ტკბილ-მწარე საახალწლო ფიქრები

ტკბილ-მწარე საახალწლო ფიქრები

მიილია 2010 წელი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ახალი მღელვარება, მომავლის შიში და ყოველდღიური საზრუნავი მოუმატა. გაძვირდა საწვავი, პური, საკვები, მედიკამენტები, ტრანსპორტი. სამაგიეროდ, კიდევ უფრო გაუფასურდა ცოდნა, აზროვნება, გამოცდილება, ზნეობა. ინტელექტუალური შრომა და თავისუფალი შემოქმედება ნახევრად მშიერი, მათხოვრული არსებობის წინაპირობად დარჩა. 

მეწარმეობა ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო საქმიანობად გადაიქცა საქართველოში, ვინაიდან საგასახადო სამსახურისა და პროკურატურის მიერ განხორციელებული პოლიტიკა სულ უფრო და უფრო ემსგავსება “სახელმწიფო ლეკიანობას”, როცა ნებისმიერ (წვრილ, მსხვილ თუ საშუალო) მეწარმეს ერთნაირად ემუქრება მძევლად აყვანა, ხაროში ჩაგდება და გამოსასყიდის გადახდამდე იქ ყოფნა. ეს “იქ ყოფნა” კი აჩანაგებს მათს ისედაც სიმწრით, ვალებითა და საბანკო კრედიტებით აწყობილ ბიზნესს, აჩანაგებს და ხშირად უსახლკაროდ ტოვებს ოჯახებს, რომლებიც იძულებულნი არიან ყველაფერი გაყიდონ და უკანასკნელი გროშები გაიღონ მძევლად აყვანილი ოჯახის წევრის გამოსახნელად. 170 წვრილი მეწარმის ერთ დღეს დაპატიმრება გაუგებარი მოტივითა და მიზეზით ამისი ცინიკური და დაუფარავი დემონსტრირება იყო.

ახალი წლის დადგომას შიშით ელიან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, რადგან ხელისუფლება დედაქალაქიდან მათს დეპორტაციას გეგმავს, დედაქალაქიდან, სადაც წლების განმავლობაში მათ უკიდურესი გაჭირვების, ეგვიპტური შრომისა და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ელენტარული საარსებო სახსრის გაჩენა მოახერხეს და ახლა ამ მწირ საარსებო წყაროებსაც უნდა მოსწყვიტონ და უკაცრიელ ადგილებში უმიწაწყლოდ გადაასახლონ. ეს სახელმწიფო პოლიტიკაა - ვერც ერთი ლტოლვილი ვერ უნდა ირჩენდეს თავს, ის მთლიანად უნდა იყოს სახელმწიფოზე დამოკიდებული და არჩევნების დროს ერთი ტომარა ფქვილის, ოცი ლარის ან გადაუხდელი ელექტროენერგიის საფასურის პატიების ფასად ხმას აძლევდეს თავის რჩეულ მონებსა და ჯალათებს.

***

2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ჩატარდა. ეს არჩევნები ღირსშესანიშნავი იყო იმით, რომ ხელისუფლების დამქაშებს არ დასჭირვებიათ ცემა-ტყეპა, ურნების მსხვრევა და ოქმების გადაწერა. სამაგიეროდ, ჩვენ ვიხილეთ ნაცმოძრაობის სამსახურში ნებაყოფლობით ჩამდგარი ასაკოვანი დიასახლისების არმიები რამდენიმეგვერდიანი სიებითა და კალმისტრებით ხელში. აქა-იქ, ყოველი შემთხვევისათვის, უბნის “ძველი ბიჭების”, კრიმინალებისა და სახელმწიფო “ზონდერების” ჯგუფებიც იდგნენ. სიებში იმ მოქალაქეთა გვარები ეწერა, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ გაყიდული საკუთარი ხმა ასორმოცდაათლარიანი ხელფასის, რემონტის, უფრო ხშირად კი - დაჭერილი ახლობლის გათავისუფლების, ან დასაჭერად განწირული ოჯახის წევრის, მეგობრის, ან მეზობლის გადარჩენის ფასად.

