20 წლის წინანდელი 2 ივლისი უმძიმესი დღე იყო ქართველი მებრძოლებისთვის. 1992 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე დაბა ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველოფდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. ჩრდილიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია.
შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა ქართველმა ჯარისკაცემბა შესძლეს დესანტის მოგერიება, შეინარჩუნეს პოზიციები და მთლიანად გაანადგურეს საზღვაო დესანტი.
სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ. ყველაზე მეტი დანაკარგი ამ შეტევაში სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად „შავნაბადას ბატალიონმა“ და „ავაზამ“ განიცადა. დესანტი რუსეთის დროშებით არ ომობდა, თუმცა დაპირისპირებულ მხარეს დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. თავად აფხაზები ტამიშის დესანტს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად თვლიან. ეს იყო ყურადღების გადამტანი მანევრი, ამით რამდენიმე დღე გზა ჩაკეტეს სოხუმზე. მთავარი დარტყმა სოხუმზე მოხდა. შეუტიეს სოფელ შრომას, ეს სოფელი სოხუმს თავზე გადმოჰყურებს.
ამ დროისათვის „შავნაბადის ბატალიონი“, რომელიც საკმაოდ ორგანიზებული და მრავალრიცხოვანი იყო, ორ ნაწილად იყო დაყოფილი - „შავნაბადას სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი“, რომელსაც გენერალი კობა კობალაძე ხელმძღვანელობდა და „შავნაბადას პირველი საარმიო კორპუსი“ დაზვერვის ცალკეული ბატალიონი, რომელსაც გიორგი თავდგირიძე მეთაურობდა. გიორგი თავდგირიძე უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას მის ბატალიონთან ერთად ტამიშის შეტაკებებში, სწორედ მან და მისმა მებრძოლებმა გაანეიტრალეს მოწინააღმდეგის 3 ტანკი.
გიორგი თავდგირიძე 20 წლის წინ ტამიშზე განხორციელებული შეტაკების დეტალებს for.ge-სთან საუბრისას ასე იხსენებს.
გიორგი თავდგირიძე: ტამიშზე შეტაკება იყო მნიშვნელოვანი მომენტი, ისევე როგორც მარტის შეტევის მოგერიება და გაგრაში დესანტის გადმოსხმა. ეს იმ რიგის ბრძოლებს მიეკუთვნება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა არა მხოლოდ ცალკეული ქვედანაყოფი, არამედ მთელი იმდროინდელი შეიარაღებული ძალები.
რაც შეეხება მოვლენების ქრონოლოგიას, ეს ის დროა, როცა მოწინააღმდეგეს ჩაეშალა მარტის შემოტევა...
- ნამდვილად ასე იყო. რუსების მიერ დაგეგმილი და კონფედერაციისა და აფხაზების მიერ განხორციელებული მარტის შეტევა ჩავარდა, სოხუმი კვლავ საქართველოს ხელში რჩებოდა, ფრონტი სტაბილიზირებული იყო. ქართველები ახერხებდნენ მოეგერიებინათ ცალკეული შეტევები. ზუსტად ამ დროს მოხდა მოლაპარაკება, გაიხსნა დერეფანი, აფხაზი და სომეხი მოსახლეობით დასხლებულ პუნქტებს მიეწოდებოდათ ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთი. ეს იყო ტყვარჩელი, მიმდებარე რაიონები და სოფლები. სამწუხაროდ, დახურული ტვირთიც შედიოდა, რომელშიც, სავარაუდოდ, იარაღი და ტყვია-წამალი იყო. ხდებოდა ინსტრუქტორების შესვლა, რომლებიც ამზადებდნენ მეომრებს მომავალი ბრძოლობისთვის.
რეალურად მოხდა თუ არა მაშინ რუსეთის რეგულარული არმიის მცირე ქვედანაყოფების გადასვლა ქართველებისგან უკონტროლო ამ ტერიტორიაზე, იმისთვის, რომ მომზადებულიყო შეტევა?
