ბიზნესზე ზეწოლის ნაციონალური მეთოდები არ დასრულებულა

ბიზნესზე ზეწოლის ნაციონალური მეთოდები არ დასრულებულა

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველმა უარი უთხრა, ჩინოვნიკების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა იყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როგორც ჩანს, ზოგიერთ შემთხვევაში ბიზნესზე ზეწოლა კვლავ ძველი მეთოდებით გრძელდება. როგორც სამშენებლო კომპანია „სანის“ დირექტორი, სერგო გვარამია აცხადებს, ახალი ხელისუფლების პირობებში, მის მიმართაც მსგავს მეთოდებს იყენებენ. გვარამია ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, ეს ახალი ხელისუფლების ტაქტიკა არ არის და ხელისუფლებას შემორჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები ცდილობენ, „მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ“ და შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს მის მიმართ პირადი შურისძიებაც კი ამოძრავებს. 

გვარამიას ინფორმაციით, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, საგადასახადო სამსახურმა კომპანიიდან დოკუმენტაცია ამოიღო და შემოწმება დაიწყო.

გასული წლის 26 ნოემბერს შპს „სანის“ დირექტორის სერგო გვარამიას მიმართ 210-ე მუხლით, რაც ყალბი საანგარიშსწორებო ან საკრედიტო ბარათების გამოყენებას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. კერძოდ, გამოძიება გვარამიას საწარმოო სალაროდან 7 მილიონ 255 ათასამდე ლარის უკანონოდ გატანას ედავებოდა.

ამ ბრალდებით გვარამია 6 დეკემბერს დააკავეს და აღმკვეთ ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებული 50-ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გვარამიას ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, წინასასამართლო სხდომა, რომელიც 2013 წლის იანვრის ბოლოსთვის იყო ჩანიშნული, პროკურატურის მოთხოვნით, საკმარისი მტიკიცებულებების უქონლობის გამო, რამდენჯერმე გადაიდო.

საბოლოოდ, შვიდი თვის შედეგ, სასამართლო განხილვისას გაირკვა, რომ კომპანიას ყალბი დოკუმენტები არ დაუმზადებია და არც 7 254 929 ლარი მიუთვისებია.

გვარამიას ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განმარტებით, ბრალდება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო, გვარამიას ედავებოდნენ, თითქოს, სალაროს გასავლის ორდერით გაიტანა 7 მილიონი ლარი, რაც გამოძიებით არ დადასტურდა. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა შუამდგომლობა, რომ ბრალდება იყო აბსურდული და სერგო გვარამიას დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

როგორც გვარამიას ადვოკატი ამბობს, შემოსავლების სამსახურიდან და ბანკიდან ამოღებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ არანაირი ყალბი საკრედიტო ბარათი არ არსებობდა. რაც შეეხება სალაროს გასავლის ორდერს, ადგილი ჰქონდა საბუღალტრო აღრიცხვის წესის დარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ ბუღალტერს და არა კომპანიის დირექტორს. საუბარია საბუღალტრო გადაცდომაზე და შესაბამისი მუხლი დღეს ამნისტირებულია. რაც შეეხება, 7 მილიონის გაფლანგვას, აღნიშნული არც საგადასახადო რევიზიის აქტით არ დასტურდება. ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ რაკი გამოძიება ჩიხში შევიდა, უკანონო ქმედებებზე გადავიდნენ.   

„პროკურატურას ერთადერთი გამოსავალი დარჩა, ბრალდების უკან წაღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო იძულებული გახდება, გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანოს, რადგან პროკურატურის ოთხივე მტკიცებულება, გაბათილებულია“, - აცხადებს ადვოკატი.

როგორც ედიშერ ქარჩავა ამბობს, სერგო გვარამიასთვის ბრალის დადასტურების არანაირი სამართლებრივი საუძველი არ არსებობს და 8-თვიანი გაჭიანურებული გამოძიების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს კომპანიიდან მისაღები შემოსავლების სახით 5 მილიონიანი ზიანი მიადგა, ხოლო თვით კომპანიას - 4 მილიონ ლარზე მეტი ზიანი.

