თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის კოკი იონათამიშვილის პირადი წერილი, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა, პრეზიდენტის ადმინსტრაციამ გაასაჯაროვა. პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკა არ უნდა გახდეს სავაჭრო თემა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ წერილი რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ადამიანის პირადი ცხოვრების განსაჯაროებაა და მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესდნენ ამ საკითხით, თუ ვინ მიიღო ამ წერილის გამოქვეყნების გადაწყვეტილება.
„არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გაყურებინებენ საძინებელში გადაღებულ ვიდეოფირს, თუ გიქვეყნებენ წერილს, სადაც ადამიანი საკუთარ გაჭირვებაზე და პრობლემებზე საუბრობს. ჩვენ ემოციაზე ხომ არ ვსაუბრობთ, რომ იმანა აგვაღელვა და ამან არ აგვაღელვა. რეალურად, ისინი ისევ აგრძელებენ ძველ გზას. ადამიანების დისკრედიტაციის, მასხრად აგდების, კედელთან მიყენების რეჟიმში არიან და დღეს იყო ამის კლასიკა, იმ ფონზე, როდესაც სულ გვესმის, რომ გვაპატიე, ბოდიში, არ უნდა გვექნა, უცბად, დღეს, ზუსტად იგივეს აკეთებს მიხეილ სააკაშვილი, რასაც აკეთებდა 9 წლის განმავლობაში“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
როგორც ცნობილია კოკი იონათამიშვილმა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის მიზეზად მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა, მათ შორის ის, რომ
პარტია ვერ უმკლავდება მის წინაშე მდგარ ამოცანებს. არ მოხდა მისი ტრანსფორმირება, განახლება და, საბოლოო ჯამში, აღარ წარმოადგენს უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლის ინსტრუმენტს. მისი ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა იონათამიშვილის წერილი, სადაც ქვეყნის პირველ პირს პირადი ბიზნესიდან წილების გასხვისების სურვილს უმხელს.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოგმართავდით ასეთ კერძო და პრივატულ თემაზე... ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე გავკადნიერდებოდი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. საოცრად გაფასებთ, მაგრამ ამ წერილში ამაზე საუბარი არ გამომივა. მინდა გითხრათ, რომ არ ვთვლი, რომ რაიმე ისეთი მაქვს გაკეთებული, რომ ასე მომემართა თქვენთვის... მაგრამ რაც არის, არის... წერაც კი მიმძიმს და პირადად ხომ ამის თქმას საერთოდ ვერ მოვახერხებდი. მოკლედ, პრობლემა მაქვს, ისეთი როგორც ბევრს, არაფერი ორიგინალური, ვალებმა, რომ იტყვიან, დამახრჩო. მოკლედ რომ გითხრათ, მსურს გთხოვოთ დახმარება... ისეთი პრობლემური გარემო მაქვს, რომ გავკადნიერდი და მოგმართეთ.
თუ თქვენ შეგიძლიათ მიშუამდგომლოთ რომელიმე ბიზნესმენთან, მე მაქვს წილი ერთ ბიზნესში, რომელსაც რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებისა ვერ ვყიდი და თუ ვინმე თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე დამეხმარებოდა, ჩემთვის ეს... არც კი ვიცი რა სიტყვა შევარჩიო, უპირობო გამოსავალს და გადარჩენას ნიშნავს. „ეს ბიზნესი“ ცუდი არ არის, მაგრამ დღეს მხოლოდ თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე თუ დაინტერესდება ვინმე... თუ, რა თქმა უნდა, ამ თავხედობას შემინდობთ და დამეხმარებით, არც კი ვიცი, რა სიტყვები შევარჩიო, ეს ჩემი გადარჩენა იქნება. რაღაცეებში უბრალოდ სასტიკად არ გამიმართლა. გიგიმ ნაწილობრივ იცის ეს პრობლემები და რამდენიმეჯერ მაგრად მომეხმარა კიდეც, რის გამოც მისი მადლობელი ვარ, მაგრამ საბოლოოდ მოგვარება არ გამოვიდა...
მე მაქვს წილი ფირმა „საბურთალო 2007“-ში, - 2 %. ამ ფირმას აქვს საკუთარი ქონება, შენობა, რომელიც განთავსებულია ტექნიკის ჰიპერმარკეტი „გალაქსი“, პეკინის 46-ში. „გალაქსი“ ქირაობს ფართს ჩვენგან, აქვს 15 წლიანი იჯარა, ყოველთვიურად ვიღებ 1000 დოლარზე მეტს ჩემს წილად. შენობის ფართია თითქმის 5 ათასი კვადრატული მეტრი, სარდაფის ჩათვლით. სხვა მეწილეებმა ახლა წილი ვერ იყიდეს. წილის გაყიდვა, 2 %-ის დათმობა ჯამში მსურს 100 ათას დოლარად“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ადმინასტრიციის მიერ გავრცელებულ წერილში.
თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, უკვე ყოფილმა „ნაციონალმა“ წერილს წერილითვე უპასუხა და ამბობს, რომ გაოგნებულია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წერილის გამოქვეყნების გამო.
„ცალსახად მინდა დავადასტურო, რომ სააკაშვილს, მას შემდეგ, რაც ორჯერ ვიმყოფებოდი მასთან ერთად საერთაშორისო დელეგაციაში, ნამდვილად მივმართე წერილობით, მაგრამ არა ამ შინაარსით და არა ამ საკითხზე. ამ კამპანიის სახელია, შიში.. შიში იმისა, რომ არ დაიკარგოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა თბილისის საკრებულოზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ზოგადად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ უფრო ინტენსიურად არ გააგრძელოს კრიზისში შესვლა. მიხეილ სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უმეტესობა თავიდან ბოლომდე სოლიდარულია ჩემს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან და მისი მხრიდან, ასე პირდაპირ წარმოებული შანტაჟი ვერ შეაჩერებს რღვევის პროცესს. მას არ სურს, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს - ჩემი პარტიიდან წასვლის მიზეზები არის ის ფუნდამენტალური შეცდომები, რაც მან და პარტიამ დაუშვა და არა ნებისმიერი სხვა გარემოება, მაგრამ ეგ უკვე აღარ გამოგდის მიშა, - აღარ. ამაზრზენი ხარ მიშა“, - ასე უპასუხა კოკი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილის.
უკვე ცნობილია, რომ იონათამიშვილის მიერ პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის განსაჯაროვების ფაქტით პროკურატურა დაინტერესდა. როგორც პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა დეპუტატის განცხადება გახდა საფუძველი, რომ პროკურატურა დაინტერესდეს ამ საკითხით.
„დაიწყება თუ არა გამოძიება საკითხზე ამ ეტაპზე, არ შემიძლია რაიმე წინასწარ გითხრათ,“ - აცხადებს ხატუნა პაიჭაძე.
სამართალმცოდენ კახი კახიშვილი კი განმარტავს, რომ პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა, ვინაიდან ამ შემთხვევაში გამსაჯაროვებელი პირდაპირ ჩანს, - პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია როცა ასაჯარაოვებს ისეთ მიმოწერას, რომელიც მანამდე იდო და არ ასაჯაროვებდა და რატომღაც დაამთხვია კრიკიტულ მომენტს, როდესაც ამ მომოწერის შესაძლო ავტორმა გაკიცხა პრეზიდენტი, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ზუსტად იმიტომ გაასაჯაროვეს, რომ რაღაცნაირად დასაჯეს ეს ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გახდეს ძიების საგანი. არა მარტო 157-ე მუხლის დარღვევასთან გვაქვს საქმე, არამედ ჩემი აზრით, ეს ქმედება თანამდებობრივ დანაშაულსაც შეიცავს და აქიდან გამომდინარე, ძიების შედეგად კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს ამ საკითხს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილმა.
საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების გასაჯაროვების უფლება არავის აქვს და მათ შორის, - არც პრეზიდენტს.
„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი სახე, რომელიც ფაქტობრივად, სახეა მისი პარტიის, რომელმაც ეს რეჟიმი შექმნა, რეჟიმი რომელიც ყოველთვის ხელყოფდა ადამიანების პირად ცხოვრებას, ხელყოფდა სხვის ბიზნეს, სხვის პირად ცხოვრებას, უმახინჯებდა და უნგრევდა ადამიანებს ნორმალურ გარემოს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანს ფარულად გადაუღებ რაიმე პირადი ცხოვრების დეტალებს და გამოუმზეურებ და ამით დააშანტაჟებ, თუ წერილს გამოუქვეყნებ.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ ფსიქიკაში და ქმედებაში არაფერი არ იცვლება. ჯიუტად აგრძელებენ ასეთ მოქმედებას და ცდილობენ, რომ შანტაჟის გზით მძევლად ჰყავდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომ არ დაიშალოს მათი რიგები და მაქსიმალურად შეძლონ ამ ბინძური მეთოდებით რიგების შენარჩუნება. იმდენს ვერ ხვდებიან, რომ ბოლომდე აიძულებენ ადამიანებს თავს, ბოლომდე ემიჯნებიან საზოგადოებას ისე, რომ ქართულ საზოგადოებაში დაბრუნების უფლებას ისპობენ. მათი ბოდიში და სინანული არაა გულწრფელი. როგორც კი შანსი ეძლევათ, ისევ ძველი მეთოდებით მოქმედებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი შიხიაშვილი, რომელიც მოითხოვს პროკურატურისგან ფაქტის გამოძიებას.
ექსპერტ ნიკა ჩიტაძისთვის გაუგებარია რატომ ითხოვენ უმრავლესობის და საზოგადოების წევრები ამ კონკრეტული ფაქტის შესაწავლას და რატომ არ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის განცხადების შესწავალა, რომელმაც მისივე თქმით გაასაჯაროვა ერთ-ერთი მინისტრის პირადი ცხოვრების გარკვეული დეტალები.
„არ ვიცი უნდა დაიწყოს თუ არა ამ საკითხზე პროკურატურამ ძიება, ეს არის ორ ადამაინს შორის საუბარი. თუ ვსაუბრობთ პირადი ცხოვრების გასაჯაროვებაზე, იგივე შეგვიძია ვთქვათ პრემიერ მინისტრზე, როცა მან ერთ-ერთ მის მინსტრზე თქვა, რომ უგულავას და ბოკერიას ცოლთან ერთად დადის საზღვარგარეთო. ესეც გახლავთ პირადი ცხოვრების გასაჯაროვება, თუმცა მაშინ არ დასმულა ასეთი საკითხი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. კოკის ვიცნობ, პატივს ვცემ და ჩემი მხრიდან შეიძლება არაკორექტული იყოს მასზე საუბარი. თუ გასაჯაროვებაზეა საუბარი, მაშინ, ყველას უნდა შეეხოს, მაგრამ სასურველია ეპიცენტრში არ აღმოჩნდეს პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია“,- განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.