სიებში იმ მოქალაქეთა გვარებიც იყო მითითებული, რომლებმაც შანტაჟის ან პირდაპირი მუქარის გამო საერთოდ უარი თქვეს არჩევნებში მონაწილებაზე, ვინაიდან კორპუსის “მაყურებელ” დეიდა-კოორდინატორებს თავ-თავიანთ შტაბებში დროულად ჰქონდათ მიტანილი ამბავი მათი ოპოზიციური განწყობის შესახებ.

ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ ქალბატონებს. ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. ჩვენ მათ ყოველდღე ვხვდებით, ვესალმებით, მოვიკითხავთ, ვითომც არაფერი მომხდარა, ვითომც ჩვენი მომავალი თაობისათვის სულმოკლეობის, უღირსობის, დამბეზღებლობისა და სიხარბის საარაკო მაგალითები არ ეჩვენებინოთ. ჩვენ ტელევიზიითაც ვნახეთ მათი ბედნიერი სახეები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, აჭარაში ჩატარებულ მრავალათასიან ტრეინინგ-ღრეობაზე, სადაც ისინი სააკაშვილმა და უგულავამ მიიწვიეს ტვინის გამოსარეცხად, ინსტრუქციების მისაცემად, დასანაყრებლად და დროის გასატარებლად. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ყოველგვარ ამორალობასა და უზნეობას ვეგუებით, აღარაფერს ვკვირვობთ და არაფერი გვაშფოთებს, გარდა იმისა, რომ საახალწლო სუფრაზე შეიძლება გოჭის დადება ვერ მოვახერხოთ.

***

ვიღაცამ შეიძლება იკითხოს: “განა შესაძლებელი იყო ასეთ პირობებში არჩევნების მოგება?” უზარმაზარი ფულადი სახსრების დახარჯვის, საკუთარი საარჩევნო რესურსის სრული მობილიზების, მორჩილი და ხელისუფლების პროპაგანდით დაკავებული ტელემედიის, კარგად დაფინანსებულ-გაწვრთნილი ახალი “მდედრიონის”, კრიმინალურ-პოლიციური ბრიგადების, მოსყიდვის, შანტაჟისა და დაშინების მიუხედავად, უგულავას ხმა მისცა თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 25-მა პროცენტმა. მხოლოდ 25-მა! დანარჩენი 75 პროცენტი ოპოზიციის პოტენციური ელექტორატი იყო.

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ იმთავითვე ბოიკოტი გამოუცხადა ამ არჩევნებს. ზოგმა კი არჩევნების წინა დღეს მოუწოდა თავის მომხრეებს ბოიკოტისაკენ. იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში, ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა კოორდინირებულ მოქმედებაზე. ერთიანი კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებულმა კინკლაობამ, ხმების გაყოფამ, ურთიერთბრალდებებმა, ულტიმატუმებმა და სხვ. ბევრ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს დაუკარგა არჩევნებზე წასვლის სურვილი.

რომ არა ეს გარემოებანი, ცხადია, სურათი სრულიად სხვაგვარი იქნებოდა. ჩვენ ხელიდან გავუშვით მინიმუმ მეორე ტურის დანიშვნის შანსი. მეორე ტური კი ხელისუფლების გარდაუვალი დამარცხებისა და რღვევის დასაწყისი გახდებოდა.

სკეპტიკოსები იტყვიან - ხელისუფლება მაინც გააყალბებდა არჩევნებსო. ცხადია, ამ ამორალური მმართველი გუნდისაგან ამის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებას დასჭირდებოდა ღია ძალადობასა და გაყალბებაზე წასვლა, რაც იმ ვითარებაში აუცილებლად გამოიწვევდა ამომრჩევლის აღშფოთებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სადამკვირვებლო მისიებისა და საელჩოების სათანადო რეაქციას. სახალხო პროტესტს კი მიზანმიმართული, დემოკრატიული დასავლეთისათვის გასაგები სახე მიეცემოდა, ბრძოლას რეალური პერსპექტივა გაუჩნდებოდა, ხალხს კი გამარჯვების იმედი დაუბრუნდებოდა. იმედი კი გამარჯვების წინაპირობაა.

