"საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ჯერ კიდევ 1996 წლის თებერვალში დაიწყო. ამ სტატიის ავტორი უშუალოდ მონაწილეობდა კონცეფციის დამუშავებაში, თუმცა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო იმ პერიოდში ზემოაღნიშნული სამუშაოს დასრულება ვერ მოხერხდა. თითქმის ორი ათეული წელია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ვმუშაობთ და ამ პროცესში მრავალი ქვეყნის ანალოგიური დოკუმენტი შევისწავლეთ. გამოიკვეთა ერთი საინტერესო კანონზომიერება, კერძოდ, რამდენად რეალურად სრულდება კონცეფციაში ჩამორაკრაკებული "დიადი ამოცანები" ცხოვრებაში? ამის დასადასტურებლად ერთ მაგალითს მოვიყვანთ. რუსეთის "ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში", რომელიც ჯერ კიდევ 1997 წლის 17 დეკემბერს დამტკიცდა, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენის შესუსტება ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზაციის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედაა დასახელებული. ხედავთ, რა დროიდან აფიქსირებდა რუსეთი საკუთარ ეროვნულ ინტერესებს? თანაც, ჩვენდა სამწუხაროდ, არა მარტო აფიქსირებდა, არამედ ყველაფერს (დაშვებულსაც და დაუშვებელსაც) აკეთებდა და აკეთებს თავისი ეროვნული ინტერესების რეალიზაციისთვის", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (№ 12 (185) ივლისი, 2013) სტატიაში სათაურით "როდის გვექნება რეალური ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და სტრატეგია?".
"ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ მასში დასახული მიზნები რეალურად არ განხორციელდება. მას მოქმედების სტრატეგია უნდა მოჰყვეს, რომელიც ავითარებს და აკონკრეტებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ცალკეული უმნიშვნელოვანესი ინდიკატორებისა და პარამეტრების მიხედვით, გამოყოფს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულ მიმართულებებს ქვეყნის წინაშე მდგარი გრძელვადიანი (5-15-წლიანი) და საშუალოვადიანი (3-5-წლიანი) ამოცანებიდან გამომდინარე", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძველი კონცეფციაც ძალზე "ბრჭყვიალა სათამაშო" იყო, თუმცა მხოლოდ თავის მოსაწონებლად და სტრატეგიულ პარტნიორებთან სატრაბახოდ. საქმე საქმეზე რომ მიდგა, ის არავის გახსენებია და მხოლოდ "კეთილი სურვილების დოკუმენტად" ჩაბარდა ისტორიას. ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები მაშინაც კარგად იყო ფორმულირებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანის თავიდან აცილება ვერ შევძელით. ასე იქნება ამჟამადაც, თუ მაშინდელი მძიმე გაკვეთილები არ გავითვალისწინეთ და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების რეალური მექანიზმი არ შევიმუშავეთ. გავიხსენოთ, ძველ კონცეფციაში ვინ იყო დასახელებული მთავარ საფრთხედ და "ბუად"? ბუნებრივია, რუსეთი. 2005 წლიდან ვიცოდით, რომ რუსეთი დიდ პროვოკაციას ამზადებდა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომი მაინც მოხდა და ჩვენთვის უმძიმესი შედეგით დასრულდა", - წერს სტატიის ავტორი.
"აგვისტოს ომის" დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად შეჩერდა საგარეო ვაჭრობა და ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები. შეფერხდა წარმოება. მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტის მოცულობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის 75-80% იმპორტზეა დამოკიდებული, პანიკას და ქაოსს ბეწვზე გადავრჩით, - სამომხმარებლო ბაზარზე არსებული რეზერვების გამოყენების შედეგად სიმშვიდე, ძირითადად, შენარჩუნებულ იქნა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მიერ საზღვაო პორტების, ცენტრალური ავტომაგისტრალისა და რკინიგზის ბლოკირება რამდენიმე დღით კიდევ რომ გაგრძელებულიყო, საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი - სურსათის გარეშე, ხოლო დასავლეთ საქართველო საწვავისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩებოდა. ეს კი პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტს შექმნიდა და პანიკა დაიწყებოდა. ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთი იმპორტირებული საქონლის ფასმა ძალზე მოიმატა. პრაქტიკულად ჩავარდა ტურისტული სეზონი. აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ტურისტული ფუნქციის მქონე ქვეყნის სტატუსი შეირყა. უნდა აღვნიშნოთ ერთი საინტერესო ფაქტი: საომარი მოქმედებებისას რუსულმა მხარემ ააფეთქა ერთადერთი სარკინიგზო ხიდი ქართლში, სოფელ გრაკალთან, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს, რამაც შეაფერხა სარკინიგზო მიმოსვლა. მართალია, ხიდი მალევე აღდგა, მაგრამ ეს ფაქტი აშკარად მიუთითებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის არასაკმარის განვითარებაზე. ანალოგიური შეიძლება ითქვას ერთადერთ საავტომობილო მაგისტრალზეც, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს", - განაგრძობს გამოცემა.
"უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობაა. აგვისტოში განვითარებული მოვლენებისა და შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების ზრდის შედეგად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა საგრძნობლად შემცირდა, რაც ინვესტიციების მოცულობის მკვეთრ შემცირებაში აისახა. 2007 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სამჯერ შემცირდა. ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე "აგრესიული პრივატიზების პროცესი" ბიუჯეტის შევსების ძირითად წყაროდ იქცა. მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვა, ეროვნული ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება და პრივატიზების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების შემოსვლას საქართველოს ეკონომიკაში, ვინაიდან ამ დროს ძალიან ძნელია, ზოგჯერ კი საერთოდ შეუძლებელი, იმის გარკვევა, თუ რომელი სახელმწიფო დგას ამ კაპიტალის უკან. "მტრულმა ინვესტიციამ" შეიძლება მნიშვნელოვნად შეარყიოს საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტი, რისი საფრთხეც დღეს ჩვენს ქვეყანაში უაღრესად დიდია. აგვისტოს ომის შედეგად გაუარესებული საინვესტიციო მდგომარეობა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პრობლემები შესაძლებელია კიდევ ერთი საფრთხის მაპროვოცირებელი გახდეს. საქართველოს ეკონომიკა აგვისტოს მოვლენების შემდგომ ინვესტიციურ "შიმშილს" განიცდის და ამ პირობებში საქართველოსთვის არახელსაყრელი საპრივატიზაციო გარიგების გაფორმების საშიშროება ძალზე რეალურია", - აღნიშნავს გამოცემა.
"სამწუხარო რეალობაა ის, რომ საქართველოს გეოსტრატეგიული მდგომარეობა ძალზე არამყარია და მეზობლების (უპირველესად კი რუსეთის) კეთილმეგობრულ დამოკიდებულებაზეა დამყარებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო არტერიების უმრავლესობა ბლოკირებული იქნება (რაც გვიჩვენა აგვისტოს ომმაც), ვერ მივიღებთ სურსათსა და ნედლეულს, ბუნებრივ აირს, ვერ გავყიდით ჩვენს პროდუქციას სხვა ქვეყნების ბაზარზე და ა.შ. ეს შესანიშნავად იცის ჩვენმა მტერ-მოყვარემ, ამიტომ საქართველოს ტერიტორიის დიდი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობით თავის მოწონება სასაცილო გახდება, თუ ჩვენი "კეთილი მეზობლები" მომავალშიც ეკონომიკურ ბლოკადას მოგვიწყობენ. ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია უფრო რეალისტური, ხოლო მისი შესრულება ფინანსურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მისი დამუშავების კოორდინაცია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უმნიშვნელოვანესი ამოცანა უნდა გახდეს. თუმცა ისიც ნათელია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ეფექტიანი ჩართვა ამ პროცესში მხოლოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი", - დასძენს სტატიის ავტორი.