- სამწუხაროდ ასე მოხდა. 2 ივლისს, გამთენიისას, რამდენიმე გემი მოადგა სანაპიროს და გადმოსხეს დესანტი, რომელიც ამ ბრძოლებში ძირითადი ბირთვი უნდა ყოფილიყო. ამ ბრძოლებში მონაწილეობას ღებულობდნენ აფხაზები და ჩრდილოკავკასიელებიც, მაგრამ ძირითადი ბირთვი მაინც იყო რუსეთის რეგულარული არმიის ცალკეული ქვედანაყოფები. საქართველოს, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი არმიისთვის გარკვეულწილად ეს იყო მოულოდნელი, რადგანაც გულუბრყვილობა, რომელიც ახასიათებდა იმდროინდელ შეიარაღებულ ძალებს, რწმენა იმისა, რომ პოლიტიკოსები მოლაპარაკების დროს არკვევენ შედეგს, იქნებოდა დაცული და ამ შედეგის გარანტორად გამოდიოდა რუსეთის სახელმწოფო. ეს, გარკვეულწილად, ყურადღებას უდუნებდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.
რა ძალა დაუპირისპირა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის რეგულარულ არმიას?
- ეს იყო - „ავაზა“ შინაგანი ჯარების ბატალიონი, „შავნაბადა“, ცალკეული ადგილობრივი ჯგუფები. მთავარი უბედურება გახლდათ ის, რომ ეს არ იყო ერთიანი ფრონტის ხაზი. ქართულ მხარეს დაკავებული ჰქონდა გზის გასწვრივ მნიშვნელოვანი კომუნიკაციის წერტილები. ზღვა მათთვის გარკვეული ზურგი იყო, მოწინააღმდეგის შემოტევას ელოდებოდნენ მთიდან. აქედან გამომდინარე, გამთენიისას ზღვიდან დაწყებული შეტევა, რომელიც განახორციელა რუსეთის ქვედანაყოფებმა, მოულოდნელი იყო და, გარკვეულწილად, 2 ივლისს მათ წარმატებას მიაღწიეს. დაიკავეს მონაკვეთი ცაგერიდან ანუახუს სიმაღლემდე და ფაქტიურად, გზა, რომელიც სოხუმს აკავშირებდა დანარჩენ საქართველოსთან გადაჭრილი აღმოჩნდა.
მათ აიღეს მნიშვნელოვანი პუნქტები, ლაბრა, ტამიში და სხვა დასახლებული პუნქტები და მთლიანად გაწმინდეს ქართული ქვედანაყოფებიდან. დიდი ზარალი ნახა მაშინ „ავაზამ“ და შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებმა. 4 ტანკი და რამდენიმე ქვეითი საბრძოლო მანქანა აღმოჩნდა მოწინააღმდეგის ხელში და ფაქტიურად, ეს პირველი ეტაპი ამით დასრულდა.
შემოტევა იყო ანუახუს მთაზე რომელსაც „შავნაბადას“ სპეცდანიშნულების რაზმი იცავდა, ეს შემოტევა მოგერიებული იქნა და ფრონტი დასტაბილურდა.
თუმცა ამ დღეს მცდელობა ჰქონდა „შავნაბადას“ ერთ ოცეულს, რომ დახმარებოდა ქართულ ქვედანაყოფებს, რომლებიც შველას ითხოვდნენ, მაგრამ ისინი აღმოჩნდნენ ჩასაფრებაში, დიდი მსხვერპლი ნახეს, 23 კაცი დაეღუპათ, რამდენიმე უგზო-უკლოდ დაიკარგა. ქვედანაყოფის მეთაურმა ალეკო ცინცაძემ მოახერხა რამდენიმე დაჭრილთან ერთად, რამდენიმე დღის შემდგომ ოჩამჩირეში გასვლა, რომ გადაერჩინა მისი და დაჭრილი მებრძოლების სიცოცხლე.
თუმცა ლოკალური ხასიათის ბრძოლები გრძელდებოდა...
- დავით თევზაძე და კობა კობალაძე ცდილობდნენ გარკვეული შეხვედრის ორგანიზებას, რომ გზა გაეხსნათ, მაგრამ იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო და ქართული ქვედანაყოფი ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა კონცეტრირებას ამ ზარალის შემდგომ, ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. იყო იმის ნიშნები, რომ მოწინააღმდეგე ამზადებდა მნიშვნელოვან შეტევას და ეს შეტევა განხორციელდა 9 ივლისს, როცა ალყაში აღმოჩნდა ანუახუს სიმაღლე, მოჭრილი აღმოჩნდა როგორც კინდღიდან, ასევე ოჩამჩირიდან. სიმაღლეზე დარჩენილი მებრძოლები დახმარების გარეშე ვალდებული იქნენ შეენარჩუნებინათ ეს სიმაღლე. ეს სიმაღლე რუსებს რომ აეღოთ, მერე ამ სიმაღლის დაბრუნება ძალიან გაუჭირდებოდათ ქართველებს და, ალბათ, მეორე ფაზა, ეს იქნებოდა შეტევა სოხუმზე.
