ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება გაფართოვდა

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება გაფართოვდა

პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის გაფართოებული პროგრამა ამოქმედდა, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 მილიონზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ „ექსპო ჯორჯიას“ მეექვსე პავილიონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პროექტით პირველი ივლისის დილას უკვე დაფინანსებულია 18 მშობიარობა.

„ყველას, ვინც პირველი ივლისის მდგომარეობით არ მონაწილეობდა კერძო სადაზღვევო პროექტებში, შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი ის სერვისი, რომელიც გათვალისწინებულია გაფართოებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან. მათ შეუძლიათ მიმართონ ოჯახის ექიმს და მიიღონ ახსნა-განმარტება თუ სად, ვის უნდა მიმართონ დოკუმენტაციის წარმოებისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

უფრო დეტალურად იმის შესახებ, თუ რა მომსახურებებს ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი, for.ge-ს სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი, რუსუდან გოგოლაშვილი ესაუბრება.

რუსუდან გოგოლაშვილი: „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი მოიცავს გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას. მოსარგებლეს შეუძლია მისთვის სასურველ პოლიკლინიკაში დარეგისტრირდეს, მიიღოს ოჯახის ექიმის, ან უბნის ექიმის მომსახურება. ასევე შეუძლია ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაიტაროს. ეს არის ექსპრესმეთოდით შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, რაც სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. ასევე შეუძლია ამბულატორიულ დონეზე მიიღოს სპეციალისტი ექიმების მომსახურება, რასაც სახელმწიფო 70%-ით დააფინანსებს, 30% კი თავად მოსარგებლემ უნდა დაფაროს.

თუ შეიძლება განგვიმარტოთ, რომელი სპეციალისტი ექიმების კონსულტაციას დააფინანსებს სახელმწიფო 70%-ით?

- არის კონკრეტული ექიმ-სპეციალისტების ჩამონათვალი. ესენი არიან ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი. ასევე ელექტროკარდიოგრაფია, მუცლის ღრუს ექოსკოპია, გულ-მკერდის რენტგენოგრაფია - რენტგენოსკოპია, ეს მომსახურებებიც სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით ანაზღაურდება, გარდა ამისა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები და ფარისებრი ჯირკვლის სინჯი (TSH).

რაც შეეხება გადაუდებელ ამბულატორიულ და გადაუდებელ სტაციონარულ მკურნალობას, აქ თითო შემთხვევაზე 15 000-ლარიანი ლიმიტია. აქ უნდა განვასხვავოთ ორი ტიპის გადაუდებელი შემთხვევები. პირველი ტიპი არის გარკვეული ჩამონათვალი, რომლის მომსახურებაც 100%-ის ფარგლებში იფარება. დანარჩენ ურგენტულ შემთხვევებზე სახელმწიფო იხდის 70%-ს, 30% კი თავად მოსარგებლის გადასახდელია.

100%-იანი დაფინანსება მხოლოდ უბედური შემთხვევის შედეგად მიღებულ დაზიანებებს ეხება?

- არა, აქ არის გარკვეული დაავადებები, რომლებიც 100%-ით ფინანსდება. მოდით ასე ვთქვათ, თუკი ადამიანი ნებისმიერი მიზეზით ხვდება რეანიმაციაში, სახელმწიფო 15 000 ლარის ფარგლებში 100%-ით ფარავს ამ მომსახურებას.

ასევე გეგმიური ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში, წლიური ლიმიტი არის 15 000 ლარი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ფარავს 70%-ს, დანარჩენ 30%-ს კი - მოსარგებლე. ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობაზე (ქიმიოთერაპია, სხივური და ჰორმონოთერაპია) წლიური ლიმიტი არის 12 000 ლარი და იფარება 80%-ით.

გარდა ამისა, პროგრამა ფარავს მშობიარობას, ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500 ლარის ფარგლებში, საკეისრო კვეთას კი 800 ლარის ფარგლებში.

გადაუდებელი ამბულატორიის შემთხვევაში რა არის პროგრამით გათვალისწინებული?

- რაც გარკვეულ ნუსხაში შედის (რაზეც ზემოთ ვისაუბრე), ის დაავადებები 100%-ით ფინანსდება, დანარჩენი კი 70%-ით.

გეგმიური ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში იფარება თავად ოპერაციის თანხაც, თუ მხოლოდ ოპერაციასთან დაკავშირებული გამოკვლევები?

- აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც ადამიანს საბოლოოდ დაესმება დიაგნოზი და ჩაითვლება, რომ ის საოპერაციოა, ამის შემდეგ სახელმწიფო ფარავს ამ ოპერაციასთან დაკავშირებულ გამოკვლევებს, ოღონდ არა დიაგნოზის დასასმელ გამოკვლევებს, ანუ იფარება ოპერაციის ხარჯებიც და წინასაოპერაციო კვლევებიც, ოღონდ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ დიაგნოსტიკა და წინასაოპერაციო კვლევები.