თავად გვარამია სამეგრელო ზემო-სვანეთის ოლქის პროკურორ ვალერიან იოსავას შანტაჟში ადანაშაულებს. გვარამიას განცხადებით, პროკურორმა იოსავამ 11 ივნისს იგი საკუთარ კაბინეტში, როგორც მოქალაქე და არა მოწმე, ან ბრალდებული, ისე დაიბარა და დაემუქრა, რომ თუ მის მიმართ წარმოებულ საქმეზე საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდებოდა, სამ თვეში კომპანიას გაუკოტრებდა. შეხვედრა იოსავას კაბინეტში, ფინანსური პოლიციის უფროსის, სერგო თორიასთან ერთად შედგა.

ამის შესახებ გვარამიამ განცხადებით მიმართა მთავარ პრუკურორს, არჩილ კბილაშვილს, სადაც აღწერილი იყო, ვის მიერ და რა ფორმით ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა. შედეგად მთავარი პროკურატურის გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

სერგო გვარამიას ადვოკატი იმედოვნებს, რომ გამოძიება მომავალში მაინც კანონიერად და ზეწოლის გარეშე გაგრძელდება.

„იოსავას მიმართ მარტო ჩვენ არ გვაქვს პრეტენზიები, ჩემი კოლეგის, მამუკა ნოზაძის საჩივრის განხილვა უკვე მიმდინარეობს სტრასბურგში. ლაპარაკია საქმეზე, რომელიც ადვოკატის უკანონო დაკავებას ეხება მაშინდელი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვალერი იოსავას მიერ. ასეთი პიროვნების საოლქო პროკურორად დანიშვნა ახალი ხელისუფლების მიერ, ალბათ, საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილება იყო. ყველაზე ცოტა, მან თანამდებობა უნდა დატოვოს, დანარჩენს კი, ალბათ, გამოძიება დაადგენს“,- აცხადებს ედიშერ ქარჩავა.

სერგო გვარამია აცხადებს, რომ მის მიმართ ზეწოლა თბილისში, ფინანსურ პოლიციაშიც განხორციელდა.

სერგო გვარამია: „მოულოდნელად, ფინანსურ პოლიციაში დამიბარეს. შემხვდნენ ფინანსური პოლიციის უფროსი ლევან ქარდავა, როგორც გამაცნეს, შეხვედრას ესწრებოდნენ მისი მოადგილე, საგამოძიებო სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე. მითხრეს, რომ კომპანიას ყველანაირად გაუხსნიდნენ გზას, ბანკებთან ურთიერთობაში დაგვეხმარებოდნენ, საგადასახადო დავალიანებას გადაგვივადებდნენ, სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებაზე წასვლა მომთხოვეს. თავიანთი კეთილგანწყობა ახსნეს იმითი, რომ კომპანია „სანი“ მსოფლიო ბანკის პროექტებში მონაწილეობდა და ამ პროექტების ჩავარდნა არ აწყობდათ.

ვუთხარი, რომ კომპანია ამ პროექტების განხორციელებას მაინც დაასრულებდა, რომ ჩემს მოადგილეს გადავიყვანდი დირექტორად და პროექტები ჩემი დაკავების პირობებშიც კი დასრულდებოდა. ვუთხარი, რომ საპროცესო შეთანხმებაზე არ წავიდოდი და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებოდი. როგორც ჩანს, ამ პირობისთვის მზად არ აღმოჩნდნენ, ვიღაცას დაურეკეს და უთხრეს, ასეთ პირობას გვთავაზობს და რა ვქნათო. მათ უკან ვინ დგას არ ვიცი. თანაც ოფიციალურად, საშვით კი არ შემიყვანეს, არამედ თანამშრომელი გამოუშვეს, რომელმაც პირდაპირ შემიყვანა შენობაში. შეხვედრა ზუგდიდის ფინანსური პოლიციის უფროსის შუამდგომლობით მოხდა, მან დამირეკა და მითხრა, რომ მის ხელმძღვანელებს ჩემთან საუბარი სურდათ... ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, არ ვიცი“.

ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ ამ საქმით დაინტერესებულმა ადამიანებმა დაკავების მოტივად და საფუძვლად, სერგო გვარამიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ საოლქო პროკურორ, როლანდ ახალაიას შორის ურთიერთობა მიიჩნიეს.

სერგო გვარამიასა და დღევანდელი ხელისუფლების ჩინოვნიკებს შორის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა, შედეგად, როგორც ჩანს, კომპანიის გაკოტრების პროცესი უკვე დაიწყო, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა კორპუსის მშენებლობის დაკვეთა „სანის“ იმ მიზეზით გაუუქმა, რომ სამშენებლო ვადები დაირღვა. როგორც გვარამია ამბობს, მშენებლობის დაწყების ვადიდან დაახლოებით ერთ თვეში შენობის ჩაბარება მოითხოვეს.

„საქართველოში არ არსებობს კომპანია, რომელიც ჩემზე სწრაფად შენობას ააშენებს. სერგო გვარამია თავისი „სანით“ თავის დროზე ყელში ამოუვიდათ ნაციონალებს, მაშინ რომ ვერაფერი მომიხერხეს, იგივე ხალხია გადმოყოლილი და ახლა ცდილობენ, მომენტი გამოიყენონ. ეს მთავრობა ჯერ არ მიცნობს, არ იციან როგორ კომპანიაზეა საუბარი. ფაქტია, რომ ბევრი პროექტები მქონდა განხორციელებული და ახლა ადვილია, ნაციონალების იარლიყი მომაკერონ“, - აცხადებს გვარამია.

სამეგრელოს საოლქო პროკურორი ვალერიან იოსავა და სამეგრელოს ფინანსური პოლიციის უფროსი ლევან კაკავა ყველა დაინტერესებულ პირს, შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მიზნით ეუბნებოდნენ, რომ კომპანიის დირექტორმა სერგო გვარამიამ აღნიშნული თანხა მიითვისა.

რატომ უნდა იყოს დაინტერესებული სამეგრელოს საოლქო პროკურორი ვალერიან იოსავა აღნიშნულ საქმეზე საპროცესო შეთანხმებით, ადვილი მისახვედრია, დაზარალებული მხარე ვარაუდობს, რომ იოსავა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„სერგო გვარამია უკანონო ბრალდებით დააკავეს, თითქოს, მან 7 მილიონი ლარი „შეჭამა“ და ბიუჯეტს დიდი ზიანი მიაყენა. 8 თვის შემდეგ კი შემოსავლების სამსახურის შემოწმების აქტით დადგინდა, რომ მას ეს თანხა არ მიუთვისებია. გვარამიას მიმართ ცრუ ბრალდებების გამო, სახელმწიფომ 5 მილიონ ლარზე მეტით იზარალა. როდესაც გამამართლებელი განაჩენის დადგომისთანავე, უკანონო ბრალდებას გავასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, ოლქის პროკურორისა და საგამოძიებო ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამიტომ, აქ თვითგადარჩენის ინსტინქტი მუშაობს და ისევ იმ ძველი მეთოდებით აპირებენ უკანონო ბრალდების გატანას“, - მიიჩნევს ედიშერ ქარჩავა.

 დაზარალებული მხარე ასევე ვარაუდობს, რომ სერგო გვარამიას დაკავებით ფინანსური პოლიციის თანამშროლმლებიც იყვნენ დაინტერესებული, რომელთაც თავის დროზე ოლქის პროკურორი შეცდომაში შეიყვანეს. 

შპს „სანი“-ს საქართველოში 35 პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორისაა სასტუმრო „ოქროს საწმისი“ ანაკლიაში, ზუგდიდის პარკი და ა.შ. ამჟამად კომპანია 10-მდე პროექტზე მუშაობს.