თუ ვინმესთვის ეს იდეალიზმია, მაშინ მოიღოს მოწყალება და დამდეგ ახალ წელს მაინც ნათლად დაგვანახვოს რეჟიმის დემონტაჟის უფრო რეალისტური, თანაც ქვეყნისა და ხალხისათვის უხიფათო გზა.

***

ჩვენი კიდევ ერთი (იქნებ მთავარი) უბედურება ისაა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოს ვერც გასულ წელს დავანახვეთ ჩვენი სამომავლო ხედვის სოლიდურობა, ზნეობრიობა და პრაგმატულობა, ქვეყნის განვითარების რეალისტური და ეფექტური კონცეფცია, რომელიც, ერთი მხრივ, თანხმობაში იქნება ქართველი ერის სულიერ წყობასთან, ისტორიულ გამოცდილებასთან და, მეორე მხრივ, დაფუძნებული იქნება კლასიკურ (და არა ფსევდოლიბერალურ) ფასეულობებზე; ვერ შევთავაზეთ სააკაშვილის უპირობო და აშკარა ალტერნატივა.

ამისი თავი და თავი კი ის არის, რომ ჩვენში დღემდე არ არის გაცნობიერებული მარტივი ჭეშმარიტება - პოლიტიკა, გარდა ყველაფრისა, ცოდნის დარგიცაა და ამ სპეციფიკური ცოდნის გარეშე შედეგი ან საერთოდ არ მიიღწევა, ან, თუ რაიმე შედეგი მაინც დადგა, ის ისეთივე ხარვეზიანი და მახინჯი იქნება, როგორიცაა ის რეალობა, რომლის შესაცვლელად ამდენი ძალისხმევა, დრო, ნერვები და მსხვერპლია გაღებული.

ჩვენ ისევ და ისევ მხოლოდ ძალას, შიშველ ემოციებსა და ფუჭ დაპირებებს ვცემთ პატივს. ძალა კი ცოდნაში, ეთიკასა და მორალურ პრინციპებშია და არა ცრუ დაპირებებში, ვისმე ლანძღვა-გინებაში, ხმამაღალ განცხადებებსა და საეჭვო ლოზუნგების წამოსროლაში. პოლიტიკური ფილოსოფიისა და ტექნოლოგიების უცოდინარ, თანაც ერთობ საეჭვო მორალის მქონე ხალხის აყოლა, მათთვის თავის გაწირვა და დაუმსახურებელი აღზევება ყოველთვის დამთავრდება ისე, როგორც ე. წ. “ვარდების რევოლუცია” დამთავრდა - ძველ უზნეობასა და უვიცობას ახალი უზნეობა და უვიცობა შეცვლის, არსებითად კი არაფერი შეიცვლება.

***

2010 წელი ბევრისთვის პოლიტიკური კლასის დისკრედიტაციის, იმედგაცრუებისა და ფრუსტრაციის წელი იყო. საკითხავია, რატომ და რისგან ვართ იმედგაცრუებულნი? რა მოთხოვნებსაც ვუყენებთ პოლიტიკოსებს, რა მორალური და ინტელექტუალური საზომითაც ვზომავთ მათ საქმიანობას, ისინიც იმითვე გვპასუხობენ და ცდილობენ მოერგონ ჩვენს გაუაზრებელ დაკვეთას. პრაქტიკულად, განა ჩვენ თვითონ არ მოვთხოვეთ ოპოზიციას ყოფილიყო სააკაშვილზე უფრო მყვირალა, უფრო ორპირი, სიტყვის გამტეხი და “გადამგდები”? მაშ, რა იწვევს ჩვენს იმედგაცრუებას - ის, რომ ოპონენტები სააკაშვილს ვერ ჯობნიან ფლიდობაში, სიგიჟესა და სიცრუეში? თუ მათი პოლიტიკური უვიცობისა და უწიგნურობის მასშტაბი არ გვაკმაყოფილებს?