თქვენ განაცხადეთ, რომ სპეციალისტი ექიმების კონსულტაციებიც ფინანსდება. თუკი ადამიანს ასეთი ექიმის მომსახურება ესაჭიროება, ამისათვის მან ჯერ ოჯახის ექიმს, ან უბნის ექიმს უნდა მიმართოს, თუ როგორ ხდება სპეციალისტ ექიმთან მოხვედრა?

- პირველ რიგში, მოსარგებლე მისთვის სასურველ პოლიკლინიკაში უნდა დარეგისტრირდეს. ამისთვის მან შესაბამისი თანხმობის წერილი უნდა შეავსოს და შემდგომში იგი გეგმიურ აბულატორიულ მომსახურებას ამ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

უკვე ორი დღეა, რაც პროგრამის მეორე ეტაპი ამოქმედდა და შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია მომართვიანობა?

- მომართვიანობა საკმაოდ ინტენსიურია. ამჟამად მე 2 ივლისის პირველი საათისთვის არსებული მონაცემები მაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის ოფისს დაახლოებით 200-მა მოსარგებლემ მიაკითხა და იგივე რაოდენობა დაფიქსირდა დანარჩენ საქართველოშიც. ამდენად, დღის პირველი საათისთვის არსებული მონაცემებით, გეგმიურ მომსახურებაზე 400-მა კაცმა მოგვაკითხა. რაც შეეხება მშობიარობას, 2 ივლისის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 100 მშობიარობა დაფინანსდა.

პროგრამის განხორციელებისას რაიმე პრობლემებს თუ აწყდებით?

- ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ როგორც კი პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე განაცხადს შემოიტანენ, იმ წუთას სურთ ოპერაციაზე მიმართვის მიღება. დადგენილებით კი განსაზღვრულია ორთვიანი ვადა, ანუ ეს ოპერაციები შეგვიძლია ორი თვის განმავლობაში დავაფინანსოთ. ამიტომ მოსახლეობის ერთგვარ გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ მიმართვას მაშინვე ვერ იღებენ. აქვე აღვნიშნავ, რომ რა თქმა უნდა, ონკოლიგიურ პაციენტებს ამხელა მოცდის რეჟიმში არ ჩავსვამთ. მათი მიმართვები საკმაოდ სწრაფად გაიცემა, მაგრამ სამწუხაროდ, შეუძლებელია იმ წუთშივე გაიცეს, რადგან ამ დოკუმენტაციას შესწავლა და განხილვა ესაჭიროება.

28 თებერვლიდან ამოქმედდა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის პირველი ეტაპი. ხომ ვერ განგვიმარტავთ, მეორე ეტაპს პირველთან შედარებით რა უპირატესობა აქვს?

- მეორე ეტაპი მომსახურების ბევრად უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. პირველ ეტაპზე იფარებოდა მხოლოდ გეგმიური ამბულატორიული მომსახურება (რომელიც საკმაოდ ვიწრო სპექტრით იყო წარმოდგენილი), ოჯახის ექიმის მომსახურება და გარკვეული გამოკვლევები, ანუ პირველი ეტაპი მხოლოდ სისხლის და შარდის ანალიზს ანაზღაურებდა. ახლა გეგმიური ამბულატორია საკმაოდ გაფართოვდა. რაც შეეხება ურგენტულ ამბულატორიას, იქაც იყო საკმაოდ მკაფიო ჩამონათვალი და მხოლოდ ის შემთხვევები ფინანსდებოდა, რომლებიც ამ ჩამონათვალში შედიოდა. ახლა გადაუდებელი ამბულატორიაც გაფართოვდა. ამასთანავე, პირველ ეტაპზე გეგმიური ქირურგია საერთოდ არ იყო ჩადებული, არ იფარებოდა მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები, არ იფარებოდა სხივური და ქიმიოთერაპია. ამდენად, ეს პროგრამა საკმაოდ გაფართოვდა.

ქალბატონო რუსუდან, როგორც ცნობილია, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა არ აღმოჩნდა იმდენი, რამდენზეც ჯანდაცვის სამინისტრო თავიდან ჰქონდა გათვლა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- ამ პროგრამის სამიზნე ჯგუფი იყო დაახლოებით 2 მლნ 200 ათასი. ეს ის მოსახლეობაა, რომელიც არანაირი დაზღვევით არ სარგებლობდა. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ამ ეტაპზე გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად ბაზაში 1 მლნ 300 ათასი ადამიანი არის დარეგისტრირებული. რეგისტრაციის აქტივობაც საგრძნობლად შემცირებულია. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამინზე ჯგუფი უფრო ნაკლებია, ვიდრე თავიდან ვვარაუდობდით.

ალბათ, შესაძლოა, რომ პროგრამის მეორე ეტაპის ამოქმედების შემდეგ მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან მომსახურების სპექტრი გაფართოვდა.

- დიახ, ვინაიდან მომსახურების სპექტრი გაფართოვდა, შესაძლოა გეგმიური ამბულატორიული სერვისი მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს და მის მისაღებად უფრო მეტი ადამიანი დარეგისტრირდეს.