ბორჯომის ცენტრში ხალხმრავალი აქცია იმართება. ადგილობრივმა მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. ისინი ახალციხის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღკვეთი ღონისძიების სახით ხვედელიანს პატიმრობა არ შეეფარდება, მასშტაბურ აქციებს ყოველდღე გამართავენ. ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა მთლიანად პარალიზებულია.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ხუთი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გუშინ დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ, შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი და ამავე სამმართველოს ოთხი ყოფილი თანამშრომელი. საქმის მასალების მიხედვით, მამუკა ხვედელიანს ბრალად ედებოდა, რომ მან გიორგი ბლიაძესთან, ალექსანდრე ბლიაძესთან, სერგო სამსონიძესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ჩაიდინა მოქალაქის დამცირება და იძულება, ასევე ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება. უზენაესი სასამართლოს მტკიცებით, საქმის არსებითი განხილვისას, არც ერთმა ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.
„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, არა თუ არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს და დაზარალებულთა ჩვენებებს, არამედ, ხშირ შემთხვევაში, გამორიცხავდნენ დაზარალებულთა მიერ მითითებულ ფაქტებს. ამასთან, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების (პირის ამოცნობის) ოქმები, რომლებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეიძლება გამხდარიყო ბრალდების ნაწილში, შეუსაბამობაში მოდიოდა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეო ჩანაწერთან, რამაც მტკიცებულებები ეჭქვეშ დააყენა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ იძლეოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სტანდარტს. შესაბამისად, სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან“, - ნათქვამია უზენაესი სასამართლო პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი სამცხე-ჯავახეთის პროკურორ გივი პაპუაშვილს ურჩევდა, პირის დამცირებაში, არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში ბრალდებული პირებისთვის მათი გათავისუფლების პირობით საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა.
ამასთან დაკავშირებით დღეს მთავარ პროკურატურაში განცხადება გაკეთდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ, 2013 წლის 3 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების მამუკა ხვედელიანის, სერგო სამსონიძის, ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და გიორგი ლომიძის მიმართ. ბრალდებულებს ბრალი ედებოდათ სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში. ბრალდების არსი მდგომარეობდა შემდეგში:
2009 წლის 1 იანვარს დაბა ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის გამო ადგილობრივმა პოლიციამ რამოდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსმა მამუკა ხვედელიანმა ბორჯომის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. სამმართველოში მისვლისას დაკავებულ პირებს მამუკა ხვედელიანის ბრძანებით მოხსნეს ხელბორკილები, აიყვანეს მეორე სართულზე, განათავსეს ცალ-ცალკე ოთახებში, სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ ცემაში მონაწილეობდნენ მამუკა ხვედელიანი და პოლიციელები სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე და გიორგი ბლიაძე.
ერთ-ერთ დაზარალებულს დაუჭირეს ხელები, ჩაუწიეს შარვალი, საჯდომზე მიადეს პლასტმასის ბოთლი და გადაუღეს სურათები როგორც სახეზე, ასევე საჯდომზე. სურათებს მობილური ტელეფონით იღებდა სერგო სამსონიძე. ვინაიდან ცემის გამო მსხვერპლს სახიდან მოსდიოდა სისხლი, იგი პერიოდულად გაჰყავდათ საპირფარეშოში, სადაც ეს უკანასკნელი იბანდა სისხლიან სახეს. ცემისას ალექსანდრე ბლიაძემ მსხვერპლს მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და ყური დაუწვა.
ამის შემდეგ ნაცემი დაზარალებული პოლიციის ორმა თანამშრომელმა მიიყვანეს მაგიდასთან, გადახარეს და გიორგი ბლიაძეს უთხრეს, რომ მასთან დაემყარებინა სექსუალური კავშირი, რის საპასუხოდაც გიორგი ბლიაძემ აიღო რკინის სკამი და სკამის ფეხი მსხვერპლს უკანა ტანში შეუყვანა. გაუპატიურების შემდეგ კი მსხვერპლი იატაკზე დააგდეს. ამის შემდეგ მამუკა ხვედელიანმა მსხვერპლს უთხრა, რომ გადაღებულ სურათებს ბაკურიანის ცენტრში გამოუქვეყნებდა თუკი ჭკუით არ იქნებოდა.