რასაც ვითხოვთ, იმას ვღებულობთ და წინასაახალწლო ატრაქციონივით მშვიდად ვუყურებთ “დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიანი საქართველოსა” და “ქართულ პარტიას” შორის მიმდინარე ტრაგიკომიკურ შერკინებას. ამ დროს, ცოტა თუ ვინმე აქცევს ყურადღებას ხელისუფლების დუმილს, თითქოს ამ რეჟიმს არც კი ეხებოდეს პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან რამდენიმე მილიონიანი უკანონო გარიგების ბრალდება. თუკი ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მაშინ ხელისუფლებამ ღიად უნდა განაცხადოს ამის შესახებ და ცილისმწამებელს სასამართლოში უჩივლოს, ხოლო თუკი ეს მართალია, მაშინ ფართომასშტაბიან, ამაზრზენ პოლიტიკურ კორუფციასთან გვქონია საქმე, რასაც, მინიმუმ, ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალი უნდა მოჰყვეს. მაგრამ ეს არ ხდება.

მაშინ, რა მნიშვნელობა აქვს, საბოლოოდ რომელი მხარე გამტყუნდება და რომელი მხარე გამართლდება? გასამტყუნარი ვართ ჩვენ, რომლებიც პოლიტიკოსებისაგან არ მოვითხოვთ აზრისა და ზნეობის სიმაღლეს, მსოფლმხედველობრივი, სოციალური და მორალური ფასეულობების გამოკვეთილ სისტემას, არ მოვითხოვთ ცოდნასა და ეთიკას, ხოლო საკუთარ სიმპათია-ანტიპათიებს პრიმიტიული, უაზრო რადიკალიზმის, მყვირალა ლოზუნგებისა და გულისამრევი ნაციონალისტურ-თეისტური რიტორიკის კრიტერიუმებით განვსაზღვრავთ, რასაც არაფერი აქვს საერთო არც ჭეშმარიტ პატრიოტიზმთან, არც ქრისტიანობასთან და არც პოლიტიკასთან.

***

2010-მა წელმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება გაცილებით უკეთ გვიცნობს, ვიდრე ჩვენ ეს გვგონია და ოსტატურად სარგებლობს ამით. მათ კარგად გათვალეს, რომ საზოგადოება სათანადოდ ვერ შეაფასებდა ახალი კონსტიტუციური მოდელის მნიშვნელობას ქვეყნის მომავლისათვის და სააგარაკო სეზონს დაამთხვია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაც და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურებიც. სანამ მთავრობა ხმელთაშუა ზღვისა თუ წყნარი ოკეანის კუნძულებზე ნებივრობდა, ოპოზიციის ნაწილი თურქეთის პლაჟებზე ირუჯებოდა, რიგითი მოკვდავები კი სიმწრით ნაშოვნ უკანასკნელ გროშებს ქობულეთისა თუ ბათუმის კაფეებში ტოვებდნენ, დემეტრაშვილ-შარმანაშვილის კომისიამ თავიანთ “მამასა და მარჩენალს” მოუმზადა შეცვლილი სტატუსით “მეორედ მოსვლის” კონსტიტუციური გზები.

ეს აბსურდული ვითარება იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება წესიერად ვერ აცნობიერებს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონის, სახელმწიფოს ფუნქციობის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტის მთელ სერიოზულობას და ამით ხელისუფლებას სრულ კარტ-ბლანშს აძლევს.

ძალზე სიმპტომატური იყო ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის პრინციპული უარი კონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობაზე. ხელისუფლებისა არ იყოს, მათაც კარგად იციან ჩვენი მენტალიტეტი და ამიტომაც თავს უფლებას აძლევენ, ყოველდღიური ინტელექტუალური შრომა, ახალი იდეების გენერირება და მოდელების შექმნა (რაც პოლიტიკური ორგანიზაციის მოღვაწეობის ძირითადი შინაარსია) ჩაანაცვლონ პოპულისტური ფრაზეოლოგიითა და პოლიტიკური პოზიორობით. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში პოლიტიკური ძალის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა ავტომატურად გამოიწვევდა მისი რეიტინგის განულებას. ძნელად წარმოსადგენია საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობაზე უკეთესი ასპარეზი, საზოგადოებისათვის საკუთარი იდეალების, პოლიტიკური ხედვებისა და განვითარების მოდელების სადემონსტრაციოდ და ხელისუფლებისათვის რეალური ალტერნატივის შესაქმნელად. სწორედ ამაში ჩანს ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკის, აზროვნებისა და საკუთარი მომავლის ხედვისადმი. ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერება ვერ გამოვიდა ძალაუფლებისათვის პრიმიტიული ბრძოლის დისკურსიდან. მთელი პოლიტიკური ცხოვრებისა და აზროვნების დაყვანა მხოლოდ ვიღაცის გადაგდების ან სკამის შენარჩუნების მანიაკალურ კოლიზიამდე, წარმოადგენს შიზოფრენიას და ამას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ინტერესებთან. 

