უგულავა ნაფიც მსაჯულებს უნდობლობას უცხადებს

უგულავა ნაფიც მსაჯულებს უნდობლობას უცხადებს

თბილისის მერმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი თქვა. გიგი უგულავას განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა შემთხვევაში უფრო მეტი გაუგებრობა იქნება, ვიდრე ახლა არსებობს საქმეში და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე. საქმის არსებითი განხილვა 16 ივლისს დაიწყება. დაცის მხარის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო, შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლემ მერაბ ჯორბენაძემ არ დააკმაყოფილა. 

პროცესს თავად დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც დაესწრო, მათ შორის იყვნენ მერიის თანამშრომლები და რამდენიმე რაიონის გამგებელი. უგულავა თვლის, რომ სასამართლომ „უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების“ საქმიდან ამოღების შესახებ უნდა იმსჯელოს, რისი შუამდგომლობაც გიგი უგულავას ადვოკატებმა წინა პროცესზე დააყენეს. 

პროკურატურა უგულავას შპს „თბილსერვისჯგუფში“ 750 მოქალაქის დასაქმებასა და მათთვის ხელფასის გადახდას ედავება, ხოლო ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე - სხვისი ქონების მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რაც, პროკურატურის აზრით, ტელევიზიის კანონიერი მესაკუთრე ჯოზეფ ქეისთვის ტელეკომპანიის ჩამორთმევაში გამოიხატა. 

უგულავას დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალის დასამტკიცებლად წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებების უმრავლესობა გამოძიების მიერ მოპოვებულია საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევით და მათ იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, გიგი უგულავას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა საქმიდან კონკრეტული მოწმეების ჩვენებების ამოღებისა და სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან რამდენიმე მოწმის ამორიცხვის შესახებ -

„როგორიცაა, მოწმე ჯოზეფ ქეი, რომელმაც „შეძლო“ და გამოძიებას 5 თვის შუალედში 600 სიტყვისგან შემდგარი ორი აბსოლუტურად იდენტური ჩვენება „მისცა“. რაც შეეხება ზოგადად ჯოზეფ ქეის სანდოობას, ამის თაობაზე სასამართლოს წარედგინა ლონდონის, ფლორიდისა და გიბრალტარის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებიც ასეთ დასკვნებს აკეთებენ - ბატონი ქეი ადამიანია, რომელსაც არ შეუძლია დამაჯერებელი პასუხები გასცეს შეკითხვებს, რომელზეც მას დასაბუთებული პასუხი უნდა ჰქონდეს. ბატონი ქეი ნამდვილად არ წარმოადგენს მოწმეს, რომელიც ამბობს სიმართლეს, ბატონი ქეისთვის სიმართლე ბურუსით მოცულია, ბატონი ქეი არის ადამიანი, რომლის განმარტებები სარწმუნო არ არის“, - ამტკიცებს უგულავას დაცვის მხარე, რომელთა მტკიცებით, მოწმე ნინო ბაქრაძემ, გამოძიებას მათთვის სასურველი ჩვენება მხოლოდ მეხუთე დაკითხვისას „მისცა“ და მისი წინა 4 ჩვენება ამ უკანასკნელისგან არსებითად განსხვავდებოდა. დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეში ასევე წარმოდგენილი არიან მოწმეები, რომლებიც გამოძიებამ, კანონის დარღვევით, ღამის განმავლობაში დაკითხა.

ჯოზეფ ქეი, რომელიც გიგი უგულავას სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხება. ჯოზეფ ქეის და კიდევ რამდენიმე პირის დაკითხვის წინააღმდეგი გიგი უგულავას მხარე იყო. მათ სასამართლოში შუამდგომლობა დააყენეს, რომ დაუშვებლად ეცნოთ ჯოზეფ ქეის, გიორგი ისაკაძის, ნინო ბაქრაძის, პაატა სირაძისა და კიდევ ორი პირის დაკითხვა. როგორც უგულავამ აღნიშნა, გიორგი ისაკაძეს და პაატა სირაძეს ჩვენებები პროცესუალური დარღვევებით მიაცემინეს. კერძოდ, გიგი უგულავას თქმით, გიორგი ისაკაძე, რომელიც ბრალდებულია „ქართუს“ საქმეზე ე.წ. მოდულში წაიყვანეს, შემდეგ უკანა კარიდან ფინანსურ პოლიციაში გაიყვანეს და ჩვენება ისე მიაცემინეს.

