სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ნაციონალურ მოძრაობას“ საბიუჯეტო თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. უწყების ინფორმაციით, ყოფილმა მმართველმა გუნდმა კანონის გვერდის ავლით, პარტიული მიზნებისთვის, დასაქმების პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა და 5 240 880 ლარის სახით უკანონო შემოწირულობა მიიღო.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, 2012 წელს, მთავრობის დასაქმების პროგრამის ფარგლებში, სოციალური მომსახურეობის სააგენტომ შრომითი ხელშეკრულებების დადება 21 827 პირთან განახორციელა, რომლებმაც წინასაარჩევნო სააგიტაციო სამუშაოები პარტიის სასარგებლოდ შეასრულეს.
მისი განმარტებით, დადგინდა, რომ დასაკონტრაქტებელ პირთა სია შედგენილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივისა და მხარდამჭერებისაგან, რომლებიც დასაქმების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ ინფორმირებულიც კი არ იყვნენ.
„აღნიშნული ცხადყოფს, რომ რიგი სახელმწიფო უწყებების მიერ უგულებელყოფილი იქნა დასაქმების პროგრამის მიერ დასახული მიზნები და საბიუჯეტო სახსრები „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ იქნა მიმართული. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკანონო შემოწირულობა 5 240 880 ლარის ოდენობით მიიღო“, - აცხადებს აზნაურაშვილი.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის ცნობით, შემდგომი გამოძიებისთვის ანგარიში მთავარ პროკრატურას გადაეგზავნა.
აუდიტის სამსახურის „გამოღვიძებას“ შეფასებები პოლიტიკურ წრეებში უკვე მოჰყვა. უმრავლესობა იმ პირებთა დასჯას ითხოვს, რომლებიც კანონის გვერდის ავლით „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდნენ. ხოლო, უმცირესობა მოქალაქეთა დასაქმებაზე აპელირებს და აუდიტის სამსახურის ანგარიშს აბსურდად აფასებს.
როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, ამ საქმეზე გამოძიება და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, საზოგადოება პროცესის დასრულებას უნდა დაელოდოს.
„ეს არ არის ახალი ბრალდება და კონტროლის პალატის განცხადებაზე კომენტარები არ უნდა გავაკეთოთ. საბოლოო ინსტაცია სასამართლო გადაწყვეტილებაა. ამ საქმეზე ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ვანო მერაბიშილს ბრალი წაყენებული აქვთ და აქ ახალი არაფერია. საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, კონტროლის პალატის თუ პროკურატურის ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ იქნება მეტად მნიშნელოვანი, ვიდრე სასამართლოს პოზიცია. ამ საქმეზე ბრალეულობას ჩვენი თანაგუნდელები არ აღიარებენ და სჯობს, სასამართლო პროცესებს დაველოდოთ“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.
საკითხზე საუბრისას, დავით დარჩიაშვილი და ზურაბ მელიქიშვილი ყურადღებას მოქალაქეთა დასაქმებაზე ამახვილებენ.
მელიქიშვილის მტკიცებით, სამუშაოს მაძიებელთა პროგრამიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე არცერთი თეთრი არ მოხვედრილა.
„სამუშაოს მაძიებელთა პროგრამას მთავრობა ახორციელებდა და უკანონო შემოწირულობაში „ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება სრული აბსურდია. ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ დევნას ითვალისწინებს. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამ პროგრამიდან არც ერთი თეთრი „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე არ მოხვედრილა“, - აცხადებს დეპუტატი.
დავით დარჩიაშვილის თქმით, ადამიანის დასაქმება დანაშაული არ არის.
მისი განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობა რაღაცნაირად საარჩენო პროცესს ემბემა, ასეთ შემთხვევაში დეტალები გარასკვევია.
„აუცილებლი იყო საქართველოს იმ ჭაობიდან ამოყვანა, რომელშიც ქვეყანა იყო ჩავარდნილი. ისეთ სავალალო ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ბუნებრივია 9 წლის მანძილზე სასწაული ვერ მოხდებოდა და არაფრისგან, უცებ იდეალური ვითარება, სადაც დასაქმების პროგრამა - დასაქმების პროგრამა იქნებოდა, პოლიტიკა-პოლიტიკა და ეკონომიკა-ეკონომიკა, ეს ვერ მოხდებოდა. ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამეები ხდება და ხდებოდა“, - აცხადებს დეპუტატი და დასძენს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მასალების პროკურატურაში გადაგზავნა საგანგაშო სულაც არ არის.
ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი საბიუჯეტო თანხების მითვისებას საგანგაშო ფაქტად მიიჩნევს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეფასებით, იმ პირებმა პასუხი უნდა აგონ, რომლებიც კანონის გვერდის ავლით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდნენ.
დეპუტატის განცხადებით, აუდიტის სამსახური მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის - „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობდა და იმ ფინანსების კონტროლი არ ხდებოდა, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიდიოდა.
„ჩვენ ამას ყოველთვის ვაპროტესტებდით. კარგია, რომ აუდიტიის სამსახურმა ამ ყველაფრის შესახებ თავად, ახლა მაინც განაცხადა. ეს საკითხი პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და იმ პირებმა პასუხი აგონ, რომლებიც ნაციონალებს უკანონოდ აფინანსებდნენ“, - დასძინა კანონმდებელმა, რომლის მსგავსადაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს ახარებს, რომ უწყება თავის ფუნქციას ასრულებს.
ხმალაძის მოსაზრებით, აუდიტის დასკვნით დადასტურდა, რომ ნაციონალები საბიუჯეტო თანხებს ითვისებდნენ.
„ამ საქმეზე გამოძიება უნდა წარიმართოს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს საკითხი უკვე პროკურატურას გადაეცა. შემდეგ პროცესია, რომელიც განსაზღვრულია კოდექსში. აუდიტის სამსახური ის სისტემაა, რომელმაც საბიუჯეტო თანხების ხარჯვა უნდა შეისწავლოს და მიხარია, თუ ის თავის ფუნქციას ასრულებს“, - აღნიშნავს ხმალაძე.
წინასაარჩევნო პერიოდში, ნათია მოგელაძის უწყების მიერ განსაკუთრებული ყურადღება თუ რატომ მახვილდებოდა „ქართულ ოცნებაზე“ და თუ რატომ არ მოწმდებოდა ნაციონალების ყულაბა, ამის გარკვევის მიზნით, for.ge-მ აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა, უშედეგოდ, რადგან მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
საქმეზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა, როგორც ჩანს, ლაშა თორდიასა და დავით უსუფაშვილს შორის პარლამენტში გამართულმა კონსულტაციებმა შედეგი ნაწილობრივ უკვე გამოიღო, რადგან ცოტა ხნის წინ, აუდიტის სამსახურმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტის მშენებლობის დროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაშიც ამხილა.