საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს, თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა ლიტველ კოლეგასთან იუზას ოლეკასთან.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ლიტვის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის გეგმებს, რაც პირველ რიგში სამხედრო განათლების კუთხით ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას გულისხმობს.
ირაკლი ალასანიამ ლიტვურ მხარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო გააცნო. მხარეებმა ავღანეთში ნატოს ეგიდით წარმოებული საერთაშორისო მისიისა და პოსტ-ISAF პერიოდთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იუზას ოლეკასს მადლობა გადაუხადა ლიტვური მხარის მიერ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ლიტველი დამკვირვებლების მონაწილეობის გამო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განახლებულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო. დაგეგმილია შეხვედრები ლიტვის პარლამენტის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან არტურას პაულაუსკათან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან და ლიტვის სამხედრო აკადემიის მეთაურთან, გენერალ იონას ჟემაიტისთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სემინარშიც მიიღებს მონაწილეობას.