ტამიშის შეტაკების მთავარი დანიშნულებაც ხომ სოხუმის აღება იყო, რაც მაშინ ვერ შეძლეს?
- რა თქმა უნდა. მთავარი იყო, რომ სოხუმი მოეწყვიტათ დანარჩენი საქართველოსთვის.
მაშინ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა სოხუმის დაცვა შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესი წინააღმდეგობა იყო მოწინააღმდეგეს მხრიდან...
- ფაქტიურად პირველი დესანტის გადმოსხმამ მიზანს ვერ მიაღწია, ვერ მოხდა ანუახუს სიმაღლის აღება. შესაბამისად, ანუახუს შეტევის შემდეგ მოწინააღმდეგე ძალიან გამოიფიტა. მან ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა. რუსებმა მაშინ 200-ზე მეტი მეომარი დაკარგეს, სამი ტანკი აფეთქდა, 4 ტანკი მანევრის დროს მწყობრიდან გამოვიდა.
რამდენადაც ცნობილია უშუალოდ თქვენ პირადად გაანადგურეთ მოწინააღმდეგის 3 ტანკი. ეს როგორ მოხდა?
- ჩემი 30 მეომრით ავღმოჩნდით ალყაში, ჩვენს ზურგს ამაგრებდა „შავნაბადის“ ასეული. შეტევა დაიწო 9 ივლისს, დილის 6 საათზე. რიგითი მყავდა 18 წლის ელდარ მუზაევი, რომლის სანგარში რუსებმა 2 ხელყუმბარა ჩამოაგდეს, მან მოახერხა და ორივე ხელყუმბარა უკან გადაუგდო, ასე დაიწყო შეტევა. პირველივე ტანკი, რომელიც შემოვიდა, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმით ავაფეთქეთ, შესაბამისად, მან ჩახერგა გზა, რითაც ჩევნ დრო მოვიგეთ, შეფერხდა დანარჩენი 2 ტანკის შემოსვლა ჩვენს პოზიცებზე და ბრძოლების შედეგად ორივე ტანკი დავაზიანეთ. თუმცა, იმის გამო, რომ შეტევის ტალღა იყო ურთულესი, ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ცოცხალი ძალების მოგერიებაზე.
პირველ ეტაპზე დაგვეღუპა მოხალისე კილასონია, რომელიც ავღანეთის ომის მონაწილე იყო და მიღებული ჰქონდა ორდენიც. 4 საათის განმავლობაში უწყვეტად მოდიოდა შეტევა. ყოველი ჩახშობის შემდგომ ისინი წინ მოიწევდნენ, ასეთი წინააღმდეგობა იშვიათობა იყო აფხაზების მხრიდან. ისინი, როგორც წესი, როცა მსხვერპლს განიცდიდნენ გარკვეულ შესვენებას აკეთებდნენ შემოტევებს შორის. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანუახუს აღება და აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება სწრაფად დაეკავებინათ ანუახუ და მთელი ძალები იყო გადმოსროლილი. ამის შემდეგ მათ მოახერხეს რამდენიმე ჭურვის გასროლა, რამაც გამოიწვია ჩემი მოადგილის, ზურა უსენაშვილის დაღუპვა, რომელმაც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიიღო ამ ბრძოლისთვის. ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა წინ წაწეულ ჯგუფს, რომელიც სანგარში იყო და უკან არ იხევდა. ამ დღეს, იმ სანგარში დაიღუპა როლანდ წერეთელი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ შეტევის მოგერიების დროს. ბიჭები 60 მეტრში ახდენდნენ საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას. ძალიან კარგად იმუშავა იმ დღეს არტილერიამ, რომელსაც გენერალი ქვარაია ხელმძღვანელობდა. უკვე, საღამოს, ჩვენმა ძალებმა და ეროვნულმა გვარდიამ მოახერხეს გზის გაწმენდა და აღდგენილი იქნა სოხუმი-ოჩამჩირის მაგისტრალი. თუ არ ჩავთვლით მარტის შემოტევას, რომელიც ასევე ძლიერი იყო, ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი შემოტევა, ვინაიდან რუსეთის რეგულარული არმია იღებდა მონაწილეობას.
აფხაზეთის ომში რუსეთის რეგულარული არმიის მონაწილეობა ფაქტიურად დადასტურდა ტამიშზე განხორციელებული შეტევის შემდეგ...
- ტამიშზე შემოტევამ ეს ოფიციალურად დაადასტურა, თორემ ნათელი იყო, რომ აქ იყო რუსული ფული, კაზაკების და ჩრდილოკავკასიელების დაქირავება, მათ შორის აფხაზების შეიარაღება ხდებოდა რუსული ფულით. რუსების აშკარა ჩარევა იყო მარტის შემოტევის დროს, ეს იყო რუსული გენშტაბის გეგმა და მეორე იყო ტამიშზე დესანტის გადმოსხმის დროს, როდესაც მოხდა რუსული გემების გამოყენება. ფაქტიურად, დადასტურდა, რომ რუსეთი იღებდა იმ დოზით მინაწილეობას, როგორც ამას თვლიდა საჭიროდ.
რამდენად მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ აფხაზური ფორმირების მონაწილეობა, რომელიც თითქოსდა წინააღმდეგობას უწევდა ქართულ მხარეს?
- აფხაზები ქართული ქვედანაყოფებისთვის პრობლემა არასოდეს არ იქნებოდა, რომ არა რუსეთი. არც რუსული ქვედანაყოფი იქნებოდა პრობლემა, უბრალოდ, პრობლემა იდგა საქართველოს ხელისუფლებაში. პოლიტიკოსები, რომელთაც უნდა ეზრუნათ შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციაზე, სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე და განკარგულების გაცემაზე. როდესაც ქართული არმია იწყებდა წარმატებულ მოქმედებას, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, რომ შეეფერხებინათ. ასე იყო მარტის მერეც, როდესაც იყო საშუალება, რომ გადავსულვიყავით და გარკვეული სტრატეგიული ტერიტორიები დაგვეკავებინა. ასე იყო ტამიშის დესანტის დროს, როდესაც მოწინააღმდეგე გატეხილი იყო და ჩვენ შევძელით ტყვარჩელის უომრად აღება.
ამ დროსაც პოლიტიკოსებმა არ გამოიჩინეს პოლიტიკური ნება, არ გასცეს განკარგულება, სამხედროებმა შეიძლება იბრძოლონ თავისი შემუშავებული გეგმებით, მაგრამ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება სამხედროებს არ შეუძლიათ. სამწუხაროდ, სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილების არქონამ ქართული შეიარაღებული ძალები მიიყვანა იქამდე, რომ მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს. აფხაზები იბრძოდნენ ვაჟკაცურად, მაგრამ აფხაზური არმია არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან მოწინააღმდეგეს ქართული ქვედანაყოფებისთვის. ქარული პოლიტიკოსების ნება რომ ყოფილიყო, ძალიან მოკლე დროში შეიძლებოდა აფხაზური ქვედანაყოფების განეიტრალება.
ალბათ, უნდა მიეცეს შეფასება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ დაშვებულ შეცდომებს, რომლებმაც ქვეყანა ასეთი მძიმე შედეგის წინაშე დააყენეს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თუ არა მაშინდელი მთავრობის პირველ პირებს, შევარდნაძეს, სიგუას და კიტოვანს?
- აფხაზეთის დაკარგვის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ გამოსაძიებელია როგორც პოლიტიკოსთა, ასევე ცალკეული სამხედრო მაღალჩინოსნების საქმე. როგორც ვიცი, სამხედრო პროკურატურამ დაკითხა ბევრი სამხედრო მაღალჩინოსანი. გვაქვს ჟურნალისტური და საარქივო მასალები. შესაბამისად, გარკვეული მინიმალური შეფასება მაინც უნდა მოხდეს. შევარდნაძის ფაქტორი აუცილებლად შესასწავლია, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა შეფასდეს. მან და მისმა გარემოცვამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს და ეს აუცილებლად შესაფასებელია.