უნდა აღინიშნოს რომ თუკი მსგავსი რამ მოხდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს სურთ პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს. მათ ერთმანეთი აშკარად ისევ სჭირდებათ. მედვედევი უფრო ახალგაზრდა და უფრო სუსტია და პუტინი მას ხელისუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება. პუტინს კი მედვედევი უცხოეთში რუსეთის რესპექტაბელური იმიჯის შექმნისა (და როგორც სჩანს პირველ რიგში ვაშინგტონში) და რუსულ ინტელიგენციაში იმედების შენარჩუნებისთვის სჭირდება, თუმცა გარემოებები მათ დაშლას აიძულებს.
მე არა მაქვს იმის პრეტენზია, რომ პუტინი-მედვედევის ურთიერთობების დეტალებში ვერკვევი, თუმცა როგორც ადამიანი, რომელსაც წარსულში რამდენჯერმე მომიწია მოსკოვის სახელისუფლებო თამაშებზე დაკვირვება, ვხედავ, რომ 2012 წლის მარტში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად კვლავ ვლინდება რუსული პოლიტიკის ორი მუდმივი ფაქტორი.
პირველი – რუს ლიდერებს არასდროს აქვთ აბსოლუტური ავტონომია. თითოეული მათგანის ირგვლივ კლიენტების უზარმაზარი ქსელია. იმ შემთხვევაშიც, თუკი თავად მედვედევი და პუტინი ზოგჯერ წასვლასა და დიდი დროის აგარაკზე გატარებას მოისურვებენ, მათი უახლოესი წრისთვის ეს ვარიანტი დაუშვებელი იქნება – ასეთ შემთხვევაში მათ ხომ ხელისუფლების ცენტრიდან განდევნიან და ისინი როგორც მატერიალურად, ასევე -პოლიტიკურად, იმაზე მეტს დაკარგავენ, ვიდრე მათი პატრონები. ამიტომ ვიდრე მედვედევი და პუტინი ყველა ხელსაყრელ მომენტში ერთმანეთს ურყევ ლოიალურობას ეფიცებიან, მათი ჩინოვნიკები ფარულ ომს აწარმოებენ. დღეს ორივე ბანაკის წარმომადგენლებისგან მოდის სიგნალები, რომ მათი კანდიდატი 2012 წელს პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის.
რუსეთი დემოკრატია არ არის, მაგრამ ის არც საბჭოთა კავშირია. იქ მოქალაქეებს საკმარისი საჯარო სივრცე აქვთ იმისთვის, რომ საკუთარი ლიდერების საქმიანობა შეაფასონ. დეკემბერში პუტინიც და მედვედევიც ვრცელ სატელევიზიო ინტერვიუებში მაყურებლის კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობდნენ. მედვედევისთვის ეს პუტინთან არაპირდაპირი შეჯიბრის შანსი იყო.
საოცარია ის, თუ რამდენად განსხვავებულ აქცენტებს სვამდნენ ისინი. პუტინი მაყურებელს ეკონომიკური მონაცემებით აბრუებდა, საუბრობდა წესრიგზე, ძლიერი სახელმწიფოს მნიშვნელობაზე და მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებზე, რომლის ჩატარებაც რუსეთში იგეგმება. ბორის ნემცოვს და მის მოკავშირე-ოპოზიციონერებს პრემიერ-მინისტრი მისთვის ჩვეული ირონიით გამოეხმაურა: „ისინი ქერის ორმოს მოაცილეს და ფული დაუმთავრდათ, ამიტომ [მათ] დაბრუნება და საკუთარი ჯიბეების გავსება უნდათ“. განაჩენის მოლოდინში მყოფი მიხაილ ხოდორკოვსკი პუტინმა ბერნარდ მეიდოფს შეადარა. „ჩვენ იმ ფაქტიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ხადორკოვსკის დანაშაული სასამართლოში დამტკიცდა“ – თქვა მან.
