ნაციონალური კეკლუცობა

ნაციონალური კეკლუცობა

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო მასალები, რომლებიც სამეგრელოს სამარხებში იქნა აღმოჩენილი, რამდენიმე დეპუტატმა ნახა. თუმცა, მხოლოდ უმრავლესობის რამდენიმე ლიდერმა, რადგან უმცირესობა, პოლიტიკური ბოიკოტის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომას არ დაესწრო და ხელისუფლებას ბრალი „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნაში დასდო.

ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, სხდომაზე სამეგრელოში 2011 წელს განხორციელებული მხეცური დანაშაულის ამსახველი კადრების ჩვენება ემსახურება არა საქმის არსში, საგამოძიებო დეტალებში გარკვევას და ბრალეულობის მასშტაბების განსაზღვრას, არამედ, კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრების საწინააღმდეგო ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას.

„კადრებზე აღბეჭდილ დანაშაულის ჩამდენებსა და ამ დანაშაულთან რაიმე ფორმით დაკავშირებულ ნებისმიერ სუბიექტს ვგმობთ და ვემიჯნებით. ამ დანაშაულის ჩადენის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნდა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვაღიარებთ, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს, მსგავსი რამ შეიძლებოდა ჩაედინა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ხოლო იმისთვის, რომ დეტალურად გაირკვეს თუ სადამდე შეიძლება მიდიოდეს ამ დანაშაულის კვალი, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვთ, რომელიც პოლიტიკური ანგაჟირებულობისა და ფსიქოლოგიური მანიპულაციების გარეშე იმ საკითხთა და დეტალთა ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომლის ობიექტური და მიუკერძოებელი განსჯა დანაშაულის გამოძიებას დაეხმარება“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, ნაციონალების მოთხოვნას ცინიზმს უწოდებს და უმცირესობას აკრიტიკებს.

„მათ შეეძლოთ კომისიის სხდომაზე მობრძანებულიყვნენ და თუ რაიმე აინტერესებდათ, კითხვები დაესვათ, მაგრამ მათი მოთხოვნა არის ცინიზმი და მგონია, რომ ისინი პასუხის ღირსებიც კი არ არიან. მსგავსი სისაძაგლე და სისასტიკე არ მინახავს, რაც დღეს ვნახე. ფარულ ჩანაწერებს ბოლომდე ვერ ვუყურეთ და ამ ყველაფრის გადმოცემა ემოციით შეუძლებელია, ეს არაადიამურია. არ ვიცი, როგორ შეიძლება ახსნა, ან გაამარათლო მსგავსი საზიზღრობა, რაც ხდებოდა, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ოფიციალურ სტრუქტურებში ხდებოდა“, - განაცხადა ბესელიამ.

თავდაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც ფარული ჩანაწერების ჩვენება მოხდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ პირველივე წუთებში დატოვა.

მისი თქმით, ვიდეოში რომელიმე პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

„ამ კადრების ნახვას საჭიროდ არ ვთვლი. ადვოკატის რანგში, მსხვერპლთა მხრიდან მსგავსი ისტორიები მოსმენილი მაქვს და ამას ვიდეოკადრებში ვნახავ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველაფერი ადამიანებმა გადაიტანეს და ჩანაწერების ნახვაზე უარი ვთქვათ, ეს საკუთარი თავის დაცვაა, მაგრამ შეხვედრა მაინც დავტოვე“, - დასძინა კობახიძემ.

ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი ყურადღებას დამნაშავეთა დასჯაზე ამახვილებს, თუმცა, მან კადრების ნახვა არ ისურვა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა კობახიძის მსგავსად დატოვა.

ჩიქოვანის განცხადებით, ის რაც ქვეყანაში ხდებოდა, ამაზრზენი იყო.

„თითოეული ის ადამიანი ვინც ამას აკეთებდა უნდა დაისაჯოს, მაგრამ ამაში არ ვგულისხმობ, მხოლოდ იმ ადამინებს ვინც ამას უშუალოდ აკეთებდა, არამედ მათ ვისაც ამ საქმესთან იოტისოდენა შეხება აქვთ. ეს კადრები ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ეს ჩემს მშობლიურ კუთხეში - სამეგრელოში ხდებოდა“, - აცხადებს ჩიქოვანი.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო ჩანაწერების გარდა, თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე საუბარი თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოს თაობაზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესსაც შეეხო.

კობახიძის განცახდებით, საგამოძიებო პროცესში ამერიკის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები არიან ჩართულები და ისინი ამბობენ, რომ დანაშაულის გახსნა მოხდება, თუმცა, კონკრეტული ვადის დასახელება შეუძლებელია.

„სიტუაცია საკმაოდ გართულებულია იქედან გამომდინარე, რომ რამდენიმე ცრუ საიტის მისამართი იქნა მითითებული. დიდი სამუშაოა ჩატარებული, თუმცა, კონკრეტულ პირებზე გამოძიება არ არის გასული და გვაიმედებენ, რომ გამოძიება დასრულდება“, - აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელი სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენლებმა დეპუტატებს საგამოძიებო პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, უმცირესობის მოთხოვნით ჩაინიშნა, თუმცა, გასულ სასესიო კვირას, ნაციონალებმა საკრებულოს წევრების დაკავება გააპროტესტეს, პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადეს და კომიტეტის დღევანდელ სხდომასაც არ დაესწრნენ, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ნაციონალების პოლიტიკურ კეკლუცობად შეაფასა.