„რაც შეეხება სირაძეს, ის გვიან ღამით დაკითხეს, რისი საჭიროებაც არ არსებობდა. სირაძეს დაკითხვის დროს დაეძინა. სწორედ აქედან გამომდინარე მოვითხოვეთ ჯოზეფ ქეის და კიდევ რამდენიმე ბრალდების მოწმის დასაკითხთა სიიდან ამოღება,“ - აცხადებს გიგი უგულავა.

უგულავა დარწმუნებულია, რომ მის მიმართა აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, რიხითა და ტელეშოუებით დაწყებული გამოძიებები ბლუყუნში გადაიზრდება.

„დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში. იმასაც მივხვდი, რომ სასამართლო განხილვის საგანი არ არის ეს ეპიზოდები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს საქმე აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. საერთოდ არ არის კავშირში პროკურატურასთან და არც სასამართლოსთან, თუმცა სადაც პროკურატურა ვიღაცების წერილებს იკვლევს, არ არის გასაკვირი, მსგავსი სისულელეებით დაკავდეს.

პროკურატურისგან მოვისმინე, რომ გიორგი ისაკაძისთვის მოულოდენლი იყო ის საკითხი, რაზეც კითხავდნენ. პროკურორი ამბობს, რომ ისაკაძე გვიან ღამით არ დაუკითხავთ, თუმცა ისაკაძეს ბავშვობიდან ვიცნობ და მომიყვა როგორც დაიკითხა. სინამდვილე იყო ის, რომ ისაკაძე მოდულში სხვა საკითხზე დაიბარეს, რამდენიმე საათი ალოდინეს და შემდეგ გადაიყვანეს ფინანსურ პოლიციაში. მისთვის მოულოდნელი იყო საკითხი, რაზეც კითხავდნენ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ჯაბა სამუშია კი აცხადებს, რომ მასალები, რომლებიც წარმოდგენილია გამოძიების მიერ, საკამოდ მასშტაბური კორუფციული გეგმის არსებობაზე მეტყველებს ქალაქის მერიაში. როგორც სამუშია ამბობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გიგი უგულავას უკვე აქვს დაკისრებული.

„ნებისმიერი თავმოყვარე პოლიტიკოსი მის ადგილზე გადადგებოდა. იმდენად დიდი მასშტაბის კორუფციულ სქემებზეა საუბარი, თვალნათლივ მეტყველებს, რომ მერიაში ყველაფერი რიგზე არ იყო.

„კორუფციული გარიგების შეგედი იყო სამარშუტო ტაქსების ტენდერი, რომლის შედეგად მილიონობით ლარი იქნა ამოღებული მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისგან. 5000-ზე მეტი ადამიანი ამ ბიზნესიდან გააგდეს და მონოპოლისტი შექმნეს. ვიცით რა კორუფციული სქემა იყო დასუფთავების სასამსახურში. უგულავას პერიოდში მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება - დენისა და დასუფთავების ტარიფის გაერთიანება, რის შედეგად თბილისელებისან ამოღებული იქნა ზედმეტი მილიონობით ლარი, რომელიც, თურმე, მერე „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორების დასაფინანსებლად მიდიოდა.

2010 წელს ყველა რაიონულმა გამგეობამ დახარჯა სრულად ის თანხა, რაც იყო სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის განკუთვნილი. ამ ადამიანებმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფო ბიუჯეტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის დახარჯეს და ეს ყველაფერი მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს და ასეთი უამრავი ფაქტი შეიძლება ჩვენ მოვიყვანოთ. ყველაფერი ეს ერთობლიობაში ქმნის პრობლემას. ამის გამო მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს, რაც შეეხება სამართლებლივ პასუხისმგებლობას, ეს სასამართლოს კომპეტენციაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ჯაბა სამუშია.