაკავებულები მართლები არიან, ამისთვის არსებობს სასამართლო. როდესაც არ ვიცით საბოლოო შედეგი, უკვე ბოიკოტი, ცოტა გაუგებარია - როგორ მოვიქცეთ, არ გამოვიძიოთ არაფერი?!

კაცობრიობის ისტორიაში კეისრის ცოლი იყო მხოლოდ ერთადერთი ეჭვმიუტანელი, დანარჩენი ადამიანების მიმართ შეიძლებოდა, ყოველთვის გაჩენილიყო ეჭვი, საფუძვლიანი, ან უსაფუძვლო. თუ ეჭვები უსაფუძვლოა, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს.

მაშინ ადგეს „ნაციონალური მოძრაობა“ და აპრიორი გამოაცხადოს, რომ არ სჯერა არც ძიების, არც სასამართლოსი და თუ მათ მიმართ რაიმე ეჭვი გაჩნდება, ეს არის მხოლოდ პოლიტიკა.

საპარლამენტო უმცირესობაც და ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობაც“ აპროტესტებს დაკითხვაზე მათი მიყვანის ფორმას -ისინი ხელბორკილებით მიიყვანეს დაკითხვაზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამ თემაზე არ აკეთებს განმარტებას და ამბობს, რომ როდესაც უჩივლებენ, პასუხს მაშინ, სასამართლოზე გასცემს. უცნაური ხომ არ არის ეს ყველაფერი, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაცნაციონალური მოძრაობამზადაა, მათი ნებისმიერი თანამოაზრის დაკითხვაზე დაბარებაც კი პოლიტიკურ დევნად გამოაცხადოს?

- ჩემთვის მართლაც გაუგებარია, რამდენად ადეკვატური იყო ასეთი ქმედება - ბორკილების დადება, როგორც შემდეგ გაირკვა, მოწმის სახით დაკითხულთათვის. მთელ მსოფლიოში მოწმეებს ბორკილებს არ ადებენ. ეს სხვა თემაა, ალბათ, გასაჩივრდება და არ ვიცი, რა არგუმენტი ექნებათ ამ ოპერაციის ავტორებს.

მართლაც საინტერესოა, ეს დაბალ დონეზე განხორციელებული თვითშემოქმედებაა თუ ბრძანება იყო ასეთი, მაგრამ როდესაც მოწმის სახით დასაკითხი ხალხი არც გამოძიებას ემალება და არც უცხოეთში გარბის, ძნელი ასახსნელია, რას ნიშნავს, ბორკილები დაადო, მერე ნახევარი თბილისი შემოატარო და ა.შ. სახალხო დამცველმაც გააკეთა განცხადება ამის შესახებ და იძიებენ კიდეც ამ შემთხვევას.

სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვები, ხომ არ არის დღევანდელ ხელისუფლებაში ვიღაც, ვისაც სურს, „ნაციონალური მოძრაობისრეანიმაციას შეუწყოს ხელი - სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალის თემა იყო აქტუალური, „ნაციონალური მოძრაობაფაქტობრივად, ხმას ვერ იღებდა და ამბობდა, ჩვენს ხელისუფლებაში დამნაშავეები შემოპარულან და ყველა დასასჯელიაო, ამ შემთხვევის შემდეგ კი მათ საკმაოდ საფუძვლიანი სალაპარაკო თემა გაუჩნდათ, როგორ ფიქრობთ ეს შემთხვევითობაა თუ შეგნებულად მისცეს ასეთი კოზირი?

- მინდა ვიფიქრო, რომ დაბალ დონეზე, რამდენიმე ადამიანის კომკავშირული ენთუზიაზმია. მართლაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგი კოზირი მიეცა. ამის შემდეგ მართლა მკვლელობისთვის რომ დააპატიმრონ ვინმე, ატყდება ერთი ამბავი, გახსოვთ, საკრებულოს წევრებთან დაკავშირებით რა მოხდაო?!

მერიის თანამშრომლების დაკითხვა-დაკავების მთელი ეს აქცია, როგორც ჩანს, საკმაოდ სუსტად იყო დაგეგმილი და გააზრებული. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა, ეს სახალხო დამცველის რეაქციითაც იგრძნობა - ბატონ ნანუაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგულებას ნამდვილად ვერ დავწამებთ, მისი აპარატის დასკვნაც გამოქვეყნდა, რომ იმ მომენტში სამართალდამცველი უწყების მიერ ასეთი ქმედების საფუძველი არ არსებობდა.

შეიძლება თუ არა ეს თუნდაც დაბალ დონეზე დაშვებული შეცდომა მომავალში აღმოჩნდეს პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის საფუძველი?

- საერთო სიტუაციას ეს ვერ შეცვლის, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობას შეიძლება, შეუქმნას დროებითი უხერხულობა. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია პროტესტის ასეთ უკიდურეს ფორმას მიმართავს, ბოლომდე მართალიც რომ იყოს უმრავლესობა, მას მაინც არ მატებს ღირსებას ასეთი ფაქტი.

მითუმეტეს, რომ დასავლეთიდან დღემდე მოდის მესიჯები კოაბიტაციის შესახებ, როგორც ჩანს, იქ არავის არ სურს გაიგოს, რომ კოაბიტაცია „მშობიარობას გადაჰყვა“.

