უგულავა იონათამაშვილმაც მიატოვა

უგულავა იონათამაშვილმაც მიატოვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, კოკი იონათამიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ მან facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება.

„საზოგადოებას მსურს ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ, რადგან უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულმა პროცესებმა, ჩემდა სამწუხაროდ, დამარწმუნა, რომ პარტია ვერ უმკლავდება მის წინაშე მდგარ ამოცანებს. მიუხედავად ჩემი მოლოდინისა, არ მოხდა მისი ტრანსფორმირება, განახლება და საბოლოო ჯამში, აღარ წარმოადგენს უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლის ინსტრუმენტს. პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან დაშვებულმა სავალალო შეცდომებმა აბსოლუტურად შეუძლებელი გახადა ზოგადი თუ კონკრეტული ამოცანების მიღწევისათვის პარტიული პლატფორმის გამოყენება. თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები და მერიის თანამშრომლები უმეტესწილად აბსოლუტურად უსამართლო პოლიტიკური დარტყმების და შეფასებების მსხვერპლი ხდებიან, ხშირად მიფიქრია, რომ ამ ადამიანებს, არაფერი არ აქვთ საერთო არც დაშვებულ შეცდომებთან და დანაშაულებებთან და სამწუხაროდ, არც დღეს არსებულ პარტიულ მმართველობასთან, ხოლო მათ მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა, როგორც სამართლებრივ, ასევე ელემენტარული გონიერების ჩარჩოებს სცილდება“, - ნათქვამია კოკი იონათამიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე იგი განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან დაანონსებულ საკრებულოს საკადრო ცვლილებებში მონაწილეობას არანაირი სახით არ აპირებს და დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს საკრებულოში საქმიანობას.

იონათამიშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებასთან დაკავშირებით, თბილისის მერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ეს ქმედება მორალთან მწყრალად არის.

„რამდენიმე დღის წინ მე მასთან მქონდა საუბარი. ვთვლი, რომ მან, მისთვის შეიძლება პერსონალურად სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და აქედან სარგებელი ნახოს. ასევე ვთვლი, რომ ასეთ ვითარებაში ეს საქციელი, თუნდაც მეგობრული, თუნდაც კოლეგიალური კუთხით, არასწორი და, რბილად რომ ვთქვა, მორალთან მწყრალია“, - აღნიშნა უგულავამ.

კოკი იონათამიშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ ამ პარტიამ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა და მასა და „ქართულ ოცნებას“ ახლა თანაბარი ოდენობის დპუტატები ჰყავთ. ამიტომ, მართალია, ჯერ-ჯერობით „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში არ არის, მაგრამ მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევის პროცესი გაგრძელდება და სულ მალე „ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოშიც უმრავლესობა ეყოლება.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში სერიოზული პრეტენზიები არსებობს თბილისის მერის, გიგი უგულავას მიმართ, მაგრამ ამ მხრივ ინფორმაციის სიმწირე ქმნის გარკვეულ ბარიერს. უგულავას კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, მაშინდელი ოპოზიციის არაერთი განცხადება გვახსოვს, როგორც პარლამენტში, ასევე, ახლა, უკვე, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა როდესაც ისინი გარკვეული ინფორმაციის განსაჯაროვებას ითხოვენ, ამაზე მუდმივად უარს ღებულობენ. ახლა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრები აცხადებენ, რომ სულ მალე, საკრებულოში უმრავლესობას მოიპოვებენ, ალბათ, მათ მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება მიეცემათ და როგორც იტყვიან, უგულავას გარშემო წრე კიდევ უფრო შევიწროვდება.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სავარაუდოდ, საკრებულოში მმართველი გუნდის უმრავლესობაში მოსვლა ისეთი მასალების თავმოყრას შეუწყობს ხელს, რომლებიც აქამდე მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ასევე საკრებულოს მიერ მერიის მეტად გაკონტროლებას შეუწყობს ხელს.

„აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა. ძალიან ხშირად ვაკვირდებით მმართველი გუნდის მხრიდან ასეთ პოზიციას - მოვალთ უმრავლესობაში და... პარლამენტში „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობაშია, მაგრამ პროცესები გაუმჯობესებული არ არის. ასე რომ, მხოლოდ უმრავლესობაში მოსვლა საკმარისი არ არის. საჭიროა ცოტა მეტი მოქმედება, მეტი პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი უმრავლესობით მოხვედი (ვინაიდან ხალხმა მოგიყვანა), ვინც მოგიყვანა, იმის ინტერესებს უნდა გაუწიო ანგარიში“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ზოგადად იგი მიიჩნევს, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი წარმომადგენლისთვის იქნებოდა სტიმული, არა იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცეებს თვალს აუხელდა (რადგან საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მათ კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა), მაგრამ კარგი საბაბი იქნებოდა საიმისოდ, რომ აეხსნათ, აქამდე რატომ არ ტოვებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რატომ გადადგეს ახლა ეს ნაბიჯი. პოლიტოლოგის თქმით, იონათამიშვილის ნაბიჯი ამ ლოგიკაში ჯდება. რამაზ საყვარელიძე ამგვარ ნაბიჯს საპარლამენტო ოპოზიციის გარკვეული ნაწილისგანაც ელოდა, მაგრამ მათ დააყოვნეს ეს ქმედება.

„პარტია, რომელიც ძალიან გააფთრებით იბრძვის, მაგრამ რეალური ძალა აღარ გააჩნია, ალბათ, ბევრისთვის მიმზიდველი არ იქნება. პირიქით, ის იქნება განმზიდველი და ამ განზიდვის პროცესში ვართ ახლა“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისი“-ს თავმჯდომარე, გიორგი მუსხელიშვილი for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საკრებულოსთვის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება მერიაში, რადგან ქართული კანონმდებლობაა ასეთი. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვებას, გიორგი მუსხელიშვილის თქმით, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.

„ჩვენ რომ საკრებულოში მოვედით, 8 თუ 9 დეპუტატი ვიყავით, ახლა კი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ჩვენ თანაბარი ოდენობის დეპუტატი გვყავს საკრებულოში. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში უმრავლესობაში ვიქნებით. ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი სიტუაციაა, რომ შეიძლება ეს ფრაქცია საერთოდ დაიშალოს“, - ამბობს გიორგი მუსხელიშვილი.

აღსანიშნავია, რომ დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა კოკი იონათამიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის სახელზე გაგზავნილი წერილი, რომლითაც საკრებულოს წევრი პრეზიდენტს პირადი ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სთხოვს. კერძოდ, წერილის თანახმად, კოკი იონათამიშვილი სააკაშვილს მიმართავს თხოვნით, რომელიმე ბიზნესმენთან უშუამდლომლოს, რათა ერთ-ერთ ბიზნესში მისი წილი 100 ათას დოლარად შეიძინონ, რადგან როგორც იონათამიშვილის წერილშია ნათქვამი, იგი „ვალებში იხრჩობა“.

„მე მაქვს წილი - 2 %, ფირმა „საბურთალო 2007“-ში. ამ ფირმას აქვს საკუთარი ქონება, შენობა, რომელიც განთავსებულია ტექნიკის ჰიპერმარკეტი „გალაქსი“, პეკინის 46-ში. „გალაქსი“ ქირაობს ფართს ჩვენგან, აქვს 15 წლიანი იჯარა, ყოველთვიურად ვიღებ 1000 დოლარზე მეტს ჩემს წილად. შენობის ფართია თითქმის 5 ათასი კვადრატული მეტრი, სარდაფის ჩათვლით. სხვა მეწილეებმა ახლა წილი ვერ იყიდეს. წილის გაყიდვა, 2 %-ის დათმობა ჯამში მსურს 100 ათას დოლარად“, - ნათქვამია იონათამიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ წერილში.

For.ge მთელი დღს განმავლობაში ცდილობდა კოკი იონათამიშვილთან დაკავშირებას, რათა მას ამ თემაზე კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.