„ოცნების“ კანდიდატს ნაცმოძრაობის კანდიდატთან შედარებით, ოთხჯერ მეტი რეიტინგი აქვს

„ოცნების“ კანდიდატს ნაცმოძრაობის კანდიდატთან შედარებით, ოთხჯერ მეტი რეიტინგი აქვს

ბიძინა ივანიშვილისთვის IRI-ის კვლევები საინტერესო არ არის. მას მიაჩნია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დიდი უპირატესობით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიგებს. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, მეორე ადგილზე ვერ გავა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რადგან მისი ავტორიტეტი ძალიან დაბალია ჩვენ ქვეყანაში. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მეორე ადგილზე გავა ნებისმიერი კანდიდატი, თუკი წამოაყენებენ ასეთ კანდიდატურას.

ბიძინა ივანიშვილის პროგნოზის მიუხედავად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 41% 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატს (გიორგი მარგველაშვილს) დაუჭერს, ხოლო 11% – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. ამავე გამოკითხვის მიხედვით, 5% მხარს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ გიორგი თარგამაძეს დაუჭერს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

გამოკითხულთა 9% კი მხარს არ უჭერს არცერთ კანდიდატს, ხოლო 14%-მა პასუხის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. ზემოხსენებული კვლევა აირაის დაკვეთით 17 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში გელაპმა და P&M-ჩაატარეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობა“. პარტია კანდიდატის გამოვლენის მიზნით პრაიმერის, ანუ შიდა არჩევნების ჩატარებას აპირებს. თუმცა ცნობილია, რომ ამ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და ნესტან კირთაძე. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, კენჭი იყაროს სალომე ზურაბიშვილმაც.

For.ge დაინტერესდა, არჩევნებამდე ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში რამდენად რეალისტურია IRI-ის დასკვნა, ხომ არ არის ნაცმოძრაობისთვის მინიჭებული ხმათა 11 % გადაჭარბებული, რადგან საზოგადოებაში „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, გაკოტრებულია და მისი, როგორც პარტიის, გადარჩენა-გაქრობის საკითხი დგას დღის წესრიგში.

ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ IRI-ის აღნიშნული კვლევა საკმაოდ რეალისტურია და დღევანდელ მოცემულობას ასახავს. მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი სრულიად მართალია, როცა აცხადებს, რომ ოცნების კანდიდატი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.

„ქვეყნისთვის არა მგონია, კარგი იყოს, რომ პირველსავე ტურში წარმატებებს მიაღწევს „ოცნების“ კანდიდატი, რადგან კანდიდატებს შორის შეჯიბრებითობა უნდა იყოს. მართალია, ნაცმოძრაობა გაკოტრებულია, მაგრამ ტელესივრცეში ისინი მაინც ჩანან და აქედანაა მათი 11%-ც. რა უნდა მოხდეს ოქტომბრამდე და როგორც არ უნდა გაუარესდეს „ოცნების“ მდგომარეობა, მის საწინააღმდეგოდ განწყობა მაინც არ შეიცვლება მოსახლეობაში. რაც უნდა კარგი კანდიდატურა იყოს არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, შეუძლებელია, „ქართული ოცნების“ რეიტინგი რადიკალურად შეიცვალოს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ჩვენს საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით ისედაც არ გამოირჩევა ამ კვლევის ჩამტარებელი IRI-ის ორგანიზაცია, ისევე, როგორც - NDI. ეს ე.წ. ავტორიტეტი კი წინა საპარლამენტო არჩევნებშიც კარგად გამოჩნდა. ახლანდელი კვლევის თანახმად კი, ყველაზე მკაფიო ისაა, რომ „ოცნების“ კანდიდატს ოთხჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს.

ექსპერტის აზრით, ანალოგიური შეფარდება მომავალშიც გაგრძელდება და „ნაცმოძრაობისთვის“ უარეს შემთხვევაში, შეიძლება, ბევრად მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს „ოცნების“ კანდიდატმა.

ამასთან ერთად, სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ისეთი ახალი კანდიდატურა გამოჩნდეს, რომელიც უფრო გაზრდის მის მაჩვენებელს.

ამის მიუხედავად, ექსპერტი აცხადებს, რომ, როგორც წესი, ამომრჩეველთა მხრიდან მონაწილეობის მიღების ინტერესი ასეთ არჩევნებში დაბალია, რადგან, როცა არავითარი კონკურენცია არ შეიმჩნევა და არჩევნებს გარანტირებულად იგებს უკვე დასახელებული კანდიდატი, ამომრჩეველში ეს მოულოდნელობის ეფექტს კარგავს. თუკი არჩევნებში უფრო კონკურენტული გარემო იქნება და რთული გახდება გამარჯვებულის პროგნოზირება, მაშინ არჩევნებისადმი ამომრჩევლის ინტერესი გაიზრდება.         

***

რაც შეეხება IRI-ის კვლევის სხვა შედეგებს, კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი, როგორც ინსტიტუციისადმი, მოსახლეობის ნდობის რეიტინგი 93%-ს შეადგენს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ეკლესიის მსგავსად, 93%-ანი ნდობის მაჩვენებელი აქვს საქართველოს არმიასაც. 

კვლევის მიხედვით, პოლიციას 88%% ენდობა, ქართულ მედიას და პარლამენტს - 81%, მთავარობას - 79%, განათლების სისტემას -  63%, პროკურატურას – 61%, სასამართლოს – 55%, ეროვნულ ბანკს – 50%, ომბუდსმენის ოფისს 49%. პოლიტიკურ პარტიებს - 46% ენდობა, 36% არ ენდობა, 18%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, პრეზიდენტის ოფისს 37% ენდობა, 52% არ ენდობა, ხოლო 11%-ს ამ საკითხზე მოსაზრება არ აქვს, გუბერნატორებს 32% ენდობა,  37% არ ენდობა, ხოლო 31% მოსაზრება არ აქვს.