2. მეორე დანაშაულებრივი ეპიზოდი, რომელშიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი იმხილებოდა 2011 წლის 27 მაისს მოხდა, როცა დაბა ახალდაბაში არსებულ რესტორან „ბურჯებში“ პოლიციის მუშაკებმა 2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო უკანონოდ დააკავეს სამი პირი. აღნიშნული პირები მამუკა ხვედელიანის დავალებით წაიყვანეს ბორჯომის პოლიციის შენობაში, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე დააკავეს ადმინისტრაციული წესით, თითქოს მათ ერთმანეთში იჩხუბეს და სწორედ ამით დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. აღნიშნულ პირებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ერთერთ მათგანს კი ჩაუმტვრიეს ნეკნი.
ზემოაღნიშნულ ქმედებათა გამო ბრალდებულებს მამუკა ხვედელიანს, სერგო სამსონიძეს, ალექსანდრე ბლიაძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს ბრალი დაედოთ ისეთ უმძიმეს დანაშაულებებში, როგორიცაა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირის დამცირება და იძულება, ასევე არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ უკანონო დაკავება.
აღნიშნული ბრალდებები დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით, როგორებიცაა ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები და სხვა, რომლებიც მოპოვებულ იქნა როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიების დროს.
ამ საქმის განხილვა რამდენიმე თვე გრძელდებოდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში. განაჩენის გამოტანამდე რამოდენიმე დღით ადრე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების პირობით, რაც მოსამართლის სიტყვებით ყველასათვის კარგი გამოსავალი იქნებოდა. პროკურორმა მოსამართლის ამ შეთავაზებას უარით უპასუხა, რადგან ბრალდებულ პირთა გათავისუფლება და მათთვის პირობითი მსჯავრის დაწესება არაადექვატური სასჯელი იქნებოდა მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან მიმართებაში.
გუშინ, 2013 წლის 3 ივლის სახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა მამუკა ხვედელიანის, სერგო სამსონიძის, ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და გიორგი ლომიძის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
პროკურატურას ჯერ დასაბუთებული განაჩენი არ მიუღია. განაჩენის მიღების შემდეგ გადაწყდება მისი გასაჩივრების საკითხი“, - განაცხადეს პროკურატურაში.
სწორედ ამ საქმის გამო, ბორჯომში და თბილისში საპროტესტო გამოსვლები იგეგმება რაზეც კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გვესაუბრება.
გოგა ხაინდრავა: გივი თარგამაძე რას ლაპარაკობს ეს ჩამოყალიბებული ბანდიტი, ეგ ვასილიჩი, ჩემთვის ნაკლებად საინტერესესოა. მე ვფიქრობ, რომ განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ. ეს არის მერაბიშვილის ნარჩენების მიერ განხორციელებული მცდელობა ახალციხეში. კუბლაშვილი, ეს ნაციოლანლური ობობა, მის ხელში დარჩა ძალიან მნიშვნელოვანი უზურპირებული ნაწილი სასამართლოს, მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით. არ ვიცი ჩვენს უკან რამდენი ხალხი აღმოჩნდება, მაგრამ ამ მოძალადეების, მწამებლების, არაკაცების გარეთ გამოშვება, ეს არის სილის გარტყმა მთელი ქართული საზოგადოებისადმი და მთელი ქვეყნისადმი. ვინც ეს გაბედა, ვინც ისინი გარეთ გამოუშვა, არ ვიცი რა უნდა ეწოდოს იმ ადამიანს. ამას არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით. ეს არის წინაპირობა, რომ ყველა მოძალადე იქნეს გამართლებული.
სასამართლო ამბობს, რომ ოქმები, რომლებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეიძლება გამხდარიყო ბრალდების ნაწილში, შეუსაბამობაში მოდიოდა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერთან, რამაც მტკიცებულებები ეჭქვეშ დააყენა, მაგრამ მეორე მხრივ, არის დაზარალებული, რომელიც ამბობს, რომ ახალციხის პოლიციის ყოფილმა უფროსსმა, მამუკა ხვედელიანმა იგი სკამის ფეხით გააუპატიურა...
- ასეთი უპრეცედენტო შემთხვევა ძალიან იშვიათი მოგვეპოვება, როდესაც ადამიანმა საკუთარ თავს გადააბიჯა იმისთვის, რომ ქვეყანას და ხალხს ღირსება შეუნარჩუნოს, პირდაპირ გამოვიდა და ღიად და აშკარად განაცხადა ამ უმსგავსობისა და წამების შესახებ. პირდაპირ დაადო ხელი ამ ნაძირალა ხვედელიანს. რამდენი კაცი გვყავს ასეთი საქართველოში, ვინც ამის გაკეთებას გაბედავდა?! ბარაქალა იმ კაცს, ის ვაჟკაცი კაცი ყოფილა. იმ ბაკურიანელ ბიჭს თავის ღირსებაში ეჭვი არ ეპარება. ეს არის წამება, ყურში, რომ ფანქარი გაგითხარონ, როგორც დირიჟორ მიქელაძეს გაუკეთეს უშიშროებაში, ეს არის წამება. წამების მსხვერპლები ძალიან იშვიათად ლაპარაკობენ ამაზე, რა პასუხს ვაძლევთ იმ ახალგაზრდა ბიჭს?! ეს არის გამიზნული ქმედება, როგორც ის სიბინძურე, რომელიც საქართველოს გარშემო ტრიალებს, მთელი სიბოროტე და სიბნელე, რომელიც ახლა ამოქმედდა ამ კაციჭამიების მიერ, ეს მოძალადეები, ხაზინის ვირთხები. ყველაფრის გადამწყვეტი არის ქართველი ხალხი და ეს 1-ელ ოქტომბერს დაამტკიცა და კიდევ დაამტკიცებს. მე მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ საგანგაშოა ის რაც მოხდა ახალციხეში და ამასთან შეგუება არ შეიძლება.
რა ფორმით მოუწოდებთ მოსახლეობას, რომ არ შეეგუნო ამ ფაქტს?
- ყველა კონსტიტუციური ფორმა უნდა იქნას გამოყენებული. არსებობს სამოქალაქო საზოგადოება. მე ძალიან მაინტერესებს 3 თავგადაკლული არასამთავრობო რომ არის და რომლის ანაბარა არის საქართველოში ადამიანის უფლებები დარჩენილი - საია, ეს გამჭვირვალეობა და კიდევ სამართლიანი არჩევნები, ქნებ მათი აზრი მოვისმონოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. საიამ შეისწავლოს ეს საკითხი და დასკვნა დადოს, რომ ვიცოდეთ ბოლო-ბოლო სკამის ფეხებით ადამიანების გაუპატირება მიღებული წესია საქართველოში და სამომავლოდ გამოსაყენებელია, თუ რა ხდება?!
ეს არაა პირველი შემთხვევით, ფაცაცია, მუხაძე, ყაჭეიშვილი, რომლებიც ბრალდებული არიან წამებაში, მათთან პროკურატურამ გააფორმა საპროცესო შეთანხმება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
- რატომღაც ძალიან სახალისოდ უდგებით ამ სახალისო თემას. ეს არის თემა, რომელმაც საქართველოს თავი მოჭრა მთელს მსოფლიოში და ძალიან სათუთად უნდა მოვეპყრათ ჩვენს ღირსებას, ჩვენი შვილების მომავალს, ასეთი თემებით თამაში არ შეიძლება, საპროცესო შეთანხმებებით ადამიანებთან რომლებიც წამებაში ამყოფებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, არანაირი შეთანხმება ამ ბარბაროსებთან არ იქნება. საპროცესო შეუძლიათ გააფორმონ, მაგრამ საზოგადოებრივ შეთანხმებას ვერ მიიღებენ. არჩილ კბილაშვილისადმი მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, ვფიქრობ, რომ პროკურატურაშიც საყურადღებო ვითარებაა. გამომძიებელთა უმეტესობა ისევ იმ საქმეებში მონაწილეობენ, რომლებიც გამყალბებლები იყვნენ, ისევ იმ პროკურორებს ვხედავ პროცესებზე, რომლებიც უმოწყალოდ ანადგურებდნენ ჩვენი ახალგაზრდების მომავალს.
რა არის მათი გარეთ ყოფნის მთავარი მიზანი?