მართლაც უცნაური იყო, როდესაც უცხოელი დიპლომატებისთვის ამ კადრების ჩვენების შემდეგ საქართველოლში ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივანი კვლავ კოაბიტაციაზე ლაპარაკობდა...

- ჩვენთვის ხელსაყრელ მომენტში ილუზიების ტყვეობაში აღმოვჩნდით - ამ ვიდეომასალაში რკინის არგუმენტი გამოვძებნეთ, რომ აი, მათ არ იციან სიმართლე, რეალობა, რა ხდება საქართველოში.

ევროპამაც და ამერიკამაც გაცილებით უკეთესად იცის, რა ხდება საქართველოში, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის 90%-მა. სწორ ინფორმაციას ფლობს დასავლეთი და ნუ ვიტყუებთ თავს, რომ წიკლაურმა ან ჩიორამ რაღაც თქვეს და დასავლეთმა ამაზე ააგო თავისი პოლიტიკა.

პრობლემა უფრო ღრმაა, როგორც ჩანს ეს წამების ფაქტები მათთვის ისეთი ფასეული არ არის. როგორ გგონიათ, ვიდრე ევროპელი ან ამერიკელი დიპლომატები ამ კადრებს ნახავდნენ, წლებით ადრე ნანახი არ ჰქონდათ, გუანტანამოს ციხეში რა ხდებოდა? დიახ, მათ უკვე ნანახი ჰქონდათ, რას უშვებოდნენ ერაყელ ტყვეებს - ამაზე შეჩვეული ხალხი, როგორ ფიქრობთ, ამ კადრების ნახვის შემდეგ შოკში ჩაცვივდებოდა? მათ ჩვენს საზოგადოებაზე გაცილებით ადრე გამოუმუშავდათ ამ ყველაფერზე იმუნიტეტი და როდესაც სააკაშვილი ამბობდა, რომ წავა როგორც დემოკრატიის მშენებელი, ის თავისი სამრეკლოდან ამ ყველაფერს ასე ხედავდა.

ჩვენ გვინდა, რომ დასავლეთს ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ და მათგან შეცვლილ რეაქციას დაველოდოთ, ასეთი მიდგომა საფუძველშივე შეცდომაა. უნდა გავიაზროთ, დასავლეთის ეს განცხადებები უცოდინრობას არ ემყარება, მათ განცხადებებს აბსოლუტურად სხვა საფუძვლები აქვს და რაც არ უნდა ხმამაღლა ვიყვიროთ, ევროპელები ვართო, მაინც არ ვართ ევროპელები. ხომ ხედავთ, მათთვის მთავარი მაინც ის აღმოჩნდა, როგორც სცემეს რუსთაველზე 5 „პედერასტი“, თუმცა არც უცემიათ.

რამდენად არის შესაძლებელი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუნდაც დღევანდელი ხელისუფლების შეცდომების, უყურადღებობის ან გამოუცდელობის წყალობით ჩაგრულად მოაჩვენოს თავი საზოგადოებას და მისი რეიტინგის აღმასვლა დაიწყოს?

- „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაცია აბსოლუტურად შეუძლებლად მიმაჩნია. უფრო შესაძლებლად ვუშვებ, ერდოღანის გზას, როდესაც მას პარტია აუკრძალეს, ადგა და ახალი პარტია შექმნა. „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაცია მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ეს თაობა პოლიტიკიდან წავა და ყველას ყველაფერი დაავიწყდება. ამ პერიოდში კი „ნაციონალური მოძრაობა“ სიცოცხლისუნარიანობას ვერ შეინარჩუნებს. შესაძლოა მის ბაზაზე შეიქმნას ახალი პარტია ახალი ლიდერებით. ეს არ არის ჩვეულებრივი, ევროპული ან ამერიკული არჩევნებში დამარცხებული პარტია, რომელმაც არჩევნები წააგო და თავის საათს ელოდება.

გასული საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში იყო შემთხვევა, როდესაც 6 წლის განმავლობაში ერთი პარტია 13-ჯერ მოვიდა ხელისუფლების სათავეში ერთი და იგივე ლიდერით. იქ ჩვეულებრივი მომენტი იყო არჩევნებში გამარჯვება-დამარცხება - იცვლება ადამიანთა განწყობა, სიტუაცია და შესაბამისად, მმართველი ძალა.

ჩვენს შემთხვევაში ასეთი პროცესი, ვგულისხმობ, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების პროცესს, არც დაწყებულა - ახალაიას სასამართლო პროცესი, მერაბიშვილის, იგივე მერიის თანამშრომლების ან სხვა დაპატიმრებულების თუ დასაპატიმრებელთა, უცხოეთში გაქცეულთა სასამართლო პროცესები, გვინდა თუ არა, თავისთავად გადაიქცევა პარტიის გასამართლების პროცესად. შესაძლოა, ზოგიერთი პროცესი რამდენიმე წელსაც გაგრძელდეს და კარს ახალი არჩევნები მოგვადგეს. ასეთ ფონზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსიც კი აღარ რჩება. „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ ამას „ქართული ოცნება“ თავის ლიდერებთან ერთად მთელი გულით მოინდომებს, თუმცა არ მგონია, მათ ასეთი სურვილი გაუჩნდეთ.