***

გასული წელი აღინიშნა სტალინის მშობლიურ ქალაქში, გორში, საბჭოთა ბელადის მონუმენტის დემონტაჟითა და საბჭოური სიმბოლიკის აკრძალვის “პადოშასეული” კანონის მიღებით. ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ამ ქმედებათა აზრი და დანიშნულება მსოფლიოს თვალში “გამარჯვებული” ლიბერალური ფასეულობებისა და მენტალიტეტის დემონსტრირებაა, საშინაო მოხმარების კუთხით კი - ტოტალიტარული აზროვნების წინააღმდეგ ძლევამოსილი ლაშქრობა და სააკაშვილის მორიგი “ბრწყინვალე” გამარჯვება “ბნელ კომუნისტურ” წარსულზე.

ისტორია გვასწავლის, რომ ძეგლებთან, მონუმენტებთან და სიმბოლიკასთან ბრძოლა ახალი იდეოლოგიის, მმართველობის ან პიროვნების კულტის ტოტალურ დანერგვა-გავრცელებასთან და ისტორიის გადაწერასთანაა დაკავშირებული. ამას ჩვენი უახლესი წარსულიც მოწმობს.

საბჭოთა ეპოქის არქიტექტურული ძეგლების (მაგალითად, “იმელის” შენობის), მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებისა და დეკორატიული დეტალების ვანდალური განადგურება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებულ მასშტაბს მან ე. წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” განუყოფელი ბატონობის დროს, მიაღწია. საკითხავია, რა აქვს საერთო ამ ბარბაროსობას ტოტალიტარული აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლასთან?

სტალინიზმთან ბრძოლა, პირველ რიგში პლურალიზმის დამკვიდრებას ნიშნავს და არა ერთპარტიული ან ერთპიროვნული დიქტატისა და ვოლუნტარიზმის ცეცხლითა და მახვილით დანერგვას. პირწავარდნილი სტალინიზმია ისეთი სასამართლო სისტემის შემოღება, სადაც განაჩენს განსაზღვრავს არა დაცვისა და ბრალდების მხარეთა არგუმენტების შეჯერება, არამედ პროკურორის ნება-სურვილი, როგორც ეს ავადსახსენებელი ვიშინსკის დროს ხდებოდა; მმართველობის სტალინური ტრადიციის გაგრძელებაა შეთქმულების თეორიათა მუდმივი კულტივირება, საკუთარი ამპარტავნების, უწიგნურობისა და სიბრიყვის სავალალო შედეგების გადაბრალება მითური ბნელი ძალების, ქვეყნის მტრებისა და აგენტებისათვის; სტალინიზმია განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მორალური ტერორი, პოლიტიკური დევნა, უკანონო დაპატიმრება და მათთან ბნელ ქუჩებში ფიზიკური ანგარიშსწორება; სტალინური საკადრო პოლიტიკაა უბირი, უცოდინარი, ამორალური ადამიანების დაწინაურება მხოლოდ პირადი ერთგულებისა და უსიტყვო მორჩილების ნიშნით; ტოტალიტარული მმართველობის გამოვლინებაა მთავრობის სამარცხვინო სხდომები, რომლებზეც ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი და მინისტრების აზრს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმ იშვით შემთხვევებშიც კი, როდესაც მათ ასეთი აზრი უჩნდებათ.

ტიპური საბჭოური მენტალიტეტის გამოვლინებაა თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის ჯორჯ ბუშის სახელის დარქმევა ზუსტად ისე, როგორც ერთ დროს კომუნისტები ლენინის, სტალინის, პლეხანოვის, ბერიას, კალინინის ან კიროვის სახელებს “ურიგებდნენ” დედაქალაქის პროსპექტებს, სკვერებსა და მაგისტრალებს.

ტოტალიტარული აზროვნების ჭეშმარიტი ნიმუში და “პავლიკ მოროზოვობის” პროპაგანდაა ისეთი კლიპების გადაღება, რომლებშიც პოლიციის ფორმაში გამოწყობილი პატარა ბავშვები იარაღით ხელში დარბიან და მონდომებით “ამყარებენ წესრიგს”.

პიროვნების კულტის ნათელი მაგალითია “ბრძენი და პროგრესული” ლიდერის “ისტორიული გამოსვლებისა და გამონათქვამების” ყოველდღიური, ზღვარსგადაცდენილი ტირაჟირება საინფორმაციო საშუალებებში, მისი პორტრეტები ხელმძღვანელი მუშაკების, სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, თეატრების, რესტორნებისა და სასტუმროს დირექტორთა კაბინეტებში, სტუდენტური “თვითმმართველობის” ლიდერებისა და ე. წ. “პატრიოტთა ბანაკების” ადმინისტრაციულ ოფისებში და ა. შ.

ამ ფონზე მმართველი ჯგუფის გაუაზრებელი, ავადმყოფური ბრძოლა ძეგლებთან და მონუმენტებთან (მაგალითად, დიდების მემორიალის აფეთქება ქუთაისში) სულ უფრო და უფრო იძენს ბიზანტიური ხატმებრძოლეობის კარიკატურულ ნიშნებს, იმ ხატმებრძელეობისა, რომლის დროსაც იმპერიაში აიკრძალა ნებისმიერი გამოსახულება, გარდა იმპერატორისა და მისი ოჯახის წევრთა პორტრეტებისა; როდესაც ნადგურდებოდა გასული ეპოქების დიდებული ფრესკები, ხატები და მოზაიკური პანოები, ხელნაწერი წიგნებიდან იჭრებოდა უნიკალური ილუსტრაციები და იმსხვრეოდა ბარელიეფები. ხატმებრძოლი იმპერატორები, ლეო ისავრიელი და კონსტანტინე კომპრონიმოსი, თეოლოგიური არგუმენტების მოშველიებითა და იდეოლოგიური დემაგოგიით ცდილობდნენ შეენიღბათ მერკანტილური პოლიტიკური ზრახვები და ეკლესიაზე, კულტურაზე, საერთოდ ადამიანთა ცნობიერებაზე, განუყოფელი და უალტერნატივო ბატონობის წყურვილი. ისიც კარგადაა ცნობილი, რითიც დამთავრდა ეს გაუაზრებელი “მოდერნიზაცია” - დაუძლეველი შინაგანი წინააღმდეგობით, კულტურისა და აზროვნების დეგრადაციით, სრული პოლიტიკური კრახითა და სახელმწიფოს დასუსტებით, რის გამოსწორებასაც ბიზანტიის მთელი ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური რესურსების დაძაბვა და იოანე დამასკელის რანგის მოაზროვნეთა რამდენიმე თაობის მუხლჩაუხრელი შრომა და მრავალი ათწლეულის მანძილზე გაჭიანურებული რეფორმები დასჭირდა. აქვს კი საქართველოს ამდენი დრო და ბიზანტიის სადარი ინტელექტუალური, ეკონომიკური ან სამხედრო-პოლიტიკური რესურსი, რომ ამ მენტალური, კულტურული და ფასეულობითი კოლაფსიდან გამოვიდეს?

არ შეიძლება არ გაგახსენდეს ფრთოსან ფრაზად ქცეული გამონათქვამი: “ძეგლების დემონტაჟი არ უნდა აჩენდეს ეჭვს, რომ შენ ამით ადგილს ათავისუფლებ საკუთარი ძეგლისთვის”.

(გაგრძელება იქნება)