- ჩემი აზრით, აქ ზნეობის პრობლემა დგას. ჩვენ თუ ამას შევეგუეთ და მივიღეთ ის, რომ ასეთი ტიპის ადამიანები შეიძლება დაუსჯელები დარჩნენ, ასეთი უმძიმესი სახის დანაშაულზე ჩვენ თუ შემწყნარებლები ვიქნებით, მე არა მგონია, რომ ქვეყანას დიდი მომავალი ჰქონდეს. ახლაც იმისთვის არ გვიბრძოლია მთელი ამ წლების განმავლობაში, ამდენი სიცოცხლე და ოფლი იმიტომ არ დაგვიღვრია, რომ ჩვენი სახელით შეთანხმებები განხორციელდეს და ამას უზენაესი კანონიც ადასტურებდეს. ჩემთვის ის დაწესებულება, სადაც კუბლაშვილი თავმჯდომარეა, არანაირი სამართალთან კავშირში არაა. მოსამართლე, რომელიც სამართლისა და სიმართლის წინაშე ცოდავს, იმაზე დიდი ცოდვილი ამ ქვეყანაზე არავინაა, იმიტომ რომ ის სხვის სიცოცხლეს და ოჯახს ეხება. ამაზე დიდი ცოდვილი როგორიც კუბლაშვილია შეიძლება ვინმე იყოს?
ისინი აუპატურებდნენ, რადგან მხეცები და პირუტყვები არიან და რახან ჰალსტუხით დადიან, ხელში კოდექსები უჭირავთ, უზენაესი სასამართლო და მოსამარლეები ჰქვიათ?!
ამას მხოლოდ პროკურატურას და შსს-ს აღარ მივანდობთ, რადგან იმდენჯერ მივანდეთ, რომ შედეგი ვნახეთ. ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ ძალიან მტკივნეულად უნდა დააყენოს ეს საკითხი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ ამას.
უზენაესი სასამართლო ავრცელებს განცხადებას, რომ საქმის არსებითი განხილვისას საქმის არც ერთმა ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო...
- მანახეთ ბრალდებული, რომელიც თავს დამნაშავედ ცნობს და განსაკუთრებით ძიების პროსეცში. ციხეში ნამყოფი კაცი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რომ მისჯის შემდეგაც უარს იძახიან. სანამ სასამართლო განაჩენი დადგება და სანამ ეცოდინება, რომ კუბლაშვილის მფარველობის ქვეშ არის, ბუნებრივია, არ აღიარებენ. მაშინ ის კაცი უნდა დასაჯონ, იმიტომ, რომ ცილისმწამებელი ყოფილა. მაშინ, ის ადამიანები, რომლებიც მათი საქმეების გადახედვას ითხოვენ, ისინიც დავაბრუნოთ ციხეში, რატომ მივეცით პოლიტიკური პატიმრის სტატუსები?!
ნებისმიერ ხელისუფლებას ჩვენ ვქირაობთ და ფულს ვუხდით, მაგრამ იმიტომ კი არ ვუხდით ფულს, რომ თავის ჭკუაზე გვმართონ. ბორჯომში გამოსვლებია, ხალხი გარეთ დგას, ისინი შინგინთ არ შევლენ და ჩვენც მათ გვერდით დავდგებით. ჩავალთ ჩვენც ადგილზე და მათთან ერთად მოვითხოვთ სამართლის აღდგენას. ამ ბრძოლაში დათმობა არ იქნება, ძალიან სერიოზული ლაშქარი ვართ. ჩვენ კბილაშვილთანაც მივალთ, იუსტიციის სამინისტროშიც და პროკურატურაშიც მივალთ და პასუხს მოვთხოვთ, რომ გაგვარკვიონ რა მოხდა. ან, ის სამი ბიჭია მართალი, რომელისგანაც ერთ-ერთი პირდაპირ იძახის, რომ ჩემზე იძალადესო, ან ეს 5 კაცი. აგვიხსნან რა ხდება. პირველში შემთხვევა ხომ არაა?! ის ხვედელიანი არის კრიმინალი და უამრავი ეჭვი არსებობს ძალიან მძიმე დანაშაულთან მიმართებაში.
ხალხს აქციებისკენ მოუწოდებთ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წესრიგი უნდა დავარღვიოთ. კონსტისტუციის ფარგლებში მოვითხოვთ პასუხს და ეს პროცესი არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გარკვეული რა მოხდა. ეს არის ცილისწამება, თუ ძალადობის პროპაგანდა საქართველოში. ჩვენ შევიკრიბეთ, მე ველაპარაკე იმ ადამიანებს, რომლების უკანონობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ უფლებადამცველები, ყოფილი პოლიტპატიმრები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან დავიწყებთ ძალიან სერიოზულ მოძრაობას ამ მიმართულებით.