შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინა. საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას.

სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, რომელიც სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით ჩატარდა, აღნიშნული ავტომანქანის ძარაზე დამონტაჟებულ სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კერძოდ, 500 გრამიან შეკვრებად დაფასოებული 232 ერთეული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, საერთო წონით 116 კგ.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალციხის ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის და მოლდოვის რესპუბლიკების ორი მოქალაქე.

დაკავებისას თურქეთის მოქალაქე „მერსედესი“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანას მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით მართავდა. მას თან ახლდა მოლდოვის მოქალაქე.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ივლისს გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ნინოწმინდის საბაჟო–გამშვები პუნქტის გავლით. თურქეთის მოქალაქემ საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვისათვის უკანონოდ შემოიტანა 116 კგ ,,ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით.