სასჯელის განახევრების მოთხოვნით 73 პატიმარი შიმშილობს

სასჯელის განახევრების მოთხოვნით 73 პატიმარი შიმშილობს

მეორე დღეა სასჯელის განახევრების მოთხოვნით რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში 73 ქალი პატიმარი შიმშილობს,  სოლიდარობას მათ სხვა პატიმრებიც უცხადებენ. პატიმარი ქალები შეკრებითობის კანონს აპროტესტებენ და დარჩენილი სასჯელის შემსუბუქებას მოითხოვენ. პატიმარი ციცო ინასარიძის განმარტებით, პატიმრებმა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძისგან მიიღეს დაპირება, რომ ცვლილებებს შეიმუშავებდნენ და დადებით პასუხს მიიღებდნენ.

პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეკა ბესელიას, თინა ხიდაშელისა და გედევან ფოფხაძის შესვლას ითხოვენ. რამდენად სამართლიანია მოშიმშილე პატიმრების მოსთხოვნა, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კომენტარს მათთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

„ჩვენთან იმყოფებოდა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე, მასაც ვუთხარით, რომ შეკრებითობა შეეხო მძიმე მუხლებს. ჩვენ ვითხოვთ განაჩენების განახევრებას. ჩვენ ვართ ამნისტიის ნარჩენები. 400 გრამი და ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკებისთვის გასამართლებულები გარეთ გაუშვეს და ისინი დარჩნენ, ვინც პროკურატურას აწყობდა.

ამდენი ხალხი გათავისუფლდა და 260-ე მუხლით 38 ადამიანი დატოვეს პატიმრობაში. გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონზე მუშაობისას სიჩქარეში ბევრი შეცდომები დავუშვითო. დაგვპირდა ცვლილებებს შევიმუშავებთ და დადებითი პასუხით მოვალთო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არაა შემუშავებული“, - განაცხადა ციცო ინასარიძემ. 

გარდა ამისა, მოშიმშილე პატიმრები დაწესებულებაში სახალხო დამცველის შესვლასაც ითხოვენ. პატიმარი თამარ ტალიკაძე ამბობს, რომ სოლიდარობის ნიშნად, პურის მიღებაზე დღესაც უარი თქვა პატიმართა უმრავლესობამ.

„პური მხოლოდ ავადმყოფმა პატიმრებმა მიიღეს“, - განაცხადა თამარ ტალიკაძემ და აქვე დასძენს, რომ მოშიმშილეებს სურთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავება, რომლის მიხედვით, სასჯელი გაუნახევრდებათ.

ქალთა ციხეში მოშიმშილე პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაწესებულებაში მობილიზებული სამედიცინო პერსონალი იზრუნებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნატო გუგავას განმარტებით, ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებს ციხის ადმინისტრაციასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. 

„მათ პრეტენზიები არ აქვთ დაწესებულების ან დეპარტამენტის მიმართ. 73 მსჯავრდებული ქალის პროტესტის მიზეზი არის ის, რომ თავის დროზე ჰქონდათ არაადეკვატური სასჯელები და ამნისტიის შედეგად მხოლოდ მცირედი შეღავათი აქვთ. ისინი ითხოვენ, განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები და მოხდეს დარჩენილი სასჯელის განახევრება. ამ მიზნით, სურთ, შეხვდნენ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს და თინა ხიდაშელს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ნატო გუგავამ. 

მისი თქმით, პატიმრების უფლებაა პროტესტი გამოხატონ, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვალდებულება აქვს გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აწარმოოს იდეოლოგიური სამუშაო, რომ შიმშილობა შეწყვიტონ.

„რა თქმა უნდა, კონტროლდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - აღნიშნა ნატო გუგავამ. 

სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე თვლის, რომ სახელმწიფოსგან არასამართლიან მიდგომაზე საუბარი წარმოუდგენელია იქიდან გამომდიანრე, რომ ამდენი ადამიანის შეწყალება და განთავისუფლება მოხდა ამნისტიის შედეგად. „შარშან ამ დროს 25 ათასი პატიმარი იყო, დღეს დაახლოებით 9 ათასამდე პატიმარი გვყავს. ხედავთ რაოდენ ლიბერალური ხდება ამ მიმართულებით სახელმწიფოს მდგომარეობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა ბელთაძემ.

ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ამნისტიაში მართლაც იყო გაპარული ხარვეზები,  თუნდაც ის, რომ სამუდამო პატიმრობა მისჯილებს არაფერი არ შეეხოთ.

„262-ე მუხლათან დაკავშირებით, იგივენაირად უნდა ყოფილიყო როგორც 260-ე, მაგრამ ასე არ მოხდა. იყო რაღაცა პრობლემები ამნისტიაში. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო საუკეთესო პირობები იმისათვის, რაც იმ პერიოდისთვის შეიძლება მიღწეული ყოფილიყო. იმდენი წინააღმდეგობა შეხვდა ამნისტიის კანონს, რომ გაოცებული ვარ ამ ფორმით რომ გავიდა. ჩემთვის ახლაც გაუგებარია რატომ იყო ასეთი წინააღმდეგობა ახალი ხელისუფლების მხრიდან, როცა საუბარი იყო იმაზე, რომ ციხეები სავსეა უკანონო პატიმრებით, სასამართლო არ იყო დამოუკიდებეილი, ამ ფონზე რატომ იყო ასეთი პრობლემური არ ვიცი.

ბუნებრივია, როდესაც ამნისტია ან სასჯელის განახევრება არ შეეხო ისეთ ფართო წრეს, რომელთაც მოლოდინი ჰქონდათ, ამან გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია პატიმართა გარკვეულ ნაწილში. ის მიზეზი, რაზედაც ეს ქალბატონები აცხადებენ შიმშილობას, არის სამართლიანი. ისინი ამბობენ, რომ ჩვენზე უფრო მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულებს შეეხო ამნისტია და სასჯელის განახევრება და ჩვენ არ შეგვეხოო. სამწუხაროდ, ამნისტიამ ვერ მოახერხა სამართლიანობის გაჩენა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.