სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს ხმის უფლებას ართმევს

სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს ხმის უფლებას ართმევს

საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ერთი დღის განმავლობაში ორი სხვადასხვაგვარი ინფორმაცია გაავრცელა. თავიდან, პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

„საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა 2013 წლის 1 ივლისის განკარგულებას და აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდება", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

მოგვიანებით მისი ეს განცხადება გააბათილა მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო ბარნოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო თავდაპირველად დასახელებული თარიღი, 27 ოქტომბერი ტექნიკური შეცდომის ბრალი იყო. ბარნოვის განცხადებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტი, საპრეზიდენტო არჩევნების ოქტომბრის ბოლო კალენდარული დღით განსაზღვრასთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადაეგზავნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც განთავსდა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 31 ოქტომბერი არის ხუთშაბათი და როგორც იურისტები განმარტავენ, პრეზიდენტმა ამ დღეს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით, მინიმუმ, სერიოზული გაუგებრობა შექმნა და უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, პრაქტიკულად, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა, რადგანაც ეს დღე საქართველოში უქმედ რომც გამოცხადდეს, ცხადია, რომ არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს ასე არ მოხდება და იმ ადამიანებს, ვინც უცხოეთში ლეგალურად მუშაობს და ხმის მიცემის უფლებაც აქვს, ამის საშუალება უბრალოდ არ ექნებათ.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტმა უკვე მოახერხა გარკვეული გაუგებრობების შექმნა.

„ჯერ არჩევნების ერთი თარიღი გამოცხადდა, რომელიც, როგორც ჩანს, მართლა ეწერა ქაღალდზე. შემდეგ ეს შეიცვალა. აქ არის გარკვეული საკითხები და ნიუანსები. სწორედ ამის გამო, მე შეიძლება, ერთი დღით ადრე დავბრუნდე საქართველოში და ამ საკითხებსაც მივხედოთ. არჩევნები სახელმწიფო მოვლენაა, რომელიც ჩვენი ჩასატარებელია – მთავრობის, პარლამენტის, ყველასი, ვინც ხელისუფლებაში ვართ. ამ სრულიად სამარცხვინო მოვლენების მიუხედავად, რაც არჩევნების თარიღის დასახელებას უკავშირდებოდა, ახლაც ეს გაუგებრობებია და ამას მალე უნდა დაესვას წერტილი. საარჩევნო კამპანია მშვიდად და წყნარად უნდა წარიმართოს – ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს ასეთ ვითარებში კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა“, - აცხადებს უსუფაშვილი.

„საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, კახი კახიშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ უქმე დღეს უნდა ჩატარდეს, მაგრამ კახიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლება ისე გაუტკბა, რომ კანონის გვერდის ავლით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. კახიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების შეცვლა მაინც მოუწევს, რადგან ეს სერიოზული კანონდარღვევაა. ექსპერტის თქმით, პრეზიდენტის აქტი გასაჩივრებადია და იგი საარჩევნო თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ეს აქტი სასამართლოში გაასაჩივრონ.

„დარწმუნებული ვარ, სასამართლო გააუქმებს ამ აქტს, თუკი სააკაშვილი თვითონ არ შეცვლის ამ დარღვევას“, - აღნიშნავს კახი კახიშვილი.

იგი ფიქრობდა, რომ ვინაიდან 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი სააკაშვილი ძალაუფლებაზე ორიენტირებული იყო, საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისას მაინც მოახდენდა იმის დამონსტრირებას, რომ მისთვის ძალაუფლება არაფერს ნიშნავს და არჩევნებს ოქტომბრის შუა რიცხვებში დანიშნავდა, თუმცა კახიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სტილი არ არის ორიგინალურობა და კანონმორჩილება და მან ბოლო 3-4 დღეც კი მიისაკუთრა. კახიშვილის თქმით, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს არასწორად ნიშნავ, მთელი პოლიტიკური პროცესი ირევა და ამ არჩევნების შედეგად არჩეულ პრეზიდენტს შემდეგ შეიძლება ვინმემ უთხრას, რომ ეს არჩევნები არასწორად ჩატარდა, რადგან არ იყო უქმე დღე და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ამ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ თუკი ვინმეს ამ საკითხზე პრეტენზიები გააჩნია, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დღეს, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შემდეგ კი მითითებულია, რომ არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება.

„ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციის თანახმად აუცილებლად კვირა დღეს იმართებოდა, როგორც ჩანს, ამიტომ გახდა საჭირო ამ ჩანაწერის გაკეთება, მაგრამ ეს ნორმა ორმაგი ინტეპრეტაციის საფუძველს იძლევა“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, შესაძლებელია, ამ ნორმის ინტერპრეტირება იმგვარად, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აუცილებლად უქმე დღეს უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ მაინცდამაინც არსად არ ჩანს, რომ ეს ასე უნდა მოხდეს. ამასთანავე, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არაუქმე დღეს არჩევნების ჩატარება ამომრჩევლის აქტიურობაზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა კანონმდებლობა ცალსახად არ კრძალავს არჩევნების არაუქმე დღეს ჩატარებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის და მისი გუნდის ავი ზნე იმაშიც ჩანს, რომ მას ვერ გაურკვევია, როდის უნდა დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. დეპუტატის თქმით, არჩევნების ხუთშაბათ დღეს დანიშვნამ ყველაზე მეტად უცხოეთში მცხოვრები ქართველების გულიწსყრომა გამოიწვია.

„ბოლოს და ბოლოს რა გახდა, რომ ამ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მივცეთ, რათა მათ საკუთარი ნება თავისუფლად დააფიქსირონ. სხვათაშორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არჩევნები შუა კვირაში ინიშნება. შეიძლება, რომ ეს დღე საქართველოში უქმედ გამოცხადდეს, მაგრამ სხვა ქვეყნების სისტემა ჩვენი არჩევნების წესს ვერანაირად ვერ მოერგება და ჩვენს ემიგრაციას უქმე დღედ ამ დღეს არავინ გამოუცხადებს. ამიტომ ისინი ისევ პროცესებს მიღმა უნდა დარჩნენ“, - ამბობს გია ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, ეს ქართველი ემიგრანტების შეურაცხყოფაა. დეპუტატის თქმით, საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სისულელეა, რადგან პირველივე ტურში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ როგორც გორბაჩოვმა ვერ გარდაქმნა საბჭოთა კავშირი, ასევე ვერ გარდაქმნის მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიას და ის გარნირი, რომელიც ბაქრაძეს, მალაშხიას, ჯაფარიძისა და ბარამიძის სახით შემოუწყვეს გარშემო, მხოლოდ სააკაშვილის ერთგვარი ფანდია, რომ ბაქრაძის კანდიდატურა უკეთესად წარმოეჩინა.

„ჩვენ გვებრძვიან ან კრიმინალები, ან კრიმინალების მფარველები. „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხივე საპრეზიდენტო კანდიდატი ასეთია და ამას ყოველთვის ვიტყვი. ასე რომ, სააკაშვილის ხელში ისეა ყველაფერი გაბითურებული, რომ ასე მოხდა ისეთ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებითაც, როგორიც არის საპრეზიდენტო არჩევნები. ეს კი ძალიან ცუდად მოქმედებს პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯზე“, - აღნიშნავს გია ცაგარეიშვილი.

იგი კომენტარს აკეთებს საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ თანამდებობის დატოვების ვალდებულებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი მზად არის, ეს ნაბიჯი გადადგას. აქვე დეპუტატი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დავით ბაქრაძეს (როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს) იგივე ვალდებულება არ აკისრია და ეს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის სერიოზული ხარვეზია, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატად ყოფნის პერიოდში ბაქრაძეს შეეძლება პარლამენტშიც იყოს, ისარგებლოს დაცვის სამსახურის მომსახურებით და ბევრი სხვა პრივილეგიით, რასაც მას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის პოზიცია ანიჭებს.

„მართალია, კანონმდებლობის ასე უცებ გამოსწორება ვერ მოხერხდება, მაგრამ ბატონ ბაქრაძეს აქვს საშუალება, დაწეროს განცხადება და წავიდეს პარლამენტიდან, თუკი ისეთი გულადია, როგორც მესხიშვილის თეატრის სცენაზე ჩანდა“, - აცხადებს დეპუტატი.