ვანო მერაბიშვილის ბიძის სატყეო ლიცენზიის შესწავლის დროც დადგა

ვანო მერაბიშვილის ბიძის სატყეო ლიცენზიის შესწავლის დროც დადგა

ჩამოართმევენ თუ არა სატყეო ლიცენზიებს ვანო მერაბიშვილის ბიძას, ლევან თუმანიშვილს, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, ოფიციალური ინფორმაციით, ეროვნული სატყეო ფონდიდან 177 ათასი ჰექტარი ტერიტორია ხანგრძლივი მართვის უფლებით არის გაცემული, რომლის მოსარგებლეების საქმის სკრუპულოზული შესწავლაც მოხდება. 

ამ ტერიტორიის დიდ ნაწილს კი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბიძა ლევან თუმანიშვილი აკონტროლებს.

ბიძინა გიორგობიანის უწყება აპირებს ოქტომბრამდე გაერკვეს ყველა ლიცენზიანტის მუშაობაში და საქმისადმი მათ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში, რის შემდეგაც დადგინდება, რამდენად კანონიერად აქვთ მათ მოპოვებული ლიცენზიები. ამის შემდეგ კი დოკუმენტები რეაგირებისათვის მთავრობას გადაეგზავნება.

„ლევან თუმანიშვილს მთელი ადიგენის საუკეთესო სატყეო უბნები წაღებული აქვს ხანგრძლივვადიან, 20-წლიან სარგებლობაში. ტყეთსარგებლობის ეს წესი არაეფექტურია. იგი ვანო მერაბიშვილის ბიძაა და, სავარაუდოდ, სწორედ მერაბიშვილის მფარველობით, რომელიც ამ საქმით იყო დაინტერსებული, მიიღო რამდენიმე ათასი ჰექტარი ტყის მასივი. დიდ შემოსავალს ნახულობდა ამით თუ პატარას, ვერ გეტყვით, სანამ საბაჟო დეპარტამენტიდან არ გამოვითხოვთ ინფორმაციას. სავარაუდოდ, ეს თანხა დიდი იქნებოდა, ამიტომაც საბაჟოს წარმომადგენლებთან შეხვედრას ვაპირებთ და დაახლოებით ერთ თვეში დავიწყებთ მონაცემთა შედარებებს. თუმცა ლევან თუმანიშვილი არ არის ერთადერთი, რომლის საქმესაც ვსწავლობთ. ჩვენს მიერ პროკურატურაში სხვა ლიცენზიანტების შესახებაც გადაცემულია საქმეები“, - გვითხრა ბიძინა გიორგობიანმა.

მანვე არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია, მათ მიერ ახლად შესწავლილი საქმეების საფუძველზე ლევან თუმანიშვილი კიდევ უფრო რეალური ბრალდებით დაიბარონ საგამოძიებო ორგანოში. თუ თუმანიშვილს სერიოზული დარღვევები აღმოაჩნდება, ალბათ, მისი ლიცენზიის საკითხიც ეჭვქვეშ დადგება. თუმცა ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ შესასწავლია და სულაც არ გულისხმობს აჩემებას, რომ მაინცდამაინც ვიღაცას ლიცენზია წაართვან.

ამ გადასახედიდან ბიძინა გიორგობიანი არ ფიქრობს, რომ თავის დროზე ლევან თუმანიშვილის მიმართ ბრალდება სუსტი იყო, უბრალოდ, სუსტი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თორემ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დღესაც არ შეწყვეტილა. 

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შპს. ტაოს ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი დაკავებული იყო სწორედ ლიცენზირების დარღვევის გამო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა იგი გასული წლის 14 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი 210-ე მუხლით წარედგინა. მანამდე, შპს ტაოს ხელმძღვანელი ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე მოწმის სტატუსით დაკითხეს. თუმცა მოგვიანებით იგი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გაათავისუფლეს. მაშინვე ითქვა, რომ ჯანმრთელობის პრობლემებით სპეკულირება ლევან თუმანიშვილის მიერ სიმულაცია იყო.

მით უფრო, რომ ლევან თუმანიშვილი, თავის დაზღვევის მიზნით, ახალციხის ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, მოთავსებულ იქნა თბილისის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, სადაც მას ჩაუტარდა საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევა, მათ შორის, თავის ტვინის ტომოგრაფია. სამედიცინო გამოკვლევით არ დადასტურდა მისი ადვოკატის მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ ბრალდებულს დიაბეტი აწუხებდა და აღენიშნებოდა ასთმის ნიშნები. აღსანიშნავია, რომ, სანამ განხორციელდებოდა თუმანიშვილის დაკავება, სამართალდამცავების ინიციატივით, ბრალდებულს ახალციხის ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა ჩაუტარა კვალიფიციური სამედიცინო შემოწმება, სადაც მას ასევე არ დაუდასტურდა დიაბეტი.

თუმცა, ფაქტი ფაქტად დარჩა და თუმანიშვილი პასუხისმგებლობას მაშინ გირაოს საფასურად დაუსხლტა. კონკრეტულად, სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

დღეს ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, რომ ლიცენზიების კანონიერების პრობლემა არ დგას მხოლოდ სამცხე-ჯავახეთთან მიმართებით, ასეთივე რამ მოხდა იმერეთში, მთელი ტყეები გაიცა გრძელვადიანი სარგებლობისთვის. ასეთივე ლიცენზიები გაცემულია, ასევე, კახეთში, ახმეტაში, მცხეთა-მთიანეთში, ღულელების ტყის სახით, გარდა ამისა, ხაიშის სატყეო მეურნეობის სახით და სხვა. აღნიშნული ლიცენზიები გაიცემოდა კერძო პირებზე, როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე_უცხოელებზე. მათ უკან კი იდგნენ სხვა პირები, როგორც ეს ლევან თუმანიშვილის შემთხვევაში მოხდა. ამდენად, ბიძინა გიორგობიანის თქმით, ამ ადამიანებს სპეციალური სქემა ჰქონდათ შემუშავებული და საუკეთესო ტყეებით ხანგრძლივი ვადით სარგებლობდნენ, მაშინ, როცა მოგების მოტანა შეეძლოთ ამ ტყეებს.

„წინასწარი მონაცემებით და ჩვენს მიერ პროკურატურისთვის გადაცემული დასკვნით, ტყეთსარგებლობა დიდი დარღვევებით მიმდინარეობდა. ლიცენზიანტებს რამდენიც უნდოდათ, იმდენ ხეს ჭრიდნენ და, სადაც უნდოდათ, იქ ჭრიდნენ. მოგების ჩვენება კი არ ევალებოდათ სატყეო სამმართველოსთვის. ამიტომ დღესდღეობით ამ ლიცენზიანტების საქმიანობის შესწავლა საბაჟო დეპარტამენტთან ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ბიძინა გიორგობიანის თქმით, რატომაც ისეთი წარმოდგენები ჭარბობს, თითქოს ხე-ტყის ბიზნესში დიდი ფული კეთდებოდა, თუმცა ეს წარმოდგენები გადაჭარბებულია. ამ ეტაპზე მისთვისაც უცნობია კონკრეტული თანხა, რომლითაც მოგება ნახა წინა ხელისუფლებამ. თუმცა ფაქტია, რომ მათი დაინტერესება ხე-ტყის ბიზნესით იმ უბრალო მიზეზით იყო განპირობებული, რომ ნაციონალები ყველა ბიზნესს აკონტროლებდნენ და ვერც ამ სფეროს მიუშვებდნენ თავის ნებაზე. 

იმისთვის, რომ სატყეო ბიზნესი საქართველოში ველური ფორმით აღარ დარჩეს, ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, რომ სატყეო სფეროში რეფორმები ევროპული გამოცდილების საფუძველზე ჩატარდება. თავის დროზე კი ეს რეფორმები კახა ბენდუქიძის, ვანო მერაბიშვილის და სხვათა აქტიური ქმედებით ჩაიშალა.