მედვედევი ნაკლებად ხისტად და უფრო წინდახედულად იქცეოდა, იურისტისთვის დამახასიათებელ სტილში. ის ხშირად იმეორებდა მის საყვარელ სიტყვებს „მოდერნიზაცია“ და „ინოვაციები“, რაც პუტინის ლექსიკონში არ შედის. ხოდორკოვსკის საქმეზე საუბრისას, მან ირიბად პუტინს უკბინა, როდესაც აღნიშნა რომ „არც პრეზიდენტს და არც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მსახურობს, განაჩენის გამოტანამდე ამ საქმეზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება არა აქვს“. ნემცოვს და სხვებს მან „ცნობილი პოლიტიკოსები“ უწოდა. „მათ მიმართ ხალხს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. თითოეულ მათგანს თავისი ელექტორატი ჰყავს, მაგრამ ისინი საჯარო ფიგურებიც არიან“ – დასძინა პრეზიდენტმა.
ასეთმა სხვაობამ ნაციონალური მასშტაბის ორი პოლიტიკოსის პრიორიტეტებში, ისეთ სისტემაში სადაც არ არსებობს სრულყოფილი ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია, შეიძლება საპრეზიდენტო დებატების მსგავსი რამ მოგვაგონოს. როგორც ჩანს, მედვედევი და პუტინი, საკუთარი სურვილის მიუხედავად ორ პოლუსად გადაიქცევიან, რომელთა გარშემოც გაერთიანდებიან რუსეთის მოქალაქეები. დაპირისპირება წარიმართება „რეფორმების მომხრეები კონსოლიდაციის მომხრეთა წინააღმდეგ“ მიმართულებით.
უფრო მშვიდ დროში ეს სერიოზულ პრობლემებს არ შექმნიდა, ისევე როგორც ბრეჟნევის პოლიტბიუროში არ ქმნიდა განსხვავებული შეხედულებები პრობლემებს, თუმცა დისტანცია ორ ლიდერს შორის ნელ-ნელა გაიზრდება რუსული პოლიტიკის მეორე მუდმივი ფაქტორის გამო, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ რუსული „სტაბილურობა“ არასდროს არ არის ისეთი სტაბილური, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. პაქტს, რომელიც პუტინმა ათი წლის წინ ამომრჩევლებთან გააფორმა, ძალა გასდის. რუსეთის რიგითი მოქალაქეები მთელ რიგ საკითხებზე გამოთქვამენ უკმაყოფილებას – ხიმკის ტყეზე გზის მშენებლობით დაწყებული, მილიციის კორუფციითა და გზებზე გაურკვევლობებით დამთავრებული. მარტო ბოლო თვეში ორი კრიზისი წარმოიქმნა – ანტიკავკასიური არეულობების და აეროპორტების მუშაობაში შეფერხებების გამო. ეკონომიკა მყარად ვერ ვითარდება და კვლავ ზედმეტად არის დამოკიდებული ნავთობითა და გაზით ვაჭრობაზე, რაზეც თავად მედვედევიც ხშირად საუბრობს. 2011 წელს უფრო გახსნილი მედვედევი განწირულია იმისთვის, რომ გახდეს ყველა ამ პრობლემებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უკმაყოფილების ერთგვარი მეხამრიდი და ბევრი მას (საკუთარი სურვილის მიუხედავად) მხარს დაუჭერს, როგორც დღევანდელი სტატუს ქვოს ოპოზიციონერ ლიდერს.
ეს ყველაფერი პუტინზე მაშინ იქონიებს გავლენას, როდესაც ის მარტო მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა უნდა უყოს მის ძველ მეგობარს და 2012 წლის არჩევნებს. მას ჯერ კიდევ საკმარისი ძალაუფლება აქვს იმისთვის, რომ ტანდემს ისე მოექცეს როგორც საჭიროდ ჩათვლის, თუმცა ის აღარ იქნება უკონკურენტო ხელისუფალი, როგორც ამას შეეჩვია.
[